ციფრებს გადახედონ!.. მარტვილის გამგებელს "მერანის" დირექტორის უკვირს

AutoSharing Option
მარტვილის გამგებელი ალეკო გრიგალავა "მერანის" დირექტორის, ელდარ ბაკურიას ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ეს უკანასკნელი გამგეობას პრეტენზიად გუნდისადმი უყურადღებობას უყენებდა.


"კლუბის დირექტორის ინტერვიუმ გამაოცა, რადგან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ საქმეს პიროვნულ ჭრილში არ გადავიყვან. აშკარაა, ჩვენ სხვადასხვა ხედვა გვაქვს და მიმაჩნია, რომ უფრო სწორ და გამართლებულ გზას ვადგავართ, გამგეობა კი იმ საქმეს აკეთებს, რაც "მერანს" წაადგება. ამაში გადაჭარბებული არაფერია.

"ლელოსთან" ინტერვიუშიც ვილაპარაკე - სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროგრამის განხორციელებას აპირებს და მისი ძირითადი არსი
ისაა, რომ კლუბში კერძო მეპატრონე მოვიზიდოთ, ბიუჯეტი კი ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურას დაეხმაროს.

ვერ ვხვდები, კერძო კლუბის წარმომადგენელი ამის წინააღმდეგი რატომ არის?

მე ასე მჯერა - ერთჯერადი დახმარებებითა და ფეხბურთელებზე გაცემული ხელფასებით ქართულ ფეხბურთს ვერ ვუმკურნალებთ. რომ იტყვიან, სპორტში მაქვს ჭიპი მოჭრილი და ვითარებამ კარგად გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კლუბის დაფინანსებამ და სხვა პრობლემების დავიწყებამ რა კატასტროფამდეც მიგვიყვანა. ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზე დავეშვით. ჩვენ იქით მხოლოდ მთვარე და მარსია", - ამბობს გრიგალავა.

მარტვილის გამგებელი "ფეხბურთისადმი გულგრილობის" პრეტენზიას პასუხობს:

"რაიონის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია და მხოლოდ ფეხბურთს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ მარტვილში ფეხბურთს არ პატრონობთო, ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ.

ყოფილი მორაგბე ვარ, ქუთაისის "აიაში" 3-ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი და რაგბის სულ 5 ათას ლარს ვურიცხავთ.

ფეხბურთზე კი გაცილებით მეტი გამოიყო - ცენტრალური ბიუჯეტიდან, "მერანის" სტადიონზე 621 ათას ლარად ხელოვნურსაფარიანი მოედანი რომ დაიგო, ამაში მუნიციპალიტეტი ჩარეული არ იყო? 191 ათასი ლარი ბავშვთა სკოლისთვის რაიონმა გამოჰყო.

ფეხბურთის, რაიონისა და ქვეყნის სიყვარულში მე ვერავინ შემეცილება. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ეროვნული ნაკრების წევრია (ბატონი ალეკო საქართველოს ნაკრების მცველის, გია გრიგალავას მამაა - ავტ.) და მე არ მინდა ფეხბურთი"?!

გრიგალავა ცდილობს, "მერანთან" დაპირისპირების ბრალდება აიცილოს:

"უდიდესი მადლობა ფრიდონ ინჯიას, კლუბს რომ ინახავს. "მერანი" უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფეხბურთს თამაშობს... მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს გუნდი, თუ არ ექნება კარგი მოედანი, ინფრასტრუქტურა და მომავალ თაობებს არ გაუზრდიან?

ფული სულ გუნდზე რომ დავხარჯოთ, მაშინ სწორედ ასე გამოვა და საკუთარი ბავშვების ნაცვლად, ჩამოსულებზე დაყრდნობა დაგვჭირდება.

ითხოვენ, სკოლა ჩვენ გადმოგვეცითო. საფეხბურთო სკოლა თუ უნდათ, ააშენონ, ვინმე უშლით? რომ ამბობენ, "მერანში" ფეხბურთელები დუბლშემადგენლობიდან და ჭაბუკთა ლიგიდან დავაწინაურეთო, ეს ბავშვები სად გაიზარდნენ? 12 ასაკობრივი გუნდი რომ არსებობს, მწვრთნელებს ჩვენ ვუხდით ფულს, მგზავრობას კი ფედერაცია აფინანსებს. სკოლებისა და სოფლების ჩემპიონატებს ვატარებთ და უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს შეშურდება, თამაშებზე იმდენი ხალხი დადის.

მასობრიობა ფეხბურთის ხელშეწყობა თუ არ არის, მაშინ არ მცოდნია არაფერი!

წარსულს მისტირიან - "მერანს" წინა გამგეობა ეხმარებოდა, დღევანდელი კი - არაო. ციფრებს გადახედონ და მიხვდებიან, რომ ნამდვილად არ არის ასე. ეს იმ მიზეზებს მაგონებს, ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთზე გული რომ აიცრუა და რაგბის აფინანსებს.

სკოლა და ფული მოგვეცით, ჩვენ მივხედავთო. მეც ვიცი, გენაცვალე, სპორტს როგორ მივხედო, სწორ გზაზე ვდგავარ და არ გადავუხვევ. უბრალოდ, არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დასდევს და მოახლოებული არჩევნებით არის გამოწვეული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ინჯიას ისიც ეყოფა 16 გუნდიანს რომ ლობირებდა.
afera
18:52 18-08-2015
0
გამგებელი მართალია
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული