საპოვნელა-სამტრედია 2:3 - სიხარულიძემ არ გაახარა...

AutoSharing Option
იმერული დერბი, რომელშიც უმაღლეს ლიგაში წლეულს გადმობარგებულმა "საპოვნელამ" "სამტრედიას" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა, საკმაოდ საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა.

გუნდებმა ერთმანეთს შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირეს. საგოლე მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, რაც დაცვაში გუნდების სუსტი თამაშითაც იყო გამოწვეული. ამ მხრივ, განსაკუთრებით, სამი უკანახაზელით მოასპარეზე "საპოვნელა" სცოდავდა. თერჯოლელებს მონდომება არ აკლდათ, ბოლომდე იბრძოდნენ და ორჯერ დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოახერხეს, მატჩის ბოლოსკენ კი დაღლა დაეტყოთ და შედარებით გამოცდილ "სამტრედიასთან" ქულის მოპოვებაც ვეღარ შეძლეს.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო.
თერჯოლელებმა პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინეს - მარჯვენა ფლანგზე შალვა ცქიფურიშვილმა იაქტიურა და გიორგი მაკარიძე ჩართო შეტევაში, რომელმაც საჯარიმოს სიღრმისკენ სანდრო შუღლაძეს გაუკეთა გადაცემა, რასაც გამოზომილი დარტყმა და გოლი მოჰყვა - 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ ინიციატივას სამტრედიელები დაეუფლნენ. ყველაზე მეტ პრობლემას მეტოქეს დავით რაჟამაშვილი, ავთანდილ ენდელაძე და ირაკლი სიხარულიძე უქმნიდნენ.

30-ე წუთიდან "სამტრედიამ" კიდევ უფრო მოუმატა ტემპს. თერჯოლელთა ახალგაზრდა მეკარე ალექსანდრე გიორგაძემ გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან. მან ჯერ ენდელაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი გიორგი დათუნაიშვილის თავურიც უკუაგდო.

მალე სამტრედიელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცათ - თერჯოლელებმა საჯარიმოში შეჭრილი ენდელაძე წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი სიხარულიძემ დაარტყა, მაგრამ გიორგაძემ კიდევ ერთხელ ივაჟკაცა და ბურთი ნახტომში მოიგერია.

სიხარულიძემ შეცდომა რამდენიმე წუთში გამოასწორა, რაშიც მასპინძელთა მცველი დაეხმარა, რომელმაც მეკარეს უხერხულად დაუბრუნა ბურთი - გიორგაძემ საჯარიმოდან გამოსვლა და ბურთზე თამაში კი მოასწრო, მაგრამ... მოგერიებული ბურთი სამტრედიელთა ფორვარდს მიუვიდა და მანაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 1:1.

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. მასპინძლებმა რამდენჯერმე შორიდან სახიფათოდ დაარტყეს, სამტრედიელთაგან კი კვლავ სიხარულიძეს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რომელიც "მაკრატელათი" ცდილობდა თერჯოლელთა დამწუხრებას, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მეორე ტაიმი გია ცეცაძის გუნდის აქტიურობით დაიწყო. რაჟამაშვილმა სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა. შემდეგ ინიციატივა ნომინალური მასპინძლების მხარეს გადავიდა. თერჯოლელებმა ზედიზედ რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. გოლის გატანის შანსები ჰქონდათ გიორგი ბუხაიძესა და გიორგი ტყეშელაშვილს, მათი სახიფათო დარტყმები მეკარე კახა მეშველიანმა მოიგერია.

მეტოქეს ვალში არც სამტრედიელები დარჩნენ - რაჟამაშვილის ძლიერი დარტყმა გიორგაძემ უხერხულად მოიგერია, მაგრამ შეცდომა თავადვე გამოასწორა და იქვე ჩასაფრებულ შემტევებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა...

შემდეგ გიორგაძემ მარცხნიდან მასთან პირისპირ გასულ ენდელაძესაც აჯობა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა გოლისგან...

თითქოს, ნომინალური სტუმრები უპირატესობას ეუფლებოდნენ, მაგრამ გოლი მათ კარში გავიდა - ცქიფურიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ბუხაიძემ აქცია. თერჯოლელებს კი სიხარული... სიხარულიძემ არ აცალათ - წუთიც არ იყო გასული, როცა სამტრედიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშე დავით მთივლიშვილმა მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც ბურთს ენდელაძე დაეუფლა და სიხარულიძეს დაუგორა, ამან კი გამოზომილი დარტყმით დუბლი გაიფორმა.

სამტრედიელთა გამარჯვების გოლიც მთივლიშვილის აქტიურობას მოჰყვა - მარჯვენა მახვილი კუთხიდან გამჭოლი გადაცემა გაუკეთა შეცვლაზე შესულ დავით ჯიქიას, რომელმაც მცველებს დაასწრო და "სამტრედიას" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოაპოვებინა.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 500 მაყურებელი
საპოვნელა-სამტრედია 2:3
გოლები: 1:0 შუღლაძე (3. მაკარიძის პასით), 1:1 სიხარულიძე (36), 2:1 ბუხაიძე (60-პენ), 2:2 სიხარულიძე (61. ენდელაძის პასით), 2:3 ჯიქია (85. მთივლიშვილის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (34. სამტრედია)
საპოვნელა (3-2-3-2): გიორგაძე - ბანძელაძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი - ტყეშელაშვილი, შუღლაძე - ამბროლაძე, მაკარიძე (79. შალამბერიძე), ალავიძე (57. თავაძე) - ცქიფურიშვილი, ბუხაიძე.
სათადარიგოები: კანთელიძე, ბუცხრიკიძე, რობაქიძე, მურადაშვილი, ზეინკლიშვილი
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
სამტრედია (4-2-3-1): მეშველიანი - მთივლიშვილი (90. იოსელიანი), გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი - ცნობილაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ენდელაძე, მარკოზაშვილი (61. ჯიქია) - სიხარულიძე (78. ზივზივაძე).
სათადარიგოები: შაფათავა, ცინცაძე, ახალაძე, მჭედლიშვილი.
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ენდელაძე (9), მაკარიძე (27), ტყეშელაშვილი (34), ჯიმშელეიშვილი (48), დათუნაიშვილი (59), რაჟამაშვილი (90), შუღლაძე (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საპოვნელა სამტრედიის თამაშზე ბუხაიძემ გააკეთა საგოლე პასი.. ვადევნებდი ამ თამაშს თვალს სტადიონიდან და კიდე მრავალი შეცდომები გაქვთ გამოასწორეთ ;)
obieqturi-gulshematkivari
22:00 24-08-2015
0
ასეთი გუნდთ სამტრედია არ გავარდება, ზედა შვიდეულში ალბათობა არის რომ მოხვდეს.მეტი კი ამ ხარისხის თამაშით მას არ მოეთხოვება.
ნელ-ნელა გაიზრდებიან.
4-5 წელიწადში სამეულშიც კი მოხვდებიან. ანუ ყველაფერი გეგმისეულად მიდის.
თანაც ეს ხომ არაკომერციული და არამომგებიანი კერძო დამფუძნებლის მქონე ორგანიზაციაა,მოყვარულ პროფესიონალთა ერთობა ბიუჯეტის ხარჯზე.
jango
19:28 24-08-2015
0

სიახლეები პოპულარული