მოვლენების ასეთი განვითარება კი XXVII ტურის შედეგებმა განაპირობა; იმ ტურმა, გოლების სიმწირით რომ გამოირჩა; ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი რომ გაგვიცრუა; რამდენიმე დასამახსოვრებელი ფაქტი რომ მოხდა (უპირველეს ყოვლისა, ზოგი გუნდის მიერ "სამართლიანი თამასის" პრინციპების დაცვას ვგულისხმობთ) და, რაც მთავარია, სწორედ ამ ტურის მერე შეგვიძლია თითქმის 99,99 პროცენტით
მზადება საჩემპიონო ზეიმისთვის
...5 მარტი იყო, "დილამ" სტუმრად ბათუმის "დინამოსთან" რომ წააგო და აი, იმის მერე ახალგაზრდა სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ცხრათამაშიანი სერია შემოგვთავაზა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოქროს მედლების ურეალურესი კანდიდატია! თანაც, გორელთა გუნდმა ერთი კონკურენტი უკვე, ფაქტობრივად, ჩამოიშორა: თბილისის "დინამომ" დარჩენილი სამივე მატჩი რომც მოიგოს და "დილამ" კი ამ სამ შეხვედრაში 3 ქულა მოაგროვოს, უპირატესობა "დილას" მხარეს იქნება (ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე).
აი, რაც შეეხება მეორე (უფრო ზუსტად, ერთადერთ) კონკურენტს, ბათუმის "დინამოს" "გარანტირებული" 3 ქულა კი აქვს ("ზესტაფონთან"), მაგრამ სხვა ორი დარჩენილი მატჩის მოგებაც მართებს და ამავდროულად, "დილამ" უნდა დაკარგოს ქულები.
არადა, დღევანდელი "გადასახედიდან", მოვლენების ასეთი განვითარება წარმოუდგენლად მიგვაჩნია: დარჩენილ სამ მატჩში 5 ქულაც და გორელთა გუნდი კონკურენტებისათვის მიუწვდომელი იქნება; ეგ კი არა, უკვე ხვალ, 13 მაისს, შეიძლება, რომ ყველაფერი გადაწყდეს: "დილამ" რომ გაიმარჯვოს და ბათუმის "დინამომ" კი ქულები დაკარგოს, გორში დიდ საჩემპიონო ზეიმს წინ რაღა უნდა დაუდგეს?!
მოდებაძის სამმაგი სტიმული
ზედიზედ სამი მატჩია, "დილა" მოედანს გამარჯვებული ტოვებს და ამ სამივე შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია გუნდისა და საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, 30 წლის ირაკლი მოდებაძეს, რომელსაც სეზონის ბოლომდე სამმაგი მოტივაცია ექნება! გამოცდილი ცენტრფორვარდი ძალიან ახლოს არის, რომ პირველად გახდეს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ზედიზედ მეორედ მოიპოვოს ოქროს მედალი და ამას გარდა, სერიოზული პრეტენზიაც უნდა ჰქონდეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზეც.
შეგახსენებთ, რომ მოდებაძე უკვე 3 გოლით უსწრებს საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უახლოეს კონკურენტს, გიორგი პაპუნაშვილს და დარჩენილ მატჩებშიც, ვეჭვობთ, რომ ეს უპირატესობა გაფლანგოს.
იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ძალიან ხშირად მომხდარა, როცა სეზონის საუკეთესო მოთამაშე სწორედაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარა; ასე იყო თავის დროზე ზურაბ იონანიძის (თანაც - ორჯერ), ზაზა ზირაქიშვილის, ლევან მელქაძის, სანდრო იაშვილის, ანდერსონ აკინოს, ჯაბა დვალისა და ჩისკოს შემთხვევებში და ვნახოთ, ახლა როგორ იქნება.
და ისევ "დილაზე": "კოლხეთთან" მატჩში გორელთა გუნდში პირველად გამოჩნდნენ ზამთრის პაუზის მერე დამატებული "ცნობადი" და ტრავმამოშუშებული ახალწვეულები, 27 წლის გიორგი ხიდეშელი და 26 წლის ირაკლი ძარია.
ფრე ორივე გუნდის... სასარგებლოდ?
სამწუხაროდ, XXVII ტურის ცენტრალური მატჩი "ზომაზე მეტად" უინტერესო და მოსაწყენი გამოდგა და არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი უმაყურებლო ტრიბუნებიც ყოფილიყო; არადა, ბათუმის "დინამოსაც" და თბილისის "დინამოსაც" საკმარისზე მეტი სატურნირო მოტივაცია უნდა ჰქონოდათ, მაგრამ, ფაქტობრივად, უმომენტო შეხვედრაში ერთადერთს მხოლოდ დაძაბულობას თუ გამოვარჩევდით. ეგ კი არა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩებოდა ვინმეს, თითქოსდა ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა; ანუ ორივე გუნდის ფეხბურთელები თითქოსდა შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ საჩემპიონო შანსები დაკარგული იყო და "აქტუალურ თემად" მეორე-მესამე ადგილების "გადანაწილებაღა" რჩებოდა.
