ფოთის "კოლხეთი": შევთანხმდით, რომ მილიონიც მინიმუმია

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბს ბიუჯეტი უკვე დაუმტკიცდა და მალე მომავალი სეზონისთვის მზადებასაც დაიწყებენ. ცხადია, ევროთასებზე მონაწილე გუნდები ვარჯიშს სხვებზე ადრე შეუდგნენ.

იშვიათი გამონაკლისია ფოთის "კოლხეთი", რომლის დაფინანსების საკითხი ჯერ არ გარკვეულა.

ცნობილი გახდა, რომ პარასკევისთვის დაიგეგმა ქალაქის მერიის ხელმძღვანელობისა და კლუბის წარმომადგენელთა შეხვედრა. "კოლხეთში" იმედოვნებენ, რომ დაფინანსების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება, გუნდი მომავალ ჩემპიონატშიც ღირსეულად იასპარეზებს და გასულ სეზონში ნაჩვენებ შედეგს (მე-10 ადგილი) გააუმჯობესებს.

"ლელოს" ფოთის "კოლხეთის" დირექტორ თემურ ბარქაიას სიახლეებსა
და არსებულ ვითარებაზე ელაპარაკა:

- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდით და მალე გვეცოდინება, ახალი სეზონის დაწყებამდე რა ბიუჯეტი გვექნება, - გვითხრა ბარქაიამ საუბრის დასაწყისში.

- თქვენ რა ოდენობის ბიუჯეტს ითხოვთ და სახელმწიფოს რამდენის მოცემა შეუძლია?
- ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, წლის ბოლომდე 500 ათასი ლარის გამოყოფა ვითხოვეთ. ესეც მინიმალური ბიუჯეტია, რადგან არსებული ვითარება გავითვალისწინეთ. თუმცა ჯერ არ ვიცით, რა თანხას გამოგვიყოფენ.

- მართალია, თითქოს მხოლოდ 150 ათასი ლარის გამოყოფას აპირებდნენ?
- ერთში ვთანხმდებით, რომ წელიწადში გუნდს მინიმუმ მილიონი ლარი სჭირდება. გარდა მთავარი გუნდისა, ჩვენ გვყავს დუბლშემადგენლობა და ჭაბუკთა ლიგების გუნდები. ყველას სჭირდება თანხები, ტრანსპორტირება, ეკიპირება, ბურთები...

ეს ჩვენი ახირება არ არის. კლუბის საჭიროებას ხელისუფლებაც ითვალისწინებს. მაგრამ რეალობას ვერავინ გავექცევით. ამიტომ, მიდის მოლაპარაკება, რომ ორივე მხარისთვის ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიოთ, საბოლოო პასუხი კი ორიოდე დღეში გვეცოდინება.

გარდა დაფინანსებისა, არის ლაპარაკი, რომ სპონსორები მოვიძიოთ და კლუბს ისინიც დაეხმარონ.

- ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთს სპონსორები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტანებიან. თქვენ რისი იმედი გაქვთ?
- დამიჯერეთ, უიმედოდ არ ვართ და მათგან პასუხებსაც ველოდებით. ფაქტია, რომ დრო არ ითმენს. ფეხბურთის ფედერაციის ახალი მოთხოვნის შესაბამისად, მოთამაშეებთან მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები უნდა გავაფორმოთ. ასეთ დროს კი ბიუჯეტის ოდენობის წინასწარ ცოდნა აუცილებელია - ფეხბურთელებს ხომ კონკრეტული პირობები უნდა შევთავაზოთ?!

- ამის გარკვევამდე, ის მაინც გეცოდინებათ, ვინ დარჩება "კოლხეთში"?
- კონტრაქტები დაუმთავრდათ ქორჩილავას, სარსანიას, ამბროლაძეს... უცხოეთში კარიერის გაგრძელებას აპირებენ შენგელია და ჩაკვეტაძე. პირველი საფრანგეთში აპირებს წასვლას, ჩაკვეტაძე კი უკვე ლატვიაშია და "ვენტსპილსში" დამკვიდრებას ცდილობს.

მათ გარდა, დაგვტოვა შოთა ჯიქიამ, რომელიც მარტვილის "მერანში" წავიდა. ამირან გუგუშვილი კი თბილისის "ლოკომოტივს" ეკუთვნოდა, იჯარა დაუსრულდა და თავის გუნდს დაუბრუნდა.

- გუნდი მოსამზადებლად როდის შეიკრიბება?
- 25 ივნისს ფოთში შევიკრიბებით და თავიდან იქვე მოვემზადებით. ერთი ის ვიცით, რომ მერიასთან შეთანხმების მიხედვით, პორტს აქვს ვალდებულება, უცხოეთში კიდევ ერთი შეკრება მოგვიწყოს.

სავარაუდოდ, 20 ივლისს ორი კვირით თურქეთში გავემგზავრებით. მაგრამ მანამდე უნდა ვიცოდეთ, რა შემადგენლობა გვეყოლება. ჩვენი ამოცანაა, ძველი ბირთვიდან რაც შეიძლება მეტი მოთამაშე შევინარჩუნოთ.

- ვინმე დარჩენაზე თუ დაითანხმეთ?
- ხელშეკრულებების გახანგრძლივება შევთავაზეთ მეკარე კოკა სეფიაშვილსა და ნახევარმცველებს - გურამ გურეშიძესა და მერაბ გიგაურს. მაგრამ მათი პასუხი პირობებზე იქნება დამოკიდებული. ეს კი უახლოეს დღეებში გვეცოდინება და შემდეგ კვირაში ვიტყვით, ვინ დარჩება და ვინ დაემატება წამსვლელებს.

თუ ნორმალური ბიუჯეტი გვექნა, იქნებ სამი-ოთხი ძლიერი ფეხბურთელიც დავიმატოთ. გასულმა სეზონმაც გვაჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში, "კოლხეთი" ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

- და თუ სასურველი ბიუჯეტი არ გექნათ, მაშინ რა იქნება გამოსავალი?
- ასეთ შემთხვევაში, აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ.

- ლაშა ჯაკობია თუ რჩება "კოლხეთის" სპორტულ დირექტორად?
- რა თქმა უნდა?! ლაშამ გუნდის წინსვლისთვის ბევრი რამ გააკეთა და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი მაქვს. მას აქვს სურვილი, ორი ლეგიონერი ჩამოიყვანოს, მაგრამ ესეც ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

- სტადიონის რეკონსტრუქციას თუ დაადგა საშველი?
- სტადიონს ადრე თუ გვიან ეშველება. მჯერა, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება, რომ ახალ სტადიონზე ნორმალური გუნდით შევიდეთ. თუ გუნდი არ გვეყოლება, სტადიონის აშენებას რა აზრი ექნება?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გახდა ერტი პატარა სტადიონი პოტში მტავრობისტვის რო ვერ გააკეტეს
0

სიახლეები პოპულარული