ცვლილება საკმაოდ ბევრია: საჩხერელთა დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, გუნდი ძირითადი შემადგენლობის წევრების უმრავლესობამ დატოვა - მეკარე მაქსიმე ქვილითაია პირველი ლიგის ცხინვალის "ლიახვში" გადავიდა, კაპიტანი დავით ოდიკაძე კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" აგრძელებს, არჩილ ბაჯელიძე - მშობლიურ ქობულეთის "შუქურაში".
ახალ გუნდებს ეძებენ - მეკარე თორნიკე ზარქუა და ლაშა ჭელიძე, უკრაინელი ლეგიონერები - გიული მანჯგალაძე,
შუკაკიძემ დარჩენილთა ვინაობაც გვითხრა. ძირითადი ბირთვიდან გუნდში არიან შოთა კაშია, გიორგი კორიფაძე, გიორგი განუგრავა, დენის დობროვოლსკი, ლაშა კუჭუხიძე, თორნიკე მუმლაძე და ბესიკ დეკანოიძე, აგრეთვე - კახა კაკაშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი და ლაშა ჩიკვაიძე. მხოლოდ მიხეილ სარდალიშვილის საკითხია გასარკვევი, რომლის ტრანსფერიც "ზესტაფონს" ეკუთვნის.
არაორდინარული ვითარების გამო "ჩიხურას" დაკომპლექტება ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება. ამჟამად კი, სოსო ფრუიძემ საკმაოდ ბევრი ახალწვეული მიიწვია - "ზესტაფონიდან" მეკარე დავით კუპატაძე და ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე, "სამტრედიიდან" მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, გორის "დილადან" - ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ბოლნისის "სიონიდან" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე (რომელიც გულშემატკივარმა "ზესტაფონიდან" გაიცნო), "ვიტ ჯორჯიის" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი გურეშიძე და რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ჯოხაძე.
"მათ გარდა, ახალგაზრდებიც მოვიწვიეთ. დუბლებიდან ფრუიძემ ნიჭიერი ბიჭები, გაბაძე და კამლაძე დააწინაურა, მაგრამ ჯერ არც ერთ მოთამაშესთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია.
კიდევ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ველოდებით. ვინ დარჩება, ამაზე გადაწყვეტილებას ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივიღებთ", - ამბობს შუკაკიძე.
ძნელი სათქმელია, ასეთ პირობებში საჩხერელები რომელ ჯგუფში დამკვიდრდებიან, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გუნდს, რომელმაც გასულ ზაფხულს ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა, შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"