ამ მხრივ კი, ფრე ორივე გუნდისთვის "მისაღები" შედეგი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ IV ადგილზე მყოფ "ცხინვალთან" (რომელსაც ადვილი კალენდარი აქვს) ქულათა სხვაობა გაზარდეს.
მხოლოდ თასის იმედად?
ბოლო სამ მატჩში "სამტრედიამ" მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და ამის გამოც საგრძნობლად გაირთულა საქმე IV ადგილის დასაკავებლად; იმის გარდა, რომ უშუალო კონკურენტს, "ცხინვალს" უკვე 6 ქულით ჩამორჩება, "სამტრედიას" კალენდარიც უფრო რთული აქვს. ანუ, ძალიან დიდი ალბათობით, ზაზა ზამთარაძის გუნდს ევროტურნირებზე მოსახვედრად ერთადერთი გზა რჩება: თასის ფინალში გამარჯვება, თანაც ისეთ მეტოქესთან, სეზონის უტიტულოდ დარჩენა რომ ემუქრება...
ბოლო ტურში "სამტრედია" თავის ძველისძველ მეტოქესთან, "გურიასთან" დამარცხდა; არადა, ერთი შეხედვით, "გურიას" დარჩენილ მატჩებში არანაირი მოტივაცია აღარ უნდა ჰქონდეს. გამოცდილი თავკაცის, გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით, ლანჩხუთელებმა ზედიზედ მეორე უხვგოლიანი მატჩი ჩაატარეს და, რაც მთავარია, ორჯერვე მოიგეს.
ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი 24 წლის ვილი ისიანმა, დანარჩენი გოლები კი ლეგიონერებმა გაიტანეს - უკრაინელებმა, დმიტრო ზოზულიამ და იური შეველმა (ორივესთვის სადებიუტო გოლები საქართველოს ჩემპიონატში).
ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ 26 წლის ზოზულიამ ჯერ მეტოქის კარი დალაშქრა ეფექტური თავური დარტყმით, მერე კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა!
აი, რაც შეეხება იური შეველს, 27 წლის შემტევმა შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა გოლი და ამ საინტერესო მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
დე-იურე გადარჩენილნი...
ამ ტურამდეც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, რომ "კოლხეთს", "მერანსა" და "ზუგდიდს" მეტ-ნაკლებად მშვიდი ფინიში ელოდათ; ახლა კი ყველაფერი "იურიდიულად" გაფორმდა და უკვე გადაწყვეტილია, რომ სამი გუნდიდან ("მეტალურგი", "სიონი", "ვიტ ჯორჯია") ერთი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობება, ერთი - გადათამაშებაში მოხვდება, ერთიც - "ამოისუნთქავს". შანსებზე ლაპარაკი ჯერჯერობით უადგილოა, მით უფრო, რომ ხვალ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები: "მეტალურგი"-"ვიტ ჯორჯია".
ცაციების ტური
შედეგიანობის თვალსაზრისით, ლამის სეზონის ანტირეკორდი დამყარდა, თუმცა ნამდვილად გამოსარჩევი იყო ის ფაქტი, რომ თავი გამოიჩინეს ამპლუით მარცხენა მცველებმა: 23 წლის დავით მეგრელიშვილმა ("ზუგდიდი"), 25 წლის ლაშა ჩიკვაიძემ ("ჩიხურა") და 22 წლის ნოდარ კიკნაველიძემ ("მერანი"). თანაც, ამ უკანასკნელმა საერთოდაც პირველი გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში.ამ ტურში კიდევ ერთი ფეხბურთელის გარჯა გვინდა გამოვარჩიოთ: "ტორპედოს" 27 წლის ფორვარდმა ვახტანგ კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლ(ებ)ი და ორჯერვე შეცვლაზე შემოსულმა.
სამართლიანი თამაშის პრინციპით...
ქართულ საკლუბო ფეხბურთში ამ ბოლო დროს ნამეტნავად ბევრი სიბინძურე მოხდა და შორს რომ არ წავიდეთ, წინა კვირის გახმაურებული ამბებიც, ვეჭვობთ, ასე მალე დავიწყებოდა ვინმეს; თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ნამდვილად არ არის გარეული სიბინძურეში და ამის ნათელი დადასტურება იყო ბოლო ტურში დაფიქსირებული სამი მატჩის შედეგიც! ჰო, უკვე ის გვიკვირს, ამა თუ იმ გუნდ(ებ)ს ქულები ჰაერივით რომ სჭირდებათ, სწორედაც ის გუნდ(ებ)ი რომ მარცხდებიან უმოტივაციო მეტოქეებთან შეხვედრებში.
...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "მერანს" უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე არ ემუქრებოდა, ისე, როგორც "ტორპედოსა" და "შუქურას", მაგრამ ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ამ სამივე გუნდმა სამართლიანი თამაშის პრინციპებს არ უღალატა და თავიანთთვის უმოტივაციო მატჩები მოიგო...
უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
დილა-კოლხეთი 1:0[VIDEO]
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:0 [VIDEO]
გურია-სამტრედია 3:1 [VIDEO]
ტორპედო-სიონი 1:0 [VIDEO]
მერანი-მეტალურგი 3:0
ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1
ზუგდიდი-ჩიხურა 1:1
ცხინვალი-ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"