ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა - ბესიკ შეროზია "ზუგდიდს" თავიდან "აშენებს"

AutoSharing Option
ბესიკ შეროზიამ სიტყვა შეასრულა და სეზონის მსვლელობის დროს აუტსაიდერ "ზუგდიდში" მისულმა გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

მაგრამ ამბიციური სპეციალისტი მხოლოდ მე-12 ადგილს არ სჯერდება. მას "ზუგდიდის" ევროთასებზე გაყვანა სურს. მოახლოებულ სეზონში კი ახალი გუნდის მშენებლობას აპირებს.

ამტკიცებდნენ, რომ ეს პროცესი წინა სეზონის 28-ე ტურში თბილისის "დინამოსთან" გასვლაზე 0:7-ით წაგებამაც დააჩქარა, როცა შეროზიამ გუნდის გაწმენდა გადაწყვიტა.

"გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო არ მიმიღია. უბრალოდ, "დინამოსთან" 0:7 წაგებას ლანჩხუთში "გურიასთან" (0:5) სირცხვილი მოჰყვა, ხოლო შინ "სიონმა" 3:1 მოგვიგო და ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა.
აქცენტიც ახალგაზრდებზე ავიღე.

მაისის ბოლოს კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა და ჩათვალეთ, რომ ყველა გაშვებულია.

მოსამზადებელ ეტაპს 15 ივნისიდან დავიწყებთ და ჯერ არ ვიცი, ვის დავტოვებთ და ვის - არა, მაგრამ ფაქტია, სრულიად ახალი გუნდის მშენებლობა გვსურს და ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება.

მომზადების პერიოდში დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეებს დავაკვირდებით, მათი წამოწევა და გაზრდა მსურს. ჩვენთან კი ტალანტების ნაკლებობა ნამდვილად არ არის. შესაძლოა, რამდენიმე სხვა მოთამაშეც დავიმატოთ, მათ შორის, ლეგიონერიც", - ამბობს შეროზია.

ზუგდიდელთა დამრიგებლის თქმით, ახალგაზრდების შეკრება სამომავლო გათვლით სურს:

"ევროსაგზურის მოპოვება გვაქვს მიზნად, მაგრამ ამას 3-წლიან პერსპექტივაზე გათვლით ვამბობ.

ეს ბიჭები უნდა გავზარდოთ, პარალელურად კი, ზუგდიდის ქაღალდკომბინატში სტადიონის მშენებლობა დასრულდება და გვინდა, ახალ არენაზე ძლიერი გუნდით გავიდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტრამვირებულ ფეხბურთელის გაშვება გუნდიდან,არავაჟკაცურია
0
ისე იტყვიან ხოლმე ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლებაო თითქოს საამაყო იყოს...
Walkabout
09:22 11-06-2015
0

სიახლეები პოპულარული