დავით ჯიქია: ცუდი ისაა, რომ "საბურთალოს" გადაწყვეტილების შესახებ ახლა მითხრეს...

AutoSharing Option
"საბურთალომ" ბოლო საკონტროლო შეხვედრა თერჯოლის "საპოვნელასთან" გამართა. ამ მატჩში მოედანზე არ გამოჩენილა თავდამსხმელი დავით ჯიქია.

სამწუხაროდ, გამართლდა ვარაუდი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას გუნდის დატოვება მოუხდებოდა. "საბურთალოს" ორი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰყავდა - ჯიქია და გურამ გოშთელიანი, მაგრამ გუნდში გამოცდილი ჯაბა დვალის მისვლის (მართალია, დვალს კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ საქმე აქეთკენ მიდის) შემდეგ ჯიქია უსაქმოდ დარჩა და ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

ეს ამბავი მან "ლელოს" თავად დაუდასტურა.

"დიახ,
ასეა, "საბურთალოდან" წამოვედი. მწვრთნელთან დავილაპარაკე და ორივე ამაზე შევთანხმდით. არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. ჩემთვისაც ასე აჯობებდა.

რატომღაც მოხდა ისე, რომ "საბურთალოში" საქმე ვერ ამეწყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

არაფერია, მქონდა აღმავლობა და ახლა ჩავარდნის პერიოდი დამიდგა, მაგრამ ცხვირი არ ჩამომიშვია. პირიქით, ზოგი ჭირი მარგებელია და იმედია, ახალ გუნდს მალე მოვძებნი.

მაგრამ ცუდი ისაა, რომ გადაწყვეტილება ახლა მითხრეს, როცა სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა და გუნდები დაკომპლექტებულია", - ამბობს ჯიქია.

2009 წელს, 14 წლის ასაკში, ჯიქია მიუნხენის "ბაიერნის" საბავშვო გუნდში აღმოჩნდა. "ბაიერნის" მწვრთნელებს მისი დატოვება სურდათ, მაგრამ არაევროკავშირელობამ ხელი შეუშალა.

ჯიქია ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან "ბარსელონას" იმ 19-წლამდელთა კარშიც გაიტანა გოლი, შარშან ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგაში რომ გაიმარჯვა. მაშინ "ლოკომოტივმა" კატალონიელებს მისსავე ბაზაზე 1:0 სწორედ ჯიქიას ერთადერთი გოლით მოუგო.

მისი კარიერა აღმავალი გზით მიდიოდა მანამ, ვიდრე შარშან თბილისის "ლოკომოტივიდან" "დინამოში" გადავიდოდა. ჯიქიამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ბოლომდე ვერც "საბურთალოს" შეეწყო.

არადა, ნიჭიერია და იმედია, ამ ნიჭს ახლა მაინც გამოავლენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დათო სამტრედია შესანიშნავი ვარიანტი იქნება,იქ ახალგაზრდულ გუნდს აკეთებს ცეცაძე
paata
20:33 23-07-2015
0
ავტორს. უგუნდოთ თუ არის,ახლა მაინც როგორ გამოავლენს ნიჭს? რაღაც არ ჯდება ლოგიკაში თქვენი ნააზრევი მერაბ. თქვენს ადგილას მე ასე დავწერდი - "არადა, ნიჭიერია და იმედია, ამ ნიჭს ახალ გუნდში მაინც გამოავლენს". არ მეტანხმები?
guklshematkivari
15:11 23-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული