მერანი-მეტალურგი 3:0 - დამსახურებული გამარჯვება

AutoSharing Option
მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ საინტერესო თამაში უნდა ყოფილიყო. გახსნილი ბრძოლის პირობებში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.

ცხადია, "პირველ ნომრად" "მერანი" თამაშობდა, თუმცა "მეტალურგი" დაცვაში არ ჩამჯდარა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნა - მაგალითად, ციცქიშვილის დარტყმა, რომელიც მეკარე მამალაძემ კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ მარტვილელებმა ხელთ იგდეს უპირატესობა. ჯერ აკაკი წყაროზიას დარტყმული ასცდა კარს, მოგვიანებით კი დათა ციცხვაიას ორჯერ შეეძლო გატანა. პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო ათიოდე წუთში ლევან გეგეჭკორის უზადო გადაცემა ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს ციცხვაიამ შესანიშნავად მოძებნა გეგეჭკორი,
თუმცა ამ უკანასკნელს მიზანმა უმტყუნა.

მარტვილელები მეორე ტაიმშიც დომინირებდნენ. აქტიურად ჩაერთო თამაშში აკაკი შულაია, რომელმაც სულ რაღაც სამ წუთში მეკარე ნადირაძეს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

ამის შემდეგ სტუმრები "აიჭრნენ", მათ მოქმედებაში დაბნეულობა და ქაოსი შეიმჩნეოდა, რითიც მშვენივრად ისარგებლა ციცხვაიამ, რომელმაც თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ცხადი გახდა, რომ "მეტალურგი" თამაშს ვერ გადაარჩენდა, თუმცა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. რამდენჯერმე რუსთაველები კარგ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა, რატომღაც, კარში დარტყმას პასის გაკეთებას ამჯობინებდნენ.

მასპინძელთაგან აღნიშვნის ღირსნი არიან გოგი ფიფია და შეცვლაზე შესული ვაჟა ქიქავაც. სხვათა შორის, ქიქავა პროგრესირებადი, ნიჭიერი ახალგაზრდაა. ის თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და სეზონის ბოლომდე "მერანში" იჯარით თამაშობს...

მერანელებმა მესამე გოლი 76-ე წუთზე გაიტანეს - ნოდარ კიკნაველიძემ სოლო-რეიდი განახორციელა, გზადაგზა რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და გამოზომილი დარტყმით ნადირაძეს შანსი არ დაუტოვა.

"მერანმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვნად დაწინაურდა, ხოლო "მეტალურგის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

მატჩის შემდეგ
ვლადიმირ ლობასი (მერანი): "კარგი მატჩი გამოვიდა, უამრავი მომენტი შევქმენით. შეგვეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო... კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, მთელ რაიონს ვულოცავ ამ გამარჯვებას".

ვარლამ კილასონია (მეტალურგი): "რთულ სიტუაციაში ვართ. უკვე დავიღალეთ წუწუნით. ფაქტობრივად, ბედის ანაბარა მიგვატოვეს. ელემენტარული პირობები არ გვაქვს, ამ ფონზე კი ვერავის ვერაფერს მოსთხოვ. არ ვიცით, რა იქნება მომავალში".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
08.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 შულაია (48), 2:0 დ. ციცხვაია (50), 3:0 კიკნაველიძე (76)
მერანი (4-5-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე (65. ქიქავა), კიკნაველიძე - გეგეჭკორი, წყაროზია, ჯღამაია (46. შულაია), ფონიავა, ფიფია - დ. ციცხვაია (69. ს. ლომია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გეგია, ი. ციცხვაია, წურწუმია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
მეტალურგი (4-4-1-1): ნადირაძე - კილასონია (53. ოქროპირიძე), ჩიკვაიძე, შუშიაშვილი (46. პაქსაშვილი), ნოზაძე, სარიშვილი, ბიწკინაშვილი (78. მიქაუტაძე), ციცქიშვილი, ბარამიძე - ბერუაშვილი - ბროლაძე.
სათადარიგოები: ბედიაშვილი, მინდორაშვილი, მიქელაძე, გულუა
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ციცქიშვილი (44), ჩიკვაიძე (90)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული