ამბიციური ხუთეულის სამზადისი

AutoSharing Option
თვეზე ნაკლები რჩება საქართველოს ჩემპიონატის განახლებამდე - 12 თებერვალს გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება; მანამდე კი უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობამ საახალწლო-საშობაო "არდადეგები" უკან მოიტოვა და მეორე ეტაპისათვის მზადება დაიწყო.

რა თქმა უნდა, მზადება ყველას არაერთგვაროვანი რომ ექნებოდა, ამას ბევრი მარჩიელობა არც სჭირდებოდა: სატურნირო ცხრილში პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდები ინტენსიურ ვარჯიშებსა და საკონტროლო მატჩებს ჯერ ადგილზე ატარებენ, მერე კი უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრებიან; გუნდების მეორე კატეგორია (ეგრეთ წოდებული, საშუალო ფენა) საქართველოს შავიზღვისპირეთს მიაშურებს და რჩება ორი-სამი გუნდი, რომელთა მომავალიც დღეისთვისაც ბუნდოვანია.

გადამწყვეტი ეტაპისათვის
მზადებისა არ იყოს, "სატრანსფერო ბაზარზე" უმაღლესი ლიგის გუნდების აქტიურობაც არაერთგვაროვანია: ზოგი მნიშვნელოვნად ძლიერდება, ზოგი ძველ შემადგენლობას ინარჩუნებს, ხოლო ზოგიერთ კლუბში (საბედნიეროდ, უმცირესობას ვგულისხმობთ) ჯერ ისიც არ იციან, გუნდში რა კონტიგენტი ეყოლებათ. ყოველივე ზემოთქმულის "ანარეკლია" ჩვენი "სატრანსფერო ცხრილიც", - პირველი ეტაპის დასრულებიდან მეორედ რომ გვინდა შემოგთავაზოთ.

"სატრანსფერო მიდი-მოდი" პირველად 23 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ და იმდროინდელთან შედარებით ამჯერად ბევრ სიახლესაც ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, აშკარად თვალშისაცემია, მეორე ეტაპზე თუ როგორი სახეშეცვლილი შემადგენლობა ეყოლებათ თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს". თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბოლო წლებში ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის დამახასიათებელი "სატრანსფერო ზღაპრები": ამა თუ იმ გუნდში გასასინჯად უცხოელებს ჩამოიყვანენ და სპორტულ მედიაშიც "ერთი ამბავი" ატყდება ხოლმე. სინამდვილეში კი, აღმოჩნდება, რომ ფართოდ რეკლამირებული ეს უცხოელი ფეხბურთელები ჩვენებურებს არათუ ვერ სჯობიან, საერთოდაც, სპორტის ამ სახეობასთან "მწყრალად" არიან.

რა თქმა უნდა, ამას ყველა პოტენციურ ლეგიონერზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ წინა სეზონთან შედარებით საქართველოს ჩემპიონატში უცხოელ ფეხბურთელთა რიცხვი შესამჩნევად შემცირდა; უფრო მეტსაც ვიტყვით: XXII ჩემპიონატში დებიუტი არც ერთ ლეგიონერს ჰქონია და იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ორ ქართულ გუნდში ამ დროისათვის ცხრა უცხოელი ფეხბურთელი ისინჯება, ნურავის გაუკვირდება, თუ ყველა მათგანს მალევე დაემშვიდობებიან.

პირველი ეტაპის გამარჯვებულმა "ზესტაფონმა" მზადება ადგილზე დაიწყო და როგორც უკვე "ტრადიციად" იქცა, გუნდი უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრება. თანაც, ისე როგორც წინა წლებში, გია გეგუჩაძის გუნდი ამჯერადაც ევროპის ცნობილ კლუბებთან ჩაატარებს სპარინგ-მატჩებს და არც ის ფაქტია უმნიშვნელო, რომ ესპანურ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" ამჯერადაც იასპარეზებს მარბელას პრესტიჟულ ტურნირზე. სხვათა შორის, არც ის გაგვიკვირდა, "ზესტაფონიდან" რომ ჯერჯერობით არავინ წასულა; ეგ კი არა, რამდენიმე ახალწვეულის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ და ამჯერად გუნდში მხოლოდ ორი ხორვატი ფეხბურთელი (გორან გრუიცა, მარინ ვუჩიმოლივიჩ-გრგიჩი) იმყოფება სინჯებზე.

უფრო ადრე დაიწყო მზადება ქვეყნის ჩემპიონ "ოლიმპმა" და დებიუტანტი მწვრთნელის, თორნიკე მაისურაძის გუნდმა ერთი საკონტროლო მატჩის ("სიონთან" - 1:3) ჩატარებაც მოასწრო. "ოლიმპი" ერთ კვირაში თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე და ეს ფაქტი მართლაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: კლუბის ხუთწლიან ისტორიაში, თუ არ ვცდებით, მხოლოდ მეორე შემთხვევაა, მოსამზადებელ ეტაპს გუნდი უცხოეთში რომ გაივლის. ისიც "უცნაურია", რომ "ოლიმპში" განსაკუთრებული ცვლილებები (ამ ეტაპზე) არ მომხდარა: ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთაგან გუნდიდან მხოლოდ გრიგოლ ჭანტურია და გიორგი ბერიშვილი წავიდნენ, ხოლო პოტენციურ ახალწვეულთა შორის გელა ხუბუა და გიორგი მოდებაძე უნდა ვახსენოთ.

თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ეტაპის დაწყებამდე "ოლიმპში" არაერთ ცვლილებას ვიხილავთ.

აი, "დინამო" ბოლოს როდის იყო "სატრანსფერო ბაზარზე" ასეთი აქტიური, ვეღარც გაგვიხსენებია. თითქმის ასი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია უპატრონებს და ეს კი იმის წინაპირობაა, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბსა თუ მოთამაშეებს ფეხბურთის გარდა სხვა საფიქრალი არაფერი ჰქონდეთ.

უმთავრესი ცვლილება სამწვრთნელო შტაბს შეეხო: მთავარ მწვრთნელად კვლავაც კახა კაჭარავა იმუშავებს, ვისაც ამიერიდან ზაურ სვანაძე მიეხმარება; სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ კაჭარავას მსგავსად, მშობლიურ კლუბს ხანმოკლე პაუზის შემდეგ შოთა კაშია დაუბრუნდა; ზუგდიდის "ბაიადან" ორი პერსპექტიული ფეხბურთელის (თორნიკე ზარქუა, ნიკა კვკევესკირი) დამატებაც კლუბისთვის წარმატებულ ტრანსფერად უნდა შეფასდეს, ისე როგორც ბოლო დროს უცხოეთში მოასპარეზე მოთამაშეების (დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გიორგი ციმაკურიძე) "დინამოში" ჩამოყვანა. აი, რაც შეეხება გუნდში სინჯებზე მყოფ უცხოელებს (დანიელ ოდონელი, კრის ბრაიტი, სემი დერასი, ანდრეა ტოდოროვი, პანჩე კუმბევი, მარკო მაროვიჩი, მარკო ევტიჩი), ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ამათგან რომელი გააგრძელებს კარიერას საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა, "დინამოს" დანაკლისიც აქვს, თანაც, სოლიდური (ამ შემთხვევაში "ხარისხს" ვგულისხმობთ, და არა - რაოდენობას): კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა დავით მუჯირს, რუსულ პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას მათე ვაწაძე, ხოლო ლევან ხმალაძე უკრაინულ "ზარიაში" ცდილობს მოწყობას.

ზემოთნახსენები სამი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობისათვის იბრძოლებს, აი, "ვიტ ჯორჯიას" კი ძირითადი აქცენტი, ალბათ, თასის გათამაშებაზე ექნება აღებული. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელებენ კარიერას "ვეტერინართა" შემადგენლობაში შემორჩენილი სამი გამოცდილი ფეხბურთელი: დავით ლომაია, ჯაბა ლიპარტია და ირაკლი კლიმიაშვილი.

მატებას რაც შეეხება, "ვიტ ჯორჯიამ" არც ამჯერად უღალატა საკლუბო პოლიტიკას და მეორე ეტაპისათვის პირველი ლიგიდან ყველასათვის უცნობი ჭაბუკი ფეხბურთელები (ლაშა გაბრიჭიძე, გიგა ჯუღელი, ილია ქავთარაძე) დაიმატა, პლუს "ტორპედოდან" დაიბრუნა ახალგაზრდა შემტევი მიხეილ როსტიაშვილი.

