"დილამ" ტიტული მოიგო, მისი ლიდერი ირაკლი მოდებაძე კი ჯერაც იბრძვის პერსონალური ტიტულისთვის - XXIX ტურის წინ 31 წლის ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლით...
- გილოცავთ "დილას" პირველ ჩემპიონობას! რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და "სიონი"-"ბათუმის" მატჩის შედეგი გაიგეთ?
- პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია! ჩემთვის ეს არ არის პირველი საჩემპიონო ტიტული,
გორი, აქაური გულშემატკივარი, იმსახურებს ამ ჯილდოს. ყველამ კარგად ვიცით, რა გადაიტანა ამ ქალაქმა, საერთოდ - ამ მხარემ. მინდა, ყველა გორელს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.
- როგორ აღნიშნეთ ტრიუმფი? ალბათ, ფეხბურთელებმაც მიეცით თავს ცოტაოდენი "მოდუნების" უფლება...
- როცა სამტრედიიდან ვბრუნდებოდით, გზაში აღვნიშნეთ ჩემპიონობა, მერე, გორში რომ ჩამოვედით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ გულშემატკივრებმა ჩვენი ავტობუსი სტადიონამდე მიაცილეს. დიდი ზეიმი იყო გორში...
ისე, ორი მატჩი დარჩა და ისინიც მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა "დილას" ჩემპიონობა?
- ალბათ, ყველაზე მეტად იმან, რომ როცა გუნდს უჭირდა, ერთ მუშტად შევიკარით და მოსაგები თამაშები მოვიგეთ. მერე უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია. მაშინ მოპოვებულ ქულებს კი ოქროს ფასი დაედო. გახსოვთ, ალბათ - შეგვეძლო, პირველ წრეც ცხრილის სათავეში დაგვესრულებინა.
ერთსაც ვიტყვი - გორში ძალიან საფეხბურთო გარემოა. აქ ყველა ფეხბურთზე ფიქრობს და ლაპარაკობს - ქალაქის მერი, კლუბის ხელმძღვანელობა... თუ მაინც ერთი სიტყვით უნდა ვთქვა, რამ მოიტანა ჩვენი ჩემპიონობა - სტაბილურობამ!
ფოტოზე: ირაკლი მოდებაძე თანაგუნდელებთან ერთად სამტრედიაში მოგებული მატჩის შემდეგ
- ირაკლი, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ "დილა" ერთი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე?
- არა, ასე არ ვიტყოდი. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავდა - თბილისისა და ბათუმის "დინამოები", "სამტრედია", "ჩიხურა", "ცხინვალი"... კარგი გუნდია "ტორპედოც". მოკლედ, დიდი ბრძოლა დაგვჭირდა.
- 25 წლის მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონი რომ ხდება, ეს ვერაფრით ჩაითვლება რიგით მოვლენად. რა არის უჩა სოსიაშვილის მთავარი სამწვრთნელო ღირსება?
- გამოვარჩევდი ერთს: უჩა არასოდეს ხდება თავისი გადაწყვეტილების "მძევალი". მას შეუძლია, მატჩის მიმდინარეობისას არაერთხელ გადააწყოს გუნდი, შეცვალოს სათამაშო მონახაზი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მის გაწვრთნილ გუნდში ვთამაშობ - უჩა სოსიაშვილის სახით საქართველოს ძლიერი სპეციალისტი ეზრდება.
- როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევს "დილა" ჩემპიონთა ლიგაზე?
- ჩემი აზრით, ამ ფორმაციის "დილასაც" შეუძლია, წარმატებით ითამაშოს ევროთასებზე. როგორც ვიცი, იგეგმება გუნდის გაძლიერება და ჩვენ წინაშე სერიოზული ამოცანები დადგება. მჯერა, შევძლებთ ევროასპარეზზე საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას.
ისე, ევროთასებზე საჭიროა ცოტა მეტი იღბალი - ვგულისხმობ, ხელსაყრელ წილისყრას.
- როგორ უყურებთ თქვენს შესაძლო ბომბარდირობას? ახლა ანგარიშზე 14 გოლი გაქვთ. ორი ბურთით უსწრებთ უახლოეს მდევარს, დინამოელ გიორგი პაპუნაშვილს...
- გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი - ჯერ გუნდის შედეგს ვუყურებ და მერე პირად სტატისტიკას. ისე, ნებისმიერი თავდამსხმელის სურვილი და ოცნებაა ბომბარდირობა. ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მიხარია, უდიდესი შრომა რომ დაგვიფასდა" - უჩა სოსიაშვილი ისტორიაში შევიდა
დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]