"ზუგდიდმა" მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბესიკ შეროზიას გაწვრთნილებმა პირველი ლიგის ბინადარ ხობის "კოლხეთს" "ბაიას" ბაზაზე უმასპინძლეს. ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოსცადა, ვინც 12-დღიანი შეკრების შემდეგ დაიტოვა. შეროზიამ ახალწვეულები გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით ათამაშა.
თავიდანვე, გია გურულის გაწვრთნილმა "კოლხეთმა" მეტოქეს მწვავედ შეუტია, თუმცა ანგარიში ზუგდიდელებმა გახსნეს, როცა მე-9 წუთზე გოგი ფიფიამ შეტევა მარცხენა ფლანგზე გურამ სამუშიას გაუგრძელა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა და - 1:0.
შესვენების შემდეგ შეროზიამ პირველი ტაიმის შემადგენლობიდან მხოლოდ მარჯვენა
63-ე წუთზე ხობელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მასპინძლები ორ წუთში ისევ დაწინაურდნენ - მარჯვენა ფლანგიდან ცოტნე სამუშიას ჩინებული გადაცემის შემდეგ კარის წინ დასწრებაზე კარგად ითამაშა მურთაზ ჩანგელიამ და თავურით ანგარიში 2:1 გახადა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გოლი "ზუგდიდისთვის" გამარჯვების მომტანი ყოფილა.
ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, თიბილაშვილი, ნარმანია, ქანთარია, წყაროზია, გ. სამუშია, ფიფია, წურწუმია, ფარჯიკია, კვარაცხელია; II ტაიმი: ჯომიდავა, ქომეთიანი, მაჩაიძე, ჩანადირი, კ. ახალაია, ჟვანია, არახამია, დ. კუტალია, თუთბერიძე, ც. სამუშია, ჩანგელია.
აღსანიშნავია, რომ მურთაზ ჩანგელია ზუგდიდელებს მცირე ხნის წინათ დაუბრუნდა. ის იყო 17-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ბოლო წლებში კი ლიტვასა და პირველი ლიგის "სასკოში" თამაშობდა.
შეროზიამ ჭაბუკთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიც მოსინჯა. "ზუგდიდში" პირველად ითამაშა საყრდენმა ნახევარმცველმა გაგა თიბილაშვილმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში სომხეთში, კერძოდ - "ულისსა" და "იმპულსში" თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა და საქართველოში დაბრუნდა. ის ჯერ ცხინვალის "სპარტაკში" იყო, ბოლოს კი წალენჯიხის "სქურში" გამოდიოდა.
"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ შეროზიამ სინჯებზე მყოფი უკრაინელი ლეგიონერები - ვადიმ გრიპა და სერგეი კოტი გუნდიდან დაითხოვა. თუმცა, შესაძლოა, "ზუგდიდში" მალე ლეგიონერები ისევ გამოჩნდნენ. ამჯერადაც, ლაპარაკია უკრაინელებზე.
გარდა ამისა, "ზუგდიდს" კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ ზაალ ელიავა და ოთარ ჯავაშვილი. პირველი - ეროვნული ნაკრების მოთამაშე გახლდათ და ბოლოს "სასკოში" (I ლიგა) თამაშობდა. ჯავაშვილი კი ადრეც იყო "ზუგდიდის" მოთამაშე, შემდეგ კი ბედს უცხოეთში ცდიდა.
მორიგ საკონტროლო შეხვედრას "ზუგდიდი" ფოთში, ადგილობრივ "კოლხეთთან" 14 ივლისს გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"