ლადო ბურდული: საუბარი იმაზე, რომ "ალბასეტესთან" პროექტი ჩავშალე, აბსურდია

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" დირექტორ ლადო ბურდულს ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე ველაპარაკეთ - როგორ იმართება კლუბი, რატომ არ თამაშობს "სიონი" საკუთარ სტადიონზე, რა დამსახურებისთვის გამოარჩიეს "სიონის" მენეჯმენტი და ასე შემდეგ...

- დავიწყოთ იმით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში "სიონი" საკუთარ ქალაქში არც თამაშობს და არც ვარჯიშობს...
- ყველა სეზონის დაწყების წინ, კლუბი ფეხბურთის ფედერაციას წერილობით აცნობებდა და სთხოვდა, რომ "სიონს" ეთამაშა საკუთარ კედლებში. სფფ-ს მხრიდან, ყველა ჩვენს წერილზე ხდებოდა შესაბამისი რეაგირება. ჩამოდიოდა კომისია, რომელიც ამოწმებდა მოედნის საფარის მდგომარეობას, უსაფრთხოების ზომებს და სხვა სტანდარტებს.
ყველა წერილზე, რომელიც ფედერაციაშია გაგზავნილი, პასუხი მოვიდა უარყოფითი. მიზეზი იყო მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და უსაფრთხოების პარამეტრების არქონა.

ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა ეს ინფორმაცია დეტალურად დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, შებრძანდეს გვერდზე და ნახოს ეს ყველაფერი.

- კი მაგრამ, სამი წლის განმავლობაში სტადიონს რით ვერ მოევლო?
- ორი წლის წინათ, როგორც მარტვილის საფეხბურთო კლუბს, ასევე ბოლნისისას, ამ მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოეყოთ 1,2 მილიონი ლარი, რათა ამ ორ ქალაქში მოწყობილიყო სათამაშო მოედნები. ბოლნისის გამგეობის წინა ხელმძღვანელობამ ეს თანხა ვერ აითვისა. მისთვის განკუთვნილ დროში შესაბამისი პროექტი ვერ წარადგინა, ცენტრალურმა ბიუჯეტმა კი აუთვისებელი თანხა უკან წაიღო, მარტვილის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით. იქ გაკეთდა მოედანი და თამაშობენ კიდეც.

- კლუბის დირექტორი თქვენ ხართ და სტადიონის გამო ვის უსაყვედურებენ?
- დიახ, კლუბის დირექტორი მე ვარ, მაგრამ ბოლნისის სტადიონები არ არის ჩვენს ბალანსზე, მას კურირებს მუნიციპალიტეტთან არსებული სამსახური.

- გასაგებია, ბოლნისში ვერ თამაშობთ, მაგრამ ამხელა რაიონში სავარჯიშო მოედანიც არ გაქვთ?
- მოგეხსენებათ, ბუნებრივი საფარი დღეში ერთ ვარჯიშზე მეტს არ უძლებს. თუ იქ ივარჯიშებდა პირველი გუნდი, დუბლშემადგენლობა და ორი ასაკობრივი გუნდი, ბოლნისში არსებული მოედანი არც დუბლშემადგენლობისთვის დაიშვებოდა და არც - ასაკობრივისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ გუნდს ევარჯიშა თბილისში, რათა ეს მოედანი მაინც შეგვენარჩუნებინა ისეთ ფორმაში, რათა დუბლებისა და ასაკობრივი გუნდებისთვის მაინც ყოფილიყო დასაშვები აქ თამაში.

- ბოლოს და ბოლოს, ბოლნისში როდის ითამაშებთ?
- მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად ვამზადებთ საერთო წერილს, რომ მივმართოთ საქართველოს მთავრობას. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, რათა, იქნებ ხელმეორედ გამოგვიყოს ის უკან დაბრუნებული 1,2 მილიონი, რომ დამთავრდეს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია და ამ თემით სპეკულირება. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ბოლნისში ფეხბურთი მალე დაბრუნდეს.

- კლუბის განვითარებაზეც ვილაპარაკოთ...
- საამისოდ, მუნიციპალური დაფინანსების მქონე კლუბებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა. ბიუჯეტში გქონდეს 1,2 მილიონი ლარი, იფიქრო ოთხი გუნდის შენახვასა და ამავდროულად, ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ სახელმწიფო პროგრამა არ ამოქმედდა. ეს აუცილებელია განსაკუთრებით ისეთი გუნდებისთვის, როგორებიც არიან "სიონი", ბათუმის "დინამო", "ცხინვალი"... რადგან ამ გუნდებს არ გააჩნიათ არანაირი ინფრასტრუქტურა, ბაზა, სავარჯიშო მოედნები, სკოლა და ასე შემდეგ. აუცილებელია სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება, რომელიც იზრუნებს ყველა ასეთ ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

- "ალბასეტესთან" თანამშრომლობის პროექტი ჩაიშალა და ამის გამოც, კენჭი თქვენს ბოსტანში აღმოჩნდა...
- ჩემი ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც ეს პროექტი ჰქონდა ჩამოტანილი, მოლაპარაკებებს მუნიციპალიტეტთან, კერძოდ, მის ხელმძღვანელ გოგი მეშველიანთან აწარმოებდა. ეს "სიონს" ხელს არანაირად არ უშლიდა, პირიქით, იყო პარალელური პროექტი, რომ ბოლნისში დაარსებულიყო ერთ-ერთი მაღალი დონის საფეხბურთო სკოლა.

