"დინამოს" დიდხანს დასასვენებლად არ სცალია - სულ მალე გუნდი ევროპალიგის გათამაშებაში უნდა ჩაებას.
ცხადია, კლუბის ხელმძღვანელები გუნდის გაძლიერებისთვის იზრუნებენ. გარდა ამისა, დინამოელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. ამ თემებზე დინამოელთა თავკაცს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- ახალი სეზონისთვის მზადებას როდიდან დაიწყებთ?
- ახლა გუნდი შვებულებაშია, მომავალი სეზონისთვის სამზადისს კი 4 ივნისს დავიწყებთ. მანამდე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
- სად გეგმავთ
- სლოვენიაში. იქ 10 ივნისს გავემგზავრებით.
- სპარინგ-პარტნიორების ვინაობა გარკვეულია?
- საკონტროლო მატჩების თარიღები შეთანხმებულია. მეტოქეთა ვინაობას უახლოეს დღეებში გვამცნობენ ორგანიზატორები. 22 ივნისს შევიტყობთ იმასაც, თუ ვის შევხვდებით ევროპალიგაზე, 2 ივლისს კი უკვე პირველი თამაში გვიწევს.
- ცხადია, ნებისმიერ გუნდს სჭირდება გაძლიერება, მათ შორის - "დინამოსაც". სახელდებიან პოტენციური ახალწვეულებიც - ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი...
- მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დღეს თავს ავარიდებ. ამ ეტაპზე, მიდის სამუშაო პროცესი და არ იქნება მართებული, რომ დეტალებზე ვილაპარაკოთ. მოვა ამის დრო და ვისაუბრებთ ამ თემაზეც.
- ევროტურნირები მოახლოვდა. რა მიზანი ექნება "დინამოს" ამ გათამაშებაში?
- მიზანი განვსაზღვრეთ ასე - გუნდში გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მათ უნდა განიცადონ პროგრესი. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან ერთად, ჩვენს თამაშში უნდა გამოჩნდეს სტაბილურობა.
- ახალგაზრდა ფეხბურთელები ახსენეთ და, თასის ფინალში მათ შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი. ახერხებთ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას?
- ჩემი პირადი აზრია, რომ დღეს ჩვენ მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და ისევ მათთვის იქნება უკეთესი, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ერთად ითამაშებენ "დინამოში". ასეთ შემთხვევაში, მოვა დრო და მათ მიმართ გაჩნდება ინტერესი სოლიდური კლუბებისგან.
უნდა შევინარჩუნოთ ბირთვი, რადგან ეს სტაბილურობის გარანტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"