ყველა გაშვებულია - საჩხერის "ჩიხურა" განსხვავებული ბიუჯეტის იმედად

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, საჩხერის "ჩიხურა" კი ჯერ არ შეკრებილა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ არც იცის, ახალ სეზონში რა შემადგენლობა ეყოლება და რა მიზნებისთვის იბრძოლებს.

"სეზონი დასრულდა და ლაშა კუჭუხიძის გარდა, კონტრაქტი ყველა მოთამაშეს დაუსრულდა, მაგრამ გუნდი ჯერ მხოლოდ დავით ოდიკაძემ დატოვა. სხვას მსგავსი სურვილი არ გამოუთქვამს.

ველოდებით ბიუჯეტის დამტკიცებას და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ. თუ სასურველ თანხას გამოგვიყოფენ, გამოცდილ მოთამაშეებს მოვიწვევთ და მინიმუმ, სამეულისთვის ვიბრძოლებთ; თუ არა და, ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება და ვეცდებით, უმაღლეს
ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ ან ლიდერებს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ, ისევე, როგორც გასულ სეზონში", - ამბობს ფრუიძე.

"ჩიხურას მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი ყველა ლეგიონერმა დატოვა:

"სამივე მათგანი უკრაინიდან იყო - მცველი სერგეი ლუბჩაკი და შემტევი ნახევარმცველი ევგენი ტროიანოვსკი ახალ გუნდებს მოძებნიან. ხელშეკრულება დაუსრულდა გიული მანჯგალაძესაც, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა. მისი დატოვება კი გვსურს, მაგრამ ვიმეორებ - ყველაფერი ჩვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ჩამოსული ფეხბურთელები თეთრებზე ვერ ითამაშებენ, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გუნდი წელგამართული უნდა იყოს".

საჩხერელთა ყოფილმა კაპიტანმა დავით ოდიკაძემ "ჩიხურადან" წასვლის მიზეზებზე საუბრისას ახსენა, რომ ეს ნაბიჯი არასტაბილური გარემოს გამო გადადგა. ფრუიძეს ამის თაობაზეც ვკითხეთ:

"კარგად მესმის დათოსი და სხვა ფეხბურთელებისაც, რადგან სტაბილური გარემო ყველას გვჭირდება, მათ შორის, უპირველესად - მწვრთნელებს. ასე ჩანაფიქრის განხორციელება და გუნდის აშენება გაცილებით ადვილია.

სწორედ ამის გამო კლუბის სპონსორს, "ქართუ ჯგუფს", ადრინდელისგან განსხვავებული დაფინანსების პროექტი წარვუდგინეთ. მასში სიახლე ისაა, რომ ვითხოვთ, კლუბს გამოუყონ არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი ბიუჯეტი, რომელიც ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობის საშუალებას მოგვცემს.

სასურველია, რომ დაფინანსება, მინიმუმ, სამ წელიწადზე მაინც იყოს გათვლილი, 5-წლიანი გარანტირებული დაფინანსება კი "ჩიხურას" უპირობო განვითარების საფუძველი გახდება.

ცხადია, აქ თანხის ერთდროულად ჩარიცხვას არ ვგულისხმობ, მაგრამ უნდა არსებობდეს კლუბისთვის გათვალისწინებული ფინანსები, რომელსაც ყოველწლიურად დარიცხავენ. ასეთ შემთხვევაში, ყოველ ნახევარ წელიწადში შემადგენლობას არ შევცვლით და მოთამაშეებს ხანგრძლივ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სულ სხვა სიმაღლეს მიაღწევს და ფეხბურთელებიც განვითარდებიან.

ცხადია, ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ეს ქართული კლუბების უმრავლესობის სატკივარია - ორიოდე მათგანის გარდა, არავინ უწყის, ხვალ დააფინანსებენ თუ - არა. ადრე თუ გვიან ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ.

ახლა "ქართუ ჯგუფის" პასუხს ველოდებით და ვნახოთ, საკითხი როგორ გადაწყდება".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით მიზანი უნდა იყოს,ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და გაზრდა და შემდეგ სარფიანად გაყიდვა,პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ ფეხბურთელებს,რომელთა შენახვა უფრო იაფი ჯდება.საბურთალო და ლოკომოტივი არიან იმის მაგალითი თუ როგორ უნდა მიაღწიო მცირე რესურსებით შედეგს.
გიორგი
15:50 11-06-2015
0
გეყოს რაც ჭმე მანდ წადი და ახალი ტრეინერი მოვა მანდ შენ არ უნდა გამოგიყონ ფული
არჩილი
15:26 11-06-2015
0

სიახლეები პოპულარული