მამია გავაშელიშვილი "ლოკომოტივში" დარჩა, რატომ ჩაიშალა ნორვეგიული ვარიანტი?

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში გადასულმა თბილისის "ლოკომოტივმა" მთავარი ბომბარდირი შეინარჩუნა. მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც დასრულებულ სეზონში უჩვეულო შედეგიანობა აჩვენა (46 გოლი პლეი ოფების მატჩების ჩათვლით), კვლავ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით თამაში და გუნდში დარჩენა ამჯობინა.

ჩინებულად ჩატარებული სეზონის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" ბომბარდირით ბევრი კლუბი დაინტერესდა. მაგალითად, 20 წლის ფორვარდით ევროპალიგაზე გასული ბათუმის "დინამო" დაინტერესდა. ჰქონდა უცხოური წინადადებებიც. ის არ მალავდა, რომ კონკრეტული მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა...

"მაისში დამიმთავრდა კონტრაქტი "ლოკომოტივთან" და აგენტები მეუბნებოდნენ, რომ წინადადებები იყო რუმინეთის, სერბეთისა და პორტუგალიის უმაღლესი ლიგისა და ჩვენი ჩემპიონატის ლამის
ყველა ლიდერი გუნდიდან.

ვამბობდი, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, თამაშს ისევ "ლოკომოტივში" გავაგრძელებდი და საბოლოოდ, ასეც მოხდა. მიზეზთა გამო უცხოეთში წასვლა ვერ მოვახერხე.

"ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას დაველაპარაკე, ისევ აქ თამაში გადავწყვიტე და ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ", - ამბობს გავაშელიშვილი.

20 წლის თავდამსხმელი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სან მარინოსთან გასამართი პირველი მატჩისთვის (რომელიც ქართველმა 21-წლამდელებმა 3:0 მოიგეს) შეკრებაზე უნდა გამოცხადებულიყო.

თუმცა პირველი ლიგის ბომბარდირს არათუ არ უთამაშია, განაცხადშიც არ ყოფილა. გავაშელიშვილი განმარტავს:

"ნაკრებში თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ შეკრებაზე არ წავსულვარ. გადაღლილობის გამო "ბორჯომთან" მატჩის დროს კუნთში სისხლი ჩამექცა. პლეი ოფის ბოლო თამაშიც "ნემსით" ვითამაშე და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ნაკრებს ვეღარ დავეხმარებოდი. ტკივილები ძალიან მაწუხებდა".

გავაშელიშვილი გულდაწყვეტილია, რომ ტრავმამ არა მხოლოდ ნაკრებში თამაშის, არამედ უცხოეთში წასვლის შანსიც წაართვა:

"სტაბეკიდან" მოწვევა მომივიდა და 14 ივნისს ნორვეგიაში უნდა წავსულიყავი. გეცოდინებათ, რომ ამ გუნდში გიორგი გოროზია თამაშობს. პირდაპირ კონტრაქტს არ მთავაზობდნენ, ერთკვირიანი სინჯები უნდა მქონოდა.

მაგრამ ფეხი მტკივა, დღემდე ვმკურნალობ და მეეჭვება, ასეთ მდგომარეობაში ნორვეგიაში გამგზავრება სასურველი იყოს.

ახლა "ლოკომოტივი" ისედაც ისვენებს, მკურნალობის კურსს გავდივარ და როცა შევიკრიბებით, იმედი მაქვს, მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე მოვმჯობინდები და ვარჯიშს ჩვეულებრივად დავიწყებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
46 გოლი მესის არ გაუტანია წელს რა სინჯები ნორვეგიელებს ხომ არ ცივათ
givia
20:22 08-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული