მშვენიერი განწყობა ფინალისთვის
კარს მომდგარი თასის ფინალის შემდეგ იმ გუნდის ვინაობასაც შევიტყობთ, ევროპის ლიგაზე მეორე ეტაპიდან რომ ჩაერთვება. მანამდე კი ორივე ფინალისტმა მშვენიერი განწყობა შეიქმნა ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ და გამარჯვების გარდა, ეფექტური გოლებითაც გაახარა თავისი ერთგული გულშემატკივრები. აწ უკვე ექსჩემპიონმა თბილისის "დინამომ" 3 ლამაზი გოლი გაიტანა უმოტივაციო "ჩიხურას" კარში: 19 წლის გიორგი პაპუნაშვილისა და 26 წლის ლაშა თოთაძის "სტანდარტულებიც" ერთიმეორეზე უკეთესად შესრულებული იყო და 21 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილის მორიგი გოლიც.
აი, ასეთი წარმატებული აღმოჩნდა "დინამოში" ათწლიანი პაუზის მერე გია გეგუჩაძის
თუმცა ამ მოგებით "დინამო" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, აი, მეორე ფინალისტი "სამტრედია" (სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტობას რომ ვუწინასწარმეტყველებდით) კი VI ადგილზე გავიდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თასის ფინალის წინ "სამტრედიამაც" კარგი განწყობა შეიქმნა და უსიამოვნო სერიაც დაასრულა: ზაზა ზამთარაძის გუნდს ხომ ჩემპიონატში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
და აი, ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "სამტრედიამ" უხვგოლიან და უმოტივაციო მატჩში "მერანს" მოუგო (4:2). აღსანიშნავია, რომ 29 წლის სანდრო გურულმა და 22 წლის ლეონარო რამოსმა ამ სეზონში პირველი გოლები გაიტანეს, ტრავმამოშუშებულმა 25 წლის გიორგი გაბედავამ კი თითქმის რვათვიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი.
"სამტრედიის" კიდევ ერთ ფეხბურთელზე კი ცალკე უნდა ითქვას: 37 წლის ალექსანდრე იაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.
ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულ ვეტერანს, ალექსანდრე იაშვილს ეროვნულ ჩემპიონატში 99 მატჩში 86 გოლი აქვს გატანილი - დაგვეთანხმებით, რომ პროცენტულად მართლაც მშვენიერი შედეგია!
ჩემპიონი და სამართლიანი თამაში
საზეიმო განწყობა სუფევდა 22 მაისს გორში: მშობლიურ ქალაქში, ერთგული ქომაგების წინ "დილა" ხომ ჩემპიონის რანგში უნდა წარდგენილიყო!ჰოდა, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა "დილამ" ამ საზეიმო დღეს საჩემპიონო თამაშიც უჩვენა და სეზონიც გამარჯვებით დაასრულა. ეს დღე განსაკუთრებული იყო ირაკლი მოდებაძისათვის: 30 წლის ცენტრფორვარდმა "დუბლი" (მეოთხე - ამ სეზონში) შეასრულა და 16 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!
თანაც, ვერავინ იტყვის, რომ საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოსაპოვებლად, მოდებაძეს თანაგუნდელებთან ერთად... მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც ეხმარებოდნენო; ან რომელ "დახმარებაზეა" ლაპარაკი, როცა მეტოქისათვის ყოფნა-არყოფნის მატჩი იყო, მაგრამ "დილამ" სამართლიანი თამაშის პრინციპები ბოლომდე დაიცვა და საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ერთგზის თასისა და სუპერთასის მფლობელი "ვიტ ჯორჯია" პირველ ლიგაში გაისტუმრა.
არ დავმალავთ: ჩვენც ძალიან დაგვწყდა გული უმაღლესი ლიგიდან "ვიტ ჯორჯიისა" და "ზესტაფონის" გავარდნის გამო...
გადარჩენის შანსი და კილასონიას რეკორდი
მეორე წრეში "მეტალურგმა" 12 მატჩი წააგო და 3 შეხვედრა ფრედ დაამთავრა, თუმცა, ექვსთვიანი მოუგებელი ასპარეზობის მიუხედავად, რუსთაველთა გუნდმა მაინც მოახერხა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. "მეტალურგს" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება 27 მაისს თბილისის "ლოკომოტივთან": ამ შეხვედრაში გამარჯვებული მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში გაატარებს, დამარცხებული კი - პირველში.
აღსანიშნავია, რომ ყველასგან მიტოვებული და მართლაც ბედის ანაბარა დარჩენილი რუსთაველთა გუნდის თავკაცი ვარლამ კილასონია "მეტალურგის" ("ოლიმპის") ისტორიაში პირველი და ერთადერთი მწვრთნელია, სეზონი სრულად ვინც ჩაამთავრა...
დინასტიები გრძელდება...
ზემოთ სანდრო გურული ვახსენეთ (ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფორვარდის, გია გურულის ვაჟი), რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში გოლი ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა. საინტერესოა, რომ XXVI ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლები საფეხბურთო დინასტიების სხვა წარმომადგენლებმაც გაიტანეს: 23 წლის გიორგი ჩელებაძემ ("შუქურა"), 24 წლის ბორის მახარაძემ ("დინამო", ბათუმი), 21 წლის ნიკა კაჭარავამ ("ცხინვალი").
აქვე დავძენთ, რომ მახარაძემ უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, ხოლო ნიკა კაჭარავა და გიორგი ჩელებაძე თავიანთი გუნდის საუკეთესო ბომბარდირებიც გახდნენ, შესაბამისად, 12 და 7 გოლით.
სხვა ფაქტები
ბოლო ტურში სატურნირო ინტრიგა, ფაქტობრივად, არც არსებობდა; უფრო ზუსტად, მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი იყო იმისა, რომ თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოსა" და "სიონს" თავიანთთვის სასურველი თითო-თითო ქულა ვერ აეღოთ.საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამ სამივე გუნდმა მოიგო და აქვე ბარემ ბოლნისელთა მატჩზეც ვთქვათ, რადგან ამ უხვგოლიან შეხვედრაში ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება - "სიონის" 26 წლის შემტევმა დათა სიჭინავამ ამ სეზონში უკვე მეორედ (პირველ წრეში "კოლხეთის" მაისურით) შეასრულა "დუბლი", ისე, როგორც "გურიის" 24 წლის ნახევარმცველმა თორნიკე მოსიაშვილმა.
ბოლო ტურში ბევრი უმოტივაციო შეხვედრა იყო და მწვრთნელებმაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალბედას მისცეს. ასე, მაგალითად, სწორედ ბოლო ტურში ჩაატარეს სადებიუტო მატჩი უმაღლეს ლიგაში 20 წლის გიგა სამხარაძემ ("დილა"), 19 წლის ბაქარ ლაღაძემ, 17 წლის ანზორ ჩხაიძემ, 19 წლის რამაზ კვესიეშვილმა (ყველა - "შუქურა").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"