ვლადიმირ ლობასი: რთული იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ხელები ჩამოვუშვათ

AutoSharing Option
მარტვილის "მერანში" არსებულ მძიმე სიტუაციაზე უკვე არაერთხელ დავწერეთ.

ფაქტობრივად, დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლუბი ყველა გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა და მომავალ სეზონში მარტვილელებს ფონს გასვლა მხოლოდ ახალგაზრდებით მოუწევთ.

"ლელო" "მერანის" უკრაინელ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ლობასს გაესაუბრა:

- რა მდგომარეობაა "მერანში"?
- როგორც იცით, კლუბს ისეთივე დაფინანსება აღარ ექნება, როგორიც ადრე იყო. ამის მიუხედავად, გუნდი შეიკრიბა და დავიწყეთ სამზადისი ახალი სეზონისთვის. ასეა თუ ისე, ვცდილობთ, მზადყოფნაში შევხვდეთ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებას.

- გუნდი ყველა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა?
- აბსოლუტურად! რა გაეწყობა, ახალგაზრდა კადრებით უნდა
გავიდეთ ფონს.

- რთული იქნება...
- რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ხელები ჩამოვუშვათ.

- რატომ შეიქმნა კლუბში პრობლემები?
- მე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, მოხდა ის, რაც მოხდა.

- და მაინც, თქვენ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტეთ...
- ასეა. მიმაჩნია, რომ ერთად შეგვიძლია, წარმატებით ვიმუშაოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

- "მერანის" ღირსებას მხოლოდ ადგილობრივები დაიცავენ თუ ფეხბურთელებს სხვა გუნდებიდანაც მიიწვევთ?
- არა, იქნებიან მოწვეულებიც. ჩვენ აქცენტს ისეთ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ, რომლებიც ახალგაზრდები არიან და საკუთარი შესაძლებლობები ჯერაც დასამტკიცებელი აქვთ.

- თქვენი ასისტენტი შალვა ღონღაძე გუნდში რჩება?
- ამ ეტაპზე ერთად ვატარებთ ვარჯიშებს. კარგი იქნება, თუ აზრს არ შეიცვლის. მისი დონის პროფესიონალთან საქმიანობა სასიამოვნოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული