შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში 23 გოლი გავიდა, ახლა კი - ერთით მეტი. ანუ ერთ შეხვედრაში, საშუალოდ, 3 გოლი გადის, რაც მშვენიერ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ თუ პირველი ტური მასპინძლების დომინირებით წარიმართა, ამჯერად სტუმრებმა იყოჩაღეს: 8 შეხვედრიდან 4 მათი გამარჯვებით დამთავრდა, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა.
ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და, აქედან გამომდინარე,
"დინამოს" ასეთი შედეგი არც არავის უნდა გაუკვირდეს, აი, "სამტრედიასა" და "საბურთალოს" ასეთი წარმატებული სტარტი ახალი სეზონის პირველ და სასიამოვნო სიურპრიზ(ებ)ად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ორივე გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტები (შესაბამისად, გია ცეცაძე და გიორგი ჭიაბრიშვილი) წვრთნიან და შემადგენლობაც ახალგაზრდული ჰყავთ...
ნაადრევი ბომბარდირთა დავა
პირველ ტურში ერთი ჰეთ-თრიკი და ორი დუბლი შესრულდა, ახლა კი ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა იყოჩაღა და მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა; უპირველეს ყოვლისა, "სამტრედიის" 25 წლის ფორვარდის, ირაკლი სიხარულიძის სუპერშედეგიანი სტარტი უნდა აღინიშნოს: მეორე მატჩი და მეორე დუბლი! ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი შედეგია, თანაც სიხარულიძე ამ ტურში ძალიან ახლოს იყო ჰეთ-თრიკის შესრულებასთან, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა...
პირველ ტურში ერთადერთი ჰეთ-თრიკის ავტორი, ბათუმის "დინამოს" 28 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი ამჯერად "მხოლოდ" ერთ გოლს დასჯერდა, თუმცა ერთობ მნიშვნელოვანს; შეგახსენებთ, რომ სწორედ ბერიაშვილის ეფექტურმა და ზუსტმა თავურმა დარტყმამ (პლუს, "დინამოს" მეკარის, მიხეილ ალავიძის ჩინებულმა რეაქციამ) ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმელთა გუნდს ქულა მოუტანა.
სიხარულიძე და ბერიაშვილი ბომბარდირთა სიას ლიდერობენ, თუმცა ნურც სხვებს დავუკარგავთ გარჯას და ამ შემთხვევაში "ცხინვალის" ახალგაზრდა ლიდერს, 21 წლის ნიკა კაჭარავასაც ვგულისხმობთ და "შუქურას" 19 წლის ახალწვეულს, თენგიზ წიქარიძესