ლაშა თოთაძე: რატომ წამოვედი "დინამოდან"? ჰკითხეთ გეგუჩაძეს...

AutoSharing Option
"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" კაპიტანი ლაშა თოთაძე დაიმატა. სეზონის განახლებამდე მცირე დროა დარჩენილი და გუნდების უმრავლესობა დაკომპლექტებულია. ასეთ დროს ტრანსფერი მართლაც მოულოდნელია და კითხვებსაც აჩენს.


"ლელო" ლაშა თოთაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" თქვენი გადასვლა ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" კაპიტანი იყავით და რატომ დატოვეთ გუნდი?
- ეს მე კი არა, გია გეგუჩაძეს უნდა ჰკითხოთ...

- ასეთი რა მოხდა?
- გაბრაზებული ნამდვილად არ ვლაპარაკობ, მწვრთნელია და თავისი შეხედულება აქვს.
მითხრა - ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდები და თუ თამაში გინდა, სხვაგან უნდა გადახვიდეო. სასიამოვნო მოსასმენი არ ყოფილა. მაგრამ პრობლემაც არაა, პირიქით, "დინამოს" წარმატებას ვუსურვებ. მე კი ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი.

- თქვენი პოზიცია სულ გაურკვევლობას იწვევდა. ვიცით, რომ მარცხენა მცველად თამაში არ გხიბლავდათ...
- მარცხენა მცველი არც ვარ, ცენტრშია ჩემი ადგილი. მარცხნივ თამაში არც მიყვარს და არც მეხერხება, მაგრამ რომ დამავალეს, უარს ხომ ვერ ვიტყოდი?

- "საბურთალოში" როდემდე დარჩებით?
- აქ დეკემბრამდე ვითამაშებ, იჯარით...

- ვიცით, რომ ზაფხულში ბაქოს "ინტერი" გიწვევდათ. "დინამომ" არ გაგიშვათ?
- შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ ჯერ ერთი, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი მაკავშირებს; მეორეც - ევროპის ლიგისთვის ვემზადებოდით და წასვლა არ გამოდიოდა. შესაძლოა, აზერბაიჯანელები "დინამოს" თანხაზე ვერ შეუთანხმდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- ერთი წლის შემდეგ და კლუბს მისი გახანგრძლივების უპირატესი უფლება გააჩნია. გულწრფელად ვამბობ - "დინამოზე" ნაწყენი არ ვარ. ახლა ასე მოხდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, ხვალ მივბრუნდე. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს", მის ხელმძღვანელობასა და "გლადიატორებს" მინდა მადლობა გადავუხადო. მათგან ყოველთვის გამორჩეულ სითბოს ვგრძნობდი...

მაგრამ ახლა მოვხვდი გუნდში, რომელზეც სულ კარგი მესმოდა, მაგრამ რეალურად რაც ვნახე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სიმართლე გითხრათ, "საბურთალოში" გადასვლა რომ შემომთავაზეს, ბევრი არც მიფიქრია.

არ მეგონა, რომ ახალგაზრდულ კლუბში ასეთი კარგი, პროფესიული გარემო დამხვდებოდა. საინტერესო ხალხია, თავიანთი ხედვა გააჩნიათ და ფაქტია, კლუბს ამ გეგმის მიხედვით ავითარებენ. დაარსებიდან მესამე წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ - ეს ნამდვილად არ არის პატარა ამბავი!

- გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეთ?
- დიახ, უკვე დუშეთში ვარ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და დიდი მონდომებითაც ვარჯიშობენ, ამ დროს მათ ხმას ვერ გაიგებ. უცხოეთშიც მითამაშია და თბილისის "დინამოშიც", მაგრამ აქ ისეთი გარემოა, დარწმუნებული ვარ, ბევრ ნაკლს გამოვასწორებ და პროფესიულადაც დავიხვეწები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლაშა წარმატებებს გისურვებ, არ ხარ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ცუდი მცველი, მაგრამ ფაქტია ევროპის ლიგის თამაშებზე ვერ იყავი მოწოდების სიმაღლეზე. სისწრაფეშიც იჩაგრებოდი და პოზიციური შეცდომებიც ბევრი იყო. მესმის ევრო მატჩებს თავის ნერვიულობა ახლავს მაგრამ სწორედ ესეთ დროს ვლინდება კარგი და დიდი ფეხბურთელობა
0
რაც თავისი საქციელით დინამოს დაუშავა,სამართლიანად მიიღო.ყოჩაღ გეგუჩაძე. ეს კაცი მართლა დააყენებს გუნდს. საინტერესოა კაჭარავას როგორ დასჯის მამამისი?
ნუკრი
07:03 29-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული