ილია კოკაია: დღეს ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ მარტო, მაგრამ მოვა დრო და...

AutoSharing Option
ამასწინათ "ზესტაფონმა" თბილისის ზღვაზე მდებარე საკლუბო ბაზაზე ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოება მიიწვია და პრეზენტაცია გამართა. ბაზის კეთილმოწყობა Hi-tech orrigation Goergia-სა და Laws of Georgia-ს დამსახურებაა.

ბაზაზე ამჟამად ორი მოედანია. როგორც შევიტყვეთ, ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ერთი, ხელოვნურსაფრიანი მოედნის გაკეთება. აქ იფუნქციონირებს "ზესტაფონის" საკლუბო აკადემია, სკოლა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ...

Sportall.Ge

პრეზენტაციას დაესწრნენ კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის - "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია. იყვნენ სტუმრები უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

აქვე ვთქვათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზეც აწარმოებს
სამუშაოებს. კერძოდ, იწყება მინდვრის საფრის დათესვა იმ მონაკვეთზე, რომელიც თავის დროზე წვიმამ დააზიანა და ამის გამო საფარი შესაცვლელი გახდა...

* * *
ბაზა ბაზად, ეს ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნება კლუბის მომავალი? რომელ ლიგაში ითამაშებს "ზესტაფონი"? სურს თუ არა ქართულ ფეხბურთში დარჩენა მის მფლობელს? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე ვეცადეთ, გვეპოვა პასუხები "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან ინტერვიუში...

- ბატონო ილია, თავდაპირველად კლუბის თბილისურ ბაზაზე გვითხარით ორიოდ სიტყვით...
- როგორც ხედავთ, აქ არის ორი მოედანი. გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ ერთი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი დავამატოთ. გვექნება საფეხბურთო აკადემია, სკოლა და სარეაბილიტაციო ცენტრი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. "ზესტაფონი" არ უღალატებს თავის ტრადიციას და აქ სწავლა უფასო იქნება.

- ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა...
- ეს ასეა და ამას განაპირობებს დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო ვითარება. პარადოქსია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარიგებულ მატჩებთან ბრძოლით. საერთოდ, შექმნილი ვითარება ძალიან სამწუხაროა.

ჩვენი ბრძოლა მძიმე და სამართლიანია. დღეს ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ მარტო, მაგრამ მოვა დრო და მარტონი აღარ ვიქნებით. ამის მტკიცედ მწამს!

ვიყავი ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე. "დნიპრომ" რაც გააკეთა და რასაც მიაღწია, სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. არადა, იყო დრო, ჩვენ არ გვყავდა "დნიპროზე" ნაკლები გუნდი. ყველას გვახსოვს ის დრო. თუნდაც შეკრებებზე გვითამაშია მათთან.

- "ზესტაფონმა" ლოზანაში გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან კლუბის მოხსნის თაობაზე...
- ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. ჯერ ვერ გავასაჩივრეთ იმ მიზეზის გამო, რომ ადგილობრივ სასამართლოში უნდა ამოიწუროს ყველანაირი რესურსი. თუ აქ ვერ მივაღწევთ შედეგს, მაშინ მივმართავთ ლოზანის სასამართლოს. ჩვენ უკვე გვაქვს იმის პრეცედენტი, რომ კლუბმა ლოზანაში გაასაჩივრა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი ვერდიქტი და ეს საქმე მოიგო კიდეც. ვგულისხმობ ბელარუსის ბატე-ს.

მინდა, ისევ ბაზის პრეზენტაციის თემას დავუბრუნდე. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, დრო ვერ გამონახეს. არადა, რასაც ვაკეთებთ, ამას ხომ ქართული ფეხბურთისთვის ვაკეთებთ?..

- შეატყობინეთ ფეხბურთის ფედერაციას ამ პრეზენტაციის შესახებ?
- რა თქმა უნდა?!.

- ახლოვდება ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. როგორია თქვენი პოზიცია? თუ გყავთ კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერთ?
- დღევანდელი ვითარებით, "ზესტაფონს" შეჩერებული აქვს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და ის ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვიცი ერთი - ეს გუნდი უნდა წავიდეს. მათ უკვე მოსპეს ყველაფერი, რისი მოსპობაც შესაძლებელი იყო. ქართული ფეხბურთი უმძიმეს დღეშია. მას სჭირდება ახალი ხალხი, ახალი სისხლი...

- დღეს ბევრი სვამს ასეთ კითხვას - არსებობს თუ არა საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"?
- კლუბი აგრძელებს არსებობას. ამის დასტურია ეს პრეზენტაციაც. ჩვენ ვცდილობთ, ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ.

- ვიცით, რომ ზესტაფონის საკრებულოსთან კვლავ გრძელდება მუშაობა. ბოლოს და ბოლოს, მიიღებს კლუბი შეპირებულ თანხას?
- ეს უკვე ზესტაფონის საკრებულოს გადასაწყვეტია. როცა ამ საკითხს იხილავდნენ, ეს იყო ტესტი. მგონი, 13 ხმა იყო დაფინანსების სასარგებლოდ. ესეც არ არის ცოტა...

- რა შეიძლება ითქვას გუნდის მომავალთან დაკავშირებით?
- ჩვენ საქართველოში მოვიგეთ ყველა ტიტული, ვითამაშეთ ევროთასებზე, ყველაფერი გამოვცადეთ და ვნახეთ... ასეთ ვითარებაში, თუ არ შეიცვალა მიდგომა, არაფერი გამოვა. მთლიანად ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციაა გამოსასწორებელი, ცალკე აღებული "ზესტაფონი" ვერაფერს შეცვლის.

- დავუშვათ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოგიწიათ ასპარეზობამ. მზად ხართ საამისოდ?
- რა პრობლემაა?! რა, პირველი ლიგა ჩვენი არ არის?! ბევრი გუნდი ყოფილა პირველ ლიგაში და დაბრუნებულან ისევ უმაღლესში, მათ შორის - გრანდები. მთავარია, საქმისადმი მიდგომა შეიცვალოს.

პირველ ლიგაში თუ ვითამაშებთ, გვეყოლება მეტი ახალგაზრდა, მეტი ადგილობრივი ფეხბურთელი... ბოლოს და ბოლოს, პირველი ლიგის გუნდი ჩამოვა და ითამაშებს ნორმალურ მინდორზე.

არა, ამაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, ოღონდ, უნდა შეიცვალოს მიდგომა. მე ვიცი, რომ პირველი ლიგიდანაც შეიძლება ევროთასებზე გასვლა და ეს გზა არის საქართველოს თასის მოგება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბაზას როდის ხსნის?
Lasha
15:16 16-06-2015
0
ერთი ეს ვერ გავიგე რა თუ ცუდი ადამიანია და არ მოგწონს მიდი და უკეთესად შენ გააკეთე შე დალოცვილო ეხლა არ დამიწყოს აქ ვინმემ ფული არ მაქ თორე ამას ვიზამდიდა იმას ავაყვავებდიო ხოდა ეგეთებს ვეტყვი რო თუ ფულიარ გაქ და არც არაფრის გამკეთებელი ხარ ამას მაინც ნუ გააქცევ შენი ცუდი ენით.დაანებე რა თავი.
qutaiseli
00:38 12-06-2015
0

სიახლეები პოპულარული