16:04 25-05-2015
ბორჯომი-ლოკომოტივი 3:3 (პენ. 2:4)- "ლოკომოტივმა" უმაღლესს დაუმიზნა [VIDEO]
AutoSharing Option
ქომაგი დაძაბული, თუმცა საქართველოში აქამდე გამართული ყველაზე მშვიდი და უკონფლიქტო პლეი ოფის მატჩის მომსწრე გახდა.
ერთმა ენაკვიმატმა იხუმრა: მამათა და შვილთა ბრძოლააო. "ბორჯომის" გამოცდილი ფეხბურთელების (ედიკ საჯაია და ლადო ჯოჯუა 34-34 წლისანი არიან) წინააღმდეგ, უმთავრესად, 17-18 წლის ბიჭები თამაშობდნენ, ყველაზე უფროსი კი 23 წლის გეგა დიასამიძე იყო...
გულშემატკივარმა ბევრი საინტერესო მოთამაშეც ნახა, მაგრამ ეს დღე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი კიკნაძის ვაჟის, უმცროსი გიორგი კიკნაძისა იყო - 17 წლის ფლანგის შემტევმა ისე გაიბრწყინა, გულგრილს ვერავის დატოვებდა.
მე-15 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა: საჯარიმოში მცველი შეტევას იგერიებდა, კარის წინ მყოფმა კიკნაძემ კი ბურთი აართვა და მეტოქის კარი აიღო - 0:1.
ბორჯომელებმა წონასწორობის აღდგენა მაინც შეძლეს. უსწრაფესი კონტრშეტევა ზურაბ ღირდალაძემ საჯარიმოსთან მიხეილ როსტიაშვილს გაუგრძელა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და კარში შეგორდა - 1:1.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები მალე ისევ დაწინაურდნენ. გეგა დიასამიძემ საჯარიმოში გახსნილი კიკნაძე მოძებნა, რომელმაც მეკარე შოთა გოგიაშვილს ვერ აჯობა, თუმცა დამატებაზე მაინც ზუსტად ითამაშა - 1:2.
ბორჯომელებმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს, თუმცა, თამაშის განახლებისთანავე, მომენტი ჯერ "ლოკომოტივმა" შექმნა - გიორგი არაბიძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დიასამიძეს წერტილის დასმა შეეძლო, მაგრამ "ბორჯომი" გოგიაშვილმა გადაარჩინა.
სამცხელები სტანდარტულებს კარგად ასრულებდნენ და სწორედ ამის ხარჯზე გაიტანეს კიდეც ორი გოლი. ბექა მუმლაძის კუთხურის შემდეგ "საჰაერო" ბრძოლა ცენტრალურმა მცველმა მიხეილ ჩხარტიშვილმა მოიგო და ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა - 2:2.
ახალგაზრდა ლოკომოტიველებმა ყურები მაინც არ ჩამოყარეს და 86-ე წუთზე ისევ კიკნაძის მშვენიერი თამაშის წყალობით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ - მან მეკარესთან პირისპირ დატოვა გავაშელიშვილი, რომელმაც სეზონში 45-ე გოლი გაიტანა - 2:3.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კუთხური ისევ მუმლაძემ შეასრულა, მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი კი დავით კირვალიძემ კარში გადაგზავნა - 3:3.
დარჩენილ დროშიც და დამატებულშიც გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ბორჯომელმა სერგი კობესაშვილმა და ლოკომოტიველმა გავაშელიშვილმა შანსებით ვერ ისარგებლეს, გამარჯვებული კი გამოავლინა პენალტების სერიამ, რომელშიც "ბორჯომმა" 4-დან ბოლო 2 დარტყმა ვერ გამოიყენა - მუმლაძესა და ლადო ჯოჯუას მეკარე ბაჩო მიქავამ აჯობა და გუნდი გადამწყვეტ პლეი ოფში გაიყვანა, რომელიც 27 მაისს ისევ "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე გაიმართება - "ლოკომოტივი" რუსთავის "მეტალურგს" შეხვდება და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას შეეცდება.
23.05. თბილისი, "მიხეილ მესხი"
ბორჯომი-ლოკომოტივი 3:3 (პენ. 2:4)
0:1 კიკნაძე (15) 1:1 როსტიაშვილი (29), 1:2 კიკნაძე (33), 2:2 ჩხარტიშვილი (50), 2:3 გავაშელიშვილი (86. კიკნაძის პასით), 3:3 კირვალიძე (90+1)
პენალტების სერია: 1:0 ვეკუა, 1:1 გავაშელიშვილი, 2:1 ჩხარტიშვილი, 2:2 ჩიტეიშვილი, 2:2 მუმლაძე (მეკარე), 2:3 გაგნიძე, 2:3 ჯოჯუა (მეკარე), 2:4 სულთანიშვილი
ბორჯომი: გოგიაშვილი - ვეკუა, ჩხარტიშვილი, საჯაია, მუმლაძე - ჯოჯუა, ლ. კვარაცხელია (46. სალარიძე) - ღირდალაძე (86. კირვალიძე), თედიაშვილი (88. კობესაშვილი), გ. ლობჟანიძე - როსტიაშვილი.
სათადარიგოები: გაბიჭვაძე, შაყულაშვილი, როსტობაია, ხითარიშვილი
მთ. მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
ლოკომოტივი: მიქავა - მაკასარაშვილი, გაგნიძე, სანდოხაძე, ჩიტეიშვილი - სამურკასოვი (78. ღვინაშვილი), სულთანიშვილი - არაბიძე (74. ართმელიძე), დიასამიძე (99. ჩიხლაძე), კიკნაძე - გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: რომლეფენგერი, უბილავა, დუმბაძე, გაბაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: თედიაშვილი (34), ვეკუა (62), დიასამიძე (72), ლობჟანიძე (90+3), სულთანიშვილი (106)
არბიტრი: ლ. სილაგავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული