მოსალოდნელი ტრანსფერები ბათუმის "დინამოში: გაბედავა, ფონიავა და სხვები

AutoSharing Option
1999 წლის შემდეგ, ბათუმის "დინამო" ევროასპარეზს დაუბრუნდა - შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილები საქართველოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და მალე ევროპალიგის გათამაშებაში ჩაერთვებიან.

ცხადია, გუნდის გასაძლიერებლად მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არ ხმაურდება, ვინ დატოვებს აჭარის მთავარ გუნდს და ვის დაიმატებენ.

რადგან "დინამო" სახელმწიფო დოტაციაზეა, ბათუმშიც, ისევე, როგორც მსგავსი სტატუსის მქონე სხვა კლუბში, ხანგრძლივი ხელშეკრულება ბევრ ფეხბურთელს არ აქვს.

ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი კამერუნელი არნო ჩუენსუა. 23 წლის მარჯვენა მცველს ბათუმელებთან კონტრაქტის ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება. მაგრამ მის არყოფნაში, "დინამომ" მთელი სეზონი, ფაქტობრივად, მარჯვენა
მცველის გარეშე ჩაატარა, რადგან ამ პოზიციაზე ნახევარმცველ ბადრი ტეტუნაშვილს ათამაშებდნენ.

ჩუენსუ "დინამოში" შარშან ჩაირიცხა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მაგრამ აჭარულ გუნდში მხოლოდ ორჯერ ითამაშა - 2014 წლის 9 სექტემბერს "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. კამერუნელმა ინდივიდუალური ვარჯიში აპრილში დაიწყო და ევროთასებზე მისი იმედი ჰქონდათ. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ჩუენსუმ მეორე ოპერაციაც მოითხოვა და აჭარლებს ევროპა ლიგაზე ვერ დაეხმარება.

ამდენად, ბათუმელები კვლავ ეძებენ მარცხენა მცველს და რამდენიმე კანდიდატიც შეარჩიეს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზის გაძლიერებასაც ცდილობს. როგორც შევიტყვეთ, ორი მოთამაშის მიწვევა უკვე გადაწყვეტილია. პირველი - თავდამსხმელი გიორგი გაბედავაა. "გაგრის" აღზრდილი ფორვარდი ბოლოს "სამტრედიაში" ირიცხებოდა, მაგრამ საჩხერის "ჩიხურაში" ყოფნისას ევროპა ლიგაზე მიღებული ტრავმა მხოლოდ სეზონის ბოლოს მოირჩინა და "სამტრედიაში" შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბის სამიზნეში "სამტრედიის" კიდევ ერთი ფეხბურთელი - თორნიკე გორგიაშვილი მოხვდა. ის თავიდან "ზესტაფონში" თამაშობდა, მერე თბილისის "დინამოში" გადავიდა, ბოლოს კი - "სამტრედიაში". გორგიაშვილს თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდა. "ჯვაროსნების" ფორმით მან 4 მატჩიც ჩაატარა.

ბათუმელებს მარტვილის "მერანის" საყრდენი ნახევარმცველისა და ვიცე-კაპიტნის, პაპუნა ფონიავას დამატებაც სურთ. 21 წლის ფონიავა გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი გახლდათ. 16 წლის იყო, როცა მალხაზ ჟვანია ენდო და უმაღლეს ლიგაში "მერანის" ფორმით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, სულ კი მარტვილელთა შორის უკვე მეოთხე სეზონია, თამაშობს.

შარშან ფონიავათი თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "ზესტაფონი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მარტვილელებს ფინანსურ საკითხებზე ვერ შეუთანხმდნენ.

გარდა ამისა, ბათუმელები ცენტრალურ თავდამსხმელსაც ეძებენ. მათ თბილისის "ლოკომოტივის" ბომბარდირის, მამია გავაშელიშვილის (პირველი ლიგის რეგულარულ სეზონში და პლეი ოფის მატჩებში 46 გოლი გაიტანა) აყვანაც სურთ, ეგ არის, "ლოკომოტივის" თავდამსხმელი უცხოეთში წასვლას იმედოვნებს და მისი გადაბირება იოლი არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს როგორც არასდროს ბათუმის დინამოს გაძლიერებაა მთავარი, სირცხვილი იქნება პირველივე გამოსვლაზე რომ გამოვვარდებით, ბიჭებმა მაქსიმუმი შეძლეს მაგრამ ეს შემადგენლობა ევროპაზე მინიმალურ შედეგსაც ვერ მოგვცემს, სამჭუხაროდ...
0
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბათუმის დინამოს გაბედავაც და გორგიაშვილიც,მაგრამ მათ იმედზე თუ აპირებენ ევროპაზე თამაშს უნდა იცოდნენ რომ შორს ვერ წავლენ.
paata
13:58 06-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული