”დინამოში” შთაბეჭდილება ვერც ბრაზილიელებმა დატოვეს

AutoSharing Option
ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის მზადებას "დინამო" თბილისში აგრძელებს და კახა კაჭარავას გუნდმა გუშინ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. რა თქმა უნდა, მოსამზადებელ ეტაპზე ამა თუ იმ სპარინგ-შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს; მაგრამ ”დინამოს” ქომაგებისათვის მაინც სასიამოვნო უნდა იყოს თავიანთი საყვარელი გუნდის წარმატებული ასპარეზობა;

შეგახსენებთ, რომ გუშინდლამდე ”დინამოს” სამი საკონტროლო მატჩი ჰქონდა მოგებული და ”ტრადიცია” არც ახლა დაირღვა; ოღონდ, თუ წინა სამივე მატჩში კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქეები დიდი ანგარიშით დაამარცხა, ამჯერად მხოლოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გუშინდელი
მოწინააღმდეგის დამსახურებაც არის (უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ”შემზადებულ” გორის ”დილას” ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია) და უმნიშვნელო არც ის ფაქტი იყო, ”დინამო” კვლავაც რომ აგრძელებს სელექციის პროცესს.

აი, ახლაც, გორის ”დილასთან” მატჩში ”დინამოს” შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეული ვიხილეთ, თუმცა ყველა მათგანზე ერთნაირი შთაბეჭდილება ნამდვილად არ შეგვქმნია და ყოველივე ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი გუშინდელ საკონტროლო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობებს გაგაცნობთ.

”დინამო”: ზარქუა-კაკუბავა, გ. კვარაცხელია, იევტიჩი, მაროვიჩი-კვეკვესკირი, კოშკაძე-ი. ბერაია (61. კახელიშვილი), დანილო (46. ედნილსონი), ვუკაილოვიჩი (70. ლეკვთაძე)- ტიაგო დე პაულა (46. ტატანაშვილი).
”დილა”: კეჩხუაშვილი-ჭითანავა, ყველაშვილი, ქარქუზაშვილი, შათირიშვილი-ჯოჯუა, ნოზაძე, ცარიელაშვილი-გოგინაშვილი, სადაღაშვილი-ახალკაცი.
შეცვლაზე შემოვიდნენ: შეყრილაძე, ტლაშაძე, რაჟამაშვილი, კ. ხანიშვილი, კუტალია, მიხანაშვილი, რუსიშვილი, ხუციშვილი.

ვიდრე მატჩის პერიპეტიებს აღვნიშნავდით, მანამდე ”დინამოს” დანაკლისიც უნდა ვახსენოთ: შოთა კაშია ფეხს იტკივებს, გიორგი ლორია და რობერტინიო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ, ხოლო გულვერდ თომაშვილსა და ნიკა ფირცხალავას მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.

”დინამოს” შემადგენლობაში განსაკუთრებულ ინტერესს პოტენციური ახალწვეულები იწვევდნენ და ორი მათგანი სულაც რამდენიმე საათის წინ იყო თბილისში ჩამოსული. ორივე ბრაზილიელია: 23 წლის დანილო ამპლუით გამთამაშებელია და ადრე პაულისტას შტატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა; აი, 25 წლის ცენტრფორვარდის ტიაგო დე პაულას უკანასკნელი კლუბი კი... ვიეტნამური ”გია ლაი” ყოფილა.

ვერ გეტყვით, აკლიმატიზაციას თუ სხვა მიზეზს დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიელებმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვეს. ერთადერთი, რაც დაგვამახსოვრდა, პირველი ტაიმის შუაგულში დანილომ ”ბრაზილიური ფინტით” მეურვე რომ ჩამოიცილა და საშუალო მანძილიდან გორელთა კარში დაარტყა, - აი, ეს იყო სულ; ვერც სერბ ცენტრალურ მცველზე, მარკო იევტიჩზე ვიტყვით, რომ საიმედოდ თამაშობდაო - პირველ ტაიმში ”დილამ” ორი სახიფათო მომენტი სწორედ მისი პოზიციიდან შექმნა; არადა, ორივე შემთხვევაში დიდი შანსი იყო, გოლიც გვეხილა, მაგრამ ”დილას” გამოცდილ ფეხბურთელებს რომან გოგინაშვილსა და რომან ახალკაცს მიზანმა უმტყუნათ. თუმცა, ”დინამოს” დებიუტანტ მეკარეს თორნიკე ზარქუასაც ნუ დავუკარგავთ გარჯას, ვინც გოგინაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია.

შესვენების შემდეგ კახა კაჭარავამ ორივე ბრაზილიელი გამოცვალა და რამდენიმე ფეხბურთელსაც პოზიცია შეუცვალა: მანამდე მარცხენა გარემარბად მოასპარეზე ვლადიმირ ვუკაილოვიჩი გამთამაშებლად მოგვევლინა, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე მარჯვენა გარემარბად ვიხილეთ, ხოლო ”დინამოს” კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული ირაკლი ბერაია კი - მარცხენა გარემარბად. საყრდენ ნახევარმცველთა ”დუეტი” კი გამოცდილმა ედნილსონმა და ახალგაზრდა ნიკა კვეკვესკირმა შეადგინეს და მათი დიდი დამსახურებაც იყო, მეორე ტაიმში ”დინამო” ბევრად უფრო ”დალაგებულ” ფეხბურთს რომ უჩვენებდა.

ცვლილებები იყო სტუმართა გუნდშიც და ყველაზე საინტერესო მაინც ბექა შეყრილაძის გამოჩენა გახლდათ, ვინც ”დილაში”... ”დინამოდან” გადავიდა. ერთ ეპიზოდში შეყრილაძე უძლური იყო საკუთარი გუნდი გადაერჩინა, მაგრამ ”დილა” აშკარა გოლს გივი ქარქუზაშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ეს სახიფათო მომენტი კი შეტევაში ჩართულმა მარკო მაროვიჩმა შექმნა და საერთოდაც, სერბ მარცხენა მცველს ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ისე როგორც მის თანამემამულეს ვლადიმირ ვუკაილოვიჩს, რომელმაც ლევან კაკუბავასთან მართლაც ეფექტური და რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშა, საბოლოოდ ”დინამოს” მარჯვენა მცველის ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა. მატჩის ბოლომდე ორივე გუნდს მეტ-ნაკლებად შეეძლო ანგარიშის შეცვლა, დიმიტრი ტატანაშვილიც ერთობ მონდომებული იყო ახალი გუნდის მაისურით მორიგი გოლი რომ გაეტანა, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ეტაპის დაწყებამდე ”დინამო” მზადებას თურქეთში გააგრძელებს, მაგრამ მანამდე გუნდს კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი აქვს დაგეგმილი - ხვალ ”გაგრას” დაუპირისპირდება. და კიდევ ერთი სიახლე ”დინამოდან”: როგორც იცით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო გუნდში გიორგი ფოფხაძის ჩარიცხვა; დანიური ”ვიბორგის” ყოფილმა მცველმა სტუ-სა და ”ლოკომოტივის” წინააღმდეგ ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა, მაგრამ დიდი ალბათობით, ”დინამოს” ნაცვლად, ფოფხაძე კარიერას რუსულ პრემიერლიგაში, კერძოდ ”კრილია სოვეტოვში” გააგრძელებს.

ახლა კი რამდენიმე სიტყვა ”დილაზეც” გვინდა ვთქვათ, მით უფრო, რომ გორში სერიოზულად ფიქრობენ ამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდის აღორძინებაზე. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის რევაზ ხაჭაპურიძის (ვისაც ასევე ”დილას” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ბალაშვილი ეხმარება) შეგირდები პირველი ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერები არიან და გადამწყვეტი ეტაპისათვის სერიოზულადაც ემზადებიან.

როგორც ”დილას” გუნდის უფროსმა გოჩა ლომიძემ გვითხრა, გუნდი დღეიდან შეკრებაზე ბორჯომში მიემგზავრება, მზადების შემდეგი ეტაპი კი ამჯერად უკვე ურეკში იქნება. ”დილას” შემადგენლობას თუ გადახედავთ, ბევრ ნაცნობ გვარსაც აღმოაჩენთ (პლუს ამას, გუშინ სამი ტრავმირებული ფეხბურთელი - წინამძღვრიშვილი, ლომიძე, სამადაშვილი აკლდა); იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი გამგეობა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია გუნდს ყველანაირად ეხმარება, ”დილას” სერიოზული ამბიციებიც უკვე ადვილი გასაგები იქნება...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერც დინამო აღორძინდება და ვერც გორის დილა სანამ დიდი ფული არ ჩაიდება და ევროპის საშუალო დონის ფეხბურთელებს არ მოიწვევენ.ნახეთ დინამოში ვინც მოყავთ ყველა უსახელოები არიან,ამიტომაც არის უკანვე რომ უშვებენ.........
medasxva
18:59 21-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული