დამსახურებულთა დაფასება - სეზონის ლაურეატები და სიმბოლური ნაკრები [PHOTO]

AutoSharing Option
2014/15 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა და იმის დროც მოვიდა, რომ XXVI ჩემპიონატის ნომინანტები წარმოგიდგინოთ.

მოგეხსენებათ, რომ უკვე წლებია, "ლელო" ყოველი სეზონის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ამპლუაში თავის რჩეულებს ასახელებს. ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებთ, ოღონდ სიახლე ის არის, რომ ამჯერად, "ლელოსთან" ერთად სეზონის ლაურეატები პრიზებით კომპანია "ლიდერბეთმა" დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ახლა კი გასული სეზონის ნომინანტებზე. წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ისე, როგორც წინა წლებში, ლაურეატთა შორის ამჯერადაც ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლები ჭარბობენ...

საუკეთესო მწვრთნელი
1. უჩა სოსიაშვილი (დილა)
2. შოთა ჭეიშვილი (დინამო, ბთ)
3.
კახა კაჭარავა (ცხინვალი)
საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს და "დილას" თითოეული ფეხბურთელის გარჯასთან ერთად, ხაზგასმით აღსანიშნავია მწვრთნელის როლიც ამ წარმატებაში; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლაც უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე: "დილამ" თავის პირველ საჩემპიონო ტრიუმფს... 25 წლის სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია!

ვერაფერს ვიტყვით: ჩინებულად დაიწყო დებიუტანტი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა.

წინა სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა "სამტრედიის" გაძღოლა ყველასათვის უცნობ მწვრთნელს... 23 წლის უჩა სოსიაშვილს ჩააბარეს და გუნდმაც პირველი ლიგის გათამაშებაში პირველი წრე პირველ ადგილზე დაამთავრა, მეორე წრეში კი თბილისის "დინამო 2"-ს წვრთნიდა, სადაც ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაც დააწინაურა და კონკურსგარეშე მოასპარეზე გუნდი, საერთოდაც, სუპერშედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა.

თუმცა, მთავარი გამოწვევა წინ იყო: შარშან ზაფხულში სოსიაშვილი რანგით მაღალ ლიგაში გადავიდა და "დილა" ჩაიბარა. მაშინ, სეზონის დაწყებამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ გორელთა გუნდს საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა და "დილამ" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, "დილამ" სეზონი სტაბილურად განვლო, ფეხბურთელთა როტაციაც გონივრულად ხდებოდა, ძირითადი შემადგენლობაც მშვენივრად იყო დაბალანსებული, სატურნირო სტრატეგიასაც არაფერი დაეწუნებოდა და საბოლოოდ, გორელთა საყვარელმა გუნდმა საჩემპიონო ზეიმი მოაწყო...

საუკეთესო მეკარე
1. მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ)
2. თეიმურაზ კაკალაძე (შუქურა)
3. გიორგი ნადირაძე (ცხინვალი)
გამორჩეული სეზონი ჰქონდა ბათუმის "დინამოს" 27 წლის მეკარეს, მიხეილ ალავიძეს და მისი დიდი დამსახურებაც არის, აჭარულმა კლუბმა 16-წლიანი პაუზის მერე ევროტურნირების საგზური რომ მოიპოვა.

ალავიძემ მთელი ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ამიტომაც არ გაუკვირდა არავის, როცა წინა სანაკრებო შეკრებაზეც გამოიძახეს.

"თბილისის", "ოლიმპის", უზბეკური "შორთანისა" და რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი მეკარე ბათუმის "დინამოში" წინა სეზონის დასაწყისში დაბრუნდა და თავის გუნდს ჯერ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა, ახლა კი - ვერცხლის მედლების მოპოვებაში.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ალავიძეს სეზონის დასკვნითი ნაწილის გამოტოვება მოუწია, მაგრამ თავის ამპლუაში ჩვენს ჩემპიონატში მაინც უკონკურენტო გახლდათ.

საუკეთესო მცველი
1. ლაშა თოთაძე (დინამო, თბ)
2. ბორის მახარაძე (დინამო, ბთ)
3. ალან ბაგაევი (დილა)
ამ ნომინაციაში სერიოზული კონკურენცია იყო და საბოლოოდ ჩვენი არჩევანი თბილისის "დინამოს" 26 წლის უნივერსალზე, ლაშა თოთაძეზე შევაჩერეთ.

თოთაძე პირველ სეზონს ატარებდა ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში, თუმცა, ამის მიუხედავად, მალე ჩამოყალიბდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ნიკა ჭანტურიას ტრავმის შემდეგ კაპიტნის სამკლავურიც ჩააბარეს და ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა.

თოთაძეს ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში ცენტრალური მცველისა და მარცხენა მცველის პოზიციაზე, ხშირად ერთვება შეტევებში და განსაკუთრებით ძლიერია სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროს.

თოთაძეს "დაყენებული", ზუსტი და ძლიერი დარტყმა აქვს და ამის დასტურად ერთმანეთზე ეფექტური ის 3 გოლიც გამოდგება, "დინამოს" კაპიტანმა მეორე წრეში "ზესტაფონს", "ტორპედოსა" და "ჩიხურას" რომ გაუტანა შორეული საჯარიმო დარტყმებით.

საუკეთესო ნახევარმცველი
1. ნიკა კვეკვესკირი (დილა)
2. გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
3. მათე ცინცაძე (დინამო, თბ)
ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილ ნიკა კვეკვესკირს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ძალიან ადრეულ ასაკში ჰქონდა და თავის გუნდშიც და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში დაცვის ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა.

შემდეგ თბილისის "დინამოში", უფრო ხშირად, "საყრდენის" პოზიციაზე ასპარეზობდა, "ცხინვალში" - ცენტრალურ მცველად და მხოლოდ ამ სეზონში ვიხილეთ კვეკვესკირი ... გამთამაშებლად! ეს ამპლუა კი "დილას" ახალმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა შეურჩია, ვისთან ერთადაც წინა სეზონის მეორე წრე კვეკვესკირმა პირველ ლიგაში, თბილისის "დინამო 2"-ში გაატარა.

უნივერსალ კვეკვესკირს "დილაში" სხვა ამპლუაშიც უთამაშია - მარჯვენა გარემარბად, მარცხენა გარემარბად, "საყრდენად" და ყველგან ჩინებულად წარმოაჩინა თავი. რაც მთავარია, შესაშური შედეგიანობაც გამოიჩინა და 7 გოლით კარიერაში საუკეთესო შედეგიც უჩვენა. კვეკვესკირმა ამ სეზონში ერთი ჰეთ-თრიკიც შეასრულა - თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის კარში 3 გოლი გაიტანა.

საუკეთესო თავდამსხმელი
1. ირაკლი მოდებაძე (დილა)
2. გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბ)
3. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
ამ ნომინაციაში საკამათო, ვფიქრობთ, არავისთვის არაფერი უნდა იყოს: "დილას" საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, 30 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მეტოქეთა კარში მის მიერ გატანილმა 16-მა გოლმაც მნიშვნელოვნად განაპირობა გორელთა გუნდის წარმატება.

აღსანიშნავია, რომ მოდებაძე წინა სეზონშიც გახდა საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ თბილისის "დინამოში" გატარებულ იმ მოკლე პერიოდში (მხოლოდ მეორე წრე ითამაშა) ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა იშვიათად უწევდა და, ალბათ, ამიტომაც იყო, შარშან ზაფხულში ისევ "დილაში" რომ დაბრუნდა.

არც უნანია - ისე, როგორც 2012-13 წლებში, მოდებაძე ამ სეზონშიც გორელთა გუნდის უპირველეს ფორვარდად და ბომბარდირად მოგვევლინა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლომის წილი შეიტანა "დილას" პირველ საჩემპიონო ტრიუმფში.

საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე)
1. გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბ)
2. მათე ცინცაძე (დინამო, თბ)
3. ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბ)
19 წლის გიორგი პაპუნაშვილი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული ფეხბურთის "ხვალინდელ დღედ"! ეგ კი არა, ამ, უდავოდ ნიჭიერ შემტევს სულ მალე სრულიად სამართლიანი პრეტენზიაც ექნება ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო პაპუნაშვილს ზამთრის მოსამზადებელი პერიოდიც გაუცდა და მეორე წრეშიც მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში; თუმცა, ამის მიუხედავად, ბომბარდირთა დავაშიც ბოლო ტურამდე იბრძოდა და საერთოდაც, "საუკეთესო ახალგაზრდის" გარდა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც ერთ-ერთი რეალური კანდიდატი გახლდათ.

პაპუნაშვილი ისეთი სტილის ფეხბურთელია, მარტოს რომ შეუძლია ამა თუ იმ მატჩის ბედის გადაწყვეტა და ამაში ახლახან ჩატარებულ თასის ფინალშიც ყველანი დავრწმუნდით, როცა დინამოელთა მარჯვენა გარემარბმა მეტოქის კარში გატანილ ორ გოლს ასევე ორი საგოლე გადაცემა "მოაყოლა". იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ პაპუნაშვილი იყო ის ფეხბურთელი, ვინც ამ სეზონში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საუკეთესო დებიუტანტი
1. გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
2. გიორგი ერისთავი (დილა)
3. ბიძინა მახარობლიძე (ცხინვალი)
ამ ნომინაციაშიც ღირსეული კანდიდატები იყვნენ: "ცხინვალის" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებდა და ამის მიუხედავად, უპრობლემოდ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ამას გარდა, საკუთარი წვლილიც შეიტანა იმაში, რომ "ცხინვალი" ამ ზაფხულს ევროტურნირებზე იასპარეზებს. ასევე სადებიუტო სეზონი ჰქონდა უმაღლეს ლიგაში "დილას" 21 წლის გარემარბს, გიორგი ერისთავს: ამ რეაქტიულმა და ტექნიკურმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი უაღრესად "დროული" და საჭირო გოლებით ასევე დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის საჩემპიონო ტრიუმფში.

თუმცა, "ლელოს" აზრით, გასული სეზონის საუკეთესო დებიუტანტი "შუქურას" კაპიტანი და უპირობო ლიდერი, 23 წლის გიორგი ჩელებაძე იყო! სახელოვანი მამის, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის, რევაზ ჩელებაძის მსგავსად, გიორგი ჩელებაძეც მუდამ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებს.

თუმცა უმცროსი "ჩელე" გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ გახლავთ - უფრო ხშირად მოედნის სიღრმეში ჩადის და მერე იწყებს თავისი გუნდის იერიშებს. ის ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც იტყვიან, ბურთი იცისო; ამას გარდა, პასის კულტურითაც გამოირჩევა და სტანდარტულებსაც მშვენივრად ასრულებს.

სეზონის აღმოჩენა
1. გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
2. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
3. ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)
ამ ნომინაციაში ძალიან ბევრი კანდიდატი აცხადებდა ლაურეატობაზე პრეტენზიას და მათ შორის, "ცხინვალის" ახალგაზრდა შემტევები - ნიკა კაჭარავა და ლაშა შინდაგორიძეც; თუმცა, "ლელოს" აზრით, 2014/15 წლების სეზონის აღმოჩენა "დილას" ახალწვეული, 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი გახლდათ!

გუგა ფალავანდიშვილი (ისე, როგორც ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ერისთავი და გიგა სამხარაძე) წინა სეზონის მეორე წრეში პირველ ლიგაში, თბილისის "დინამო 2"-ში გამოდიოდა, როცა გუნდს უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა.

XXVI ჩემპიონატის დაწყების წინ, სოსიაშვილმა "დილა" რომ ჩაიბარა, ეს ოთხეულიც თან იახლა და არც შემცდარა! ფალავანდიშვილმა "დილას" ნახევარდაცვის ხაზში არსებული უდიდესი კონკურენცია დასძლია და დროის მოკლე პერიოდში გუნდის საკვანძო და ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა.

საუკეთესო ლეგიონერი
1. ლუის ალბერტო (სიონი)
2. ადრიან პუკანიჩი (შუქურა)
3. ალან ბაგაევი (დილა)
...წინა 2 სეზონის განმავლობაში "საუკეთესო ლეგიონერის" ნომინაციაში ერთი კონკრეტული ფეხბურთელი უკონკურენტო გახლდათ - ხვდებით, ალბათ, რომ თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილ გოლეადორზე, ესპანელ შემტევ ჩისკოზე ვსაუბრობთ, რომელიც, საერთოდაც, იმავე წინა 2 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო.

თუმცა 2014 წლის მიწურულს ჩისკოსა და თბილისის "დინამოს" გზები გაიყარა (თანაც, ვეჭვობთ, რომ ეს ყველაფერი ესპანელის სურვილით მომხდარიყოს) და ამ სეზონის "საუკეთესო ლეგიონერის" ნომინაციაზეც უკვე რამდენიმე ფეხბურთელს გაუჩნდა პრეტენზია.

მშვენიერი შენაძენი აღმოჩნდა "დილასთვის" 24 წლის ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი, "შუქურას" 31 წლის საყრდენი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩიც ასევე მაღალი დონის ლეგიონერი გახლდათ, თუმცა "ლელოს" აზრით, XXVI ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი "სიონის" 23 წლის შემტევი ლუის ალბერტო ვიეირა მედინაა!

ბოლნისელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ამ ზამთარს მართლაც ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა და ახალწვეულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ლუის ალბერტო იყო. პორტუგალიელმა ფორვარდმა 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, თანაც, აქედან ოთხ გოლი "სიონისათვის" გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საუკეთესო ფეხბურთელი
1. ირაკლი მოდებაძე (დილა)
2. გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბ)
3. მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ)
არ დავმალავთ: ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ ამ ნომინაციაში იყო: თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მარჯვენა გარემარბი გიორგი პაპუნაშვილიც იმსახურებდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას და "დილას" გამოცდილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძეც!

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა "დავაც" სწორედ ამ ორ შემტევს შორის მიმდინარეობდა და საბოლოოდ მოდებაძის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც, სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 4 "დუბლი" შეასრულა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, როცა სწორედ საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ასე იყო ჩისკოს (ორჯერ), ზურაბ იონანიძის (ორჯერ), ლევან მელქაძის, სანდრო იაშვილის, ჯაბა დვალის შემთხვევებში.

საფეხბურთო დინასტიები
1. კახა კაჭარავა, ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
2. რევაზ ჩელებაძე, გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
3. ვარლამ კილასონია, გიორგი კილასონია (მეტალურგი)
ამ ნომინაციის იდეა ჩვენმა კოლეგა გიგა გვენცაძემ (რომელიც ამ სამი თვის წინათ, ყველა ქართველი ჟურნალისტისთვის მოულოდნელად, თბილისის "დინამოს" პრესატაშეობიდან გაათავისუფლეს ცხრაწლიანი ერთგული და მაღალპროფესიული მუშაობის შემდეგ) მოგვაწოდა და ჩვენც სიამოვნებით ავიტაცეთ, მით უფრო, რომ XXVI ჩემპიონატში ერთდროულად რამდენიმე "საფეხბურთო ოჯახის" წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ლაურეატობა კი "ცხინვალის" წარმატების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედთ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასა და მის ვაჟს, ამავე გუნდის უპირველეს მეგოლეს, ნიკა კაჭარავას მივანიჭეთ.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავა-უფროსის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ცხინვალმა" თავის არსებობაში პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება. 21 წლის ნიკა კაჭარავამ კი (ფაქტობრივად, პირველ სეზონს რომ ატარებდა უმაღლეს ლიგაში), მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა (ერთხელ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ორჯერ კი - "დუბლი").

დაბრუნება
1. შოთა ჭეიშვილი (დინამო, ბთ)
2. ალექსანდრე იაშვილი (სამტრედია)
გასულ სეზონში სკანდალები არ აკლდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს, თუმცა იყო რამდენიმე გამონათებაც და ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჩემპიონატში შოთა ჭეიშვილისა და ალექსანდრე იაშვილის დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ.

გამოცდილი სპეციალისტი შოთა ჭეიშვილი უმაღლეს ლიგას ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში 16-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და აჭარულმა კლუბმაც თავის ისტორიაში საუკეთესო მიღწევა გაიმეორა - მეორე ადგილი დაიკავა. მსგავსი შედეგი კი ბათუმის "დინამოს" უკანასკნელად 1997/98 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვა და საქართველოს თასიც დაისაკუთრა - გუნდს მაშინაც შოთა ჭეიშვილი მოძღვრავდა...

...ამ წლის 5 მარტი იყო, "სამტრედია"-"სიონის" მატჩის მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში 37 წლის ალექსანდრე იაშვილი რომ გამოჩნდა. ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 18-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, 2 გოლის გატანაც "მოასწრო" მეორე წრეში და ისე, როგორც ადრე, ახლაც ყველა მატჩში პროფესიონალიზმის მაგალითი გახლდათ!

"იაშკას" თავის ხანგრძლივ და შთამბეჭდავ კარიერაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ფეხბურთის თამაშის სურვილი ჯერაც არ განელებია და მომდევნო სეზონში მისგან ახალი "ათვლის წერტილის" მიღწევასაც უნდა ველოდოთ: ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა "100-იანთა კლუბში" შესვლას!

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იკნება ტუ ამ ნაკრებტან ჩაატარებდა ტამაშს ეროვნული ნაკრები.
pirdapi
16:34 05-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული