გია გეგუჩაძე: იაშვილი დიდ როლს თამაშობს ამ საპასუხისმგებლო საქმეში

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სლოვენიური შეკრება მოითავა. გია გეგუჩაძის გუნდმა იქ სამი საკონტროლო მატჩი გამართა. წააგო მაკედონიურ "შკენდიასთან" (0:1) და მოუგო სლოვენიურ კლუბებს - "დომჟალესა" (3:1) და "ზავრჩის" (2:0).

"ლელო" დინამოელთა მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, თავდაპირველად შეაფასეთ სლოვენიური შეკრება...
- შეკრებას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შევაფასებ. ამ დროისთვის, არ გვაქვს სერიოზული ტრავმები და ეს გარემოება მახარებს. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ უკვე გადადგმულია.

-
ისე, "დინამოს" სლოვენიაში მაინცდამაინც ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია...

- მეც მინდოდა, ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საშუალება ნამდვილად არ იყო. სამომავლოდ, თუ გვინდა, რომ გვქონდეს რეიტინგი, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ვიმეორებ - ახლა არ იყო ამის საშუალება.

- თქვენი აზრით, რომელი იყო "დინამოს" საუკეთესო მატჩი სლოვენიურ შეკრებაზე?
- თქვენი ნებართვით, მე ასე არ დავყოფდი ამ შეხვედრებს. თუნდაც პირველი თამაში რომ ავიღოთ, არ ვიყავი უკმაყოფილო, თუ არ ჩავთვლით შედეგს. მეორე და მესამე მატჩებში კი გავიმარჯვეთ.

გუნდში არის არაერთი ახალწვეული, მიმდინარეობს მათი შეთამაშების პროცესი...

- ახალწვეულებზე ცალკე გკითხავთ, განსაკუთრებით - ალექსანდრე იაშვილზე...
- მეც კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ. იაშვილი ძალიან უშუალო ადამიანია, ყველასთან მეგობრობს. ჩვენ არც ვერევით ამ პროცესში. ის დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელების განწყობის, გუნდის მშენებლობის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. ჩვენი გუნდის არც ერთ ახალწვეულს არ ჰქონია ადაპტაციის პრობლემა. ბევრს მეგობრები დახვდნენ "დინამოში"...

ეგ არის, რომ მინდორზე მათი შეთამაშების პროცესი გრძელდება და ეს სავსებით ბუნებრივია.

- როგორც ვიცით, "დინამოს" ინტერესის სფეროში არიან ალეკო ამისულაშვილი და კახა მახარაძე...
- ეს არის სამუშაო პროცესი და ბევრი ფეხბურთელია ჩვენი ინტერესის სფეროში. დღეს ჩვენ დროის დეფიციტი გვაქვს. ევროტურნირები კარს მოგვადგა. ამიტომ, სატრანსფერო ფრონტი ორ ეტაპად უნდა გავშალოთ - ევროტურნირებამდე და ევროტურნირების შემდეგ.

- ვიცით, რომ ლაშა თოთაძის გადაბირება ბაქოს "ინტერს" სურს. მისი შესაძლო წასვლა "დინამოს" დაცვას შეასუსტებს...
- სიმართლე გითხრათ, პირველად ეს ინფორმაცია თქვენგან მესმის. თოთაძე "დინამოს" სრულფასოვანი წევრია. ის დიდი შემართებითა და მონდომებით ვარჯიშობდა სლოვენიურ შეკრებაზე და არ მგონია, სადმე წასვლის სურვილი ჰქონდეს.

- რენე ფერეირა რატომ არ ჩანდა "დინამოს" მიერ გამართულ საკონტროლო შეხვედრებში?
- რენეს გარკვეული ოჯახური პრობლემები ჰქონდა. ის გვიან შემოგვიერთდა.

- ჩვენ უკვე გავეცანით თქვენს პირველ კომენტარს ევროპალიგის წილისყრის შემდეგ. ახალი ინფორმაცია ხომ არ მოიპოვეთ "გაბალაზე"?
- ეს კომენტარი რომ გავაკეთე, მას შემდეგ თბილისში წამოვედით სლოვენიიდან. ამ თემაზე მიდის უკვე მუშაობა, მაგრამ ახლა ბევრს ვერაფერს დავამატებ იმ კომენტარს, რომელიც გავაკეთე. ფაქტია - მეტოქედ გვერგო გუნდი, რომელსაც ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელი და ასეთივე ფეხბურთელები.

- საპასუხო შეხვედრა აზერბაიჯანშია. ეს "გაბალასთვის" გარკვეული უპირატესობა ხომ არ არის?
- მოდით, ვთქვათ პირდაპირ - ჩვენ თუ ვთამაშობთ ფეხბურთს და თუ ვართ ევროტურნირების მონაწილეები, უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ნებისმიერი გუნდი შეგვხვდეს და პირველი თამაში ან სტუმრად გვქონდეს, ან გასვლაზე. ნუ მივანიჭებთ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ფეხბურთში მეორეხარისხოვანი ფაქტორები არ არსებობს.

რა თქმა უნდა, წილისყრის ასეთი შედეგი სხვა სტრატეგიის არჩევას განაპირობებს, მაგრამ მაინც არ არის მთავარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
gabalas gavivlit akac mougebt da ikac araperi gundi ar aris
sergo
15:22 27-06-2015
0
სერგოსნაირების გამო ვართ იქ სადაც ვართ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული