მას შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: ზამთარში აზერბაიჯანის უმდიდრეს კლუბ ლენქორანის "ხაზარში" მიიწვიეს, მაგრამ - ცუდ დროს, თანაც, გაურკვეველი პირობებით და უკან მობრუნება მეორე წრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუხდა.
ამ დროს ყველა გუნდი დაკომპლექტებული იყო და მოწინავე ქართული კლუბებისთვის სასურველი 23 წლის თავდამსხმელი ისევ ლანჩხუთის "გურიაში" აღმოჩნდა. მაისში მას კონტრაქტი დაუსრულდა და ისევ ახალი გუნდის ძიებაშია.
"ლელოს" ინფორმაციით, ისიანს ორი ამბიციური კლუბი იწვევს -
"თუ უკვე შეიტყვეთ, დამალვას აზრი არ აქვს: "სამტრედია" და "ტორპედო" მართლაც დაინტერესდნენ.
უახლოეს დღეებში ერთ-ერთი კვიპროსული კლუბიდანაც ველოდები ზარს და ჩემი პასუხიც ამაზე იქნება დამოკიდებული.
მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს ორი ქალაქი გამორჩეულად მომწონს, რადგან ორივეგან ძალიან მაგარი გულშემატკივარია, ასეთ გარემოში თამაში კი მიზიდავს და მსიამოვნებს", - ამბობს ისიანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"