იმაზე ლაპარაკი, რომ ეს პროექტი ლადო ბურდულის ჩარევით ჩაიშალა, აბსურდია. არანაირი შეხება არ მქონია ამასთან. პირიქით, მის წამოწყებას მივესალმებოდი, რადგან ეს სკოლა "სიონს" კარგი ფეხბურთელებით მოამარაგებდა. ჩემი ინფორმაციით, ბატონი მეშველიანი დღესაც კი ელოდება ამ იდეის დასრულებული ვერსიის ნახვას და შემდეგ საქმის დაწყებას. თუმცა ეს საქმე ლაპარაკის იქით აღარ წასულა.

ჩემთვის, ასევე, გაურკვეველია, ერთი წლის განმავლობაში 300-ბავშვიანი სკოლა 100 ათას ლარად როგორ უნდა შეინახო. თუ ამას დეტალურად გავშლით, 300 ბავშვი გამოდის 15 ჯგუფი თითოეულში 20 ბავშვით. 15 ჯგუფს, ქამრების შემოჭერის პირობებში, სჭირდება 10 მწვრთნელი. თითო მწვრთნელმა ორ ჯგუფში უნდა ჩაატაროს ვარჯიში. მწვრთნელზე მინიმუმ ხელფასი ავიღოთ 500 ლარი, წელიწადში ეს გამოდის 50 ათასი ლარი, ამას დამატებული 9 ათასი საშემოსავლოს გადასახადი, დაგვრჩა 41 ათასი ლარი.

15 ჯგუფს სჭირდება სათამაშო, სავარჯიშო ფორმები, ბურთები, სხვა სპორტული ინვენტარი, პლუს ამას, 15-ვეს უნდა მიაღებინო მონაწილეობა ასაკობრივ ტურნირებში და დახარჯო თანხა ტრანსპორტირებასა და კვებაში. ამ 41 ათასის ამ ყველაფერზე გადანაწილება წელიწადში როგორ წარმოგიდგენიათ?

რა გამოდის, თითო ბავშვებზე რა თანხა უნდა დაიხარჯოს? 41 ათასი გავყოთ სამას ბავშვზე და გავყოთ 12 თვეზე... თანაც, ეს თანხა არ ეხება სპორტულ ინვენტარსა და ფორმებს. დასკვნა და დათვლა თქვენთვის მომინდვია.

- დუბლებისადმი თქვენს უყურადღებობაზეც ლაპარაკობენ...
- მაშინ, ქვეყნის რომელიმე ისეთი გუნდი დამისახელეთ, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც 11 ადგილობრივი ირიცხება და თამაშობს? თავის გამოჩენის შანსი ყველა მათგანს მიეცა. დუბლებიდან 5 ბოლნისელი დავაწინაურე, ამიტომ, ამ საყვედურს ვერ მივიღებ.

- კითხვა გაჩნდა "სიონის" გამორჩევასთან დაკავშირებითაც. რა დასამალია და, "სიონმა" ბოლო სეზონი ჩააგდო და საინტერესოა, მენეჯმენტში რა კუთხით გამოგარჩიეს?
- ეს შეფასება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით კეთდება: ვის რა რესურსი გააჩნია, მას როგორ ხარჯავს, რა ეფექტით და ასე შემდეგ. რომ იცოდეთ, მე ერთხელაც არ მომითხოვია დამტკიცებული ბიუჯეტის გაზრდა, რადგან წლის დასაწყისში თანხას რომ მიმტკიცებენ, ვიცი, რომ ის წლის ბოლომდე უნდა ვიმყოფინო.

ამ კვლევის თანახმად, "სიონის" მენეჯმენტი დაჯილდოვდა იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, არსებული ბიუჯეტის სწორად გადანაწილება იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობის თანამშრომელიც ჰყავდა კლუბს, მისი მიზნობრივი ხარჯვა იყო გამჭვირვალე და სუფთა. ჩვენ მესამე ადგილი მაშინ დავიკავეთ, როცა თბილისის "დინამოსთან" ერთად, "ზესტაფონი" და "ჩიხურაც" ძლიერები იყვნენ. ეს არ იყო სასწაული?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მშიერს რატო კლავ ლადო ბავშვების გუნდს? შენც ხო იყავი მაგათი ტოლის! პერაშკის ფული მაინც მიეცი!
0
ამდენი ადგილობრივი მთავარ გუნდში არასოდეს ყოფილან, საგოლ ლადო.
0

სიახლეები პოპულარული