ისე, "ტორპედო" ვახსენეთ და, ალბათ, უპრიანიც იქნებოდა, რომ ამ ეტაპისათვის სატრანსფერო სიახლეებზე საუბარი სწორედ ქუთაისური გუნდით დაგვეწყო. აი, აქ არის ცვლილებები, თუ არის: "ტორპედომ" ქართულ "სატრანსფერო ბაზარზე" მართლაც რომ საგრძნობლად იაქტიურა და ყოველივე ეს, ამ გუნდის ქომაგებს განსაკუთრებულ ოპტიმიზმსაც უტოვებს. რაც მთავარია, ახალწვეულთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გუნდის შემტევი პოტენციალი უნდა გააძლიეროს: პირველ ეტაპზე "ტორპედოს" ყველაზე მეტი პრობლემა ხომ წინა ხაზში ჰქონდა. ქუთაისური გუნდის ახალწვეულები არიან: გრიგოლ დოლიძე, ლუკა გუგუჩია, ლევან ქებაძე, ლევან ბაკურაძე, დავით კირკიტაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (ნახევარმცველები), გიორგი მეგრელაძე, რევაზ გოცირიძე (ფორვარდები). ისიც სასიამოვნო სიახლეა, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს უბრუნდება გიორგი სეთურიძე - ეს სწრაფი მარჯვენაფლანგელი გია გიგატაძის გუნდს რომ დიდად გამოადგება, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ისე როგორც იმაში, რომ მეორე ეტაპზე "ტორპედო" საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

როგორც შეამჩნევდით, დღეს მხოლოდ ის ხუთი გუნდი ვახსენეთ, მეორე ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ამბიციური მიზნები რომ ექნებათ; დანარჩენ ხუთეულზე კი - "ლელოს" შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




.



მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია რომ 10 გუნდიან ჩემპიონატში 5 გუნდია ამბიციური, მაგრამ დანარჩენი 5 რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა მგონი უნდა გაამახვილოთ ყურადღება , ჩემი თხოვნაა თქვენ გახდეთ პიონერები იმ ჟურნალისტური ბუმისა რაც საქართველოში ფეხბურთისკენ მოახედებს ამ მთავრობას , ის რომ სამტრედიაში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და ფეხბურთი მოკლეს , და მიზეზად გვიცხადებენ რომ ახალგაზრდების მოყვანა გვინდა გუნდშიო 22 წლის ძაგანია გაუშვეს რომელიც საქართველოშI მინიმუმ მესამე მეკარეა, და 35 წლის ფეხბურთელები დატოვეს , რა გუნდის გაახალგაზრდავებაზეა ლაპარაკი სამტრედიის მიგუდვა უნდათ იმიტო რო ზედმეტი ვართ იმერეთში 3 კლუბი ბევრიაო ,ზაზა ადეიშვილი გაუშვეს , ადამიანი რომლებმაც მინიმალური ხარჯებით გუნდი უმაღლესში შეინარჩუნა და არაფრით უფინანსოთ მათხოვრობით ხან ვის ესესხა ხან ვის ისე მოყავდა ეს გუნდი , და მოიყვანეს არაკვალიფიციური კადრი , ჩვენ სამტრედიელი ქომაგი გპირდებით სახალხოთ რომ თუ 12 თებერვლამდე მდგომარეობა არ შეიცვალა , ახალ ხელმძღვანელობას ჯოჯოხეთს მოვუწყობთ , და რუსთავი 2 და პირველი არხის კიარა CNN ის მთავარ ნიუსად გავა, მინდა გავაფრთხილო ახალი ხელმძღვანელობა გონს მოეგოს , უკვე შეკრებილებიც ვართ ქომაგები და დაგეგმილიც გვაქვს სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში რამოგელით!
SAMTREDIELI
13:21 16-01-2011
0
ლევან ქებაძე არა!!!!! ლაშაა ეგ ქებაძე!
BIZ-001
12:48 16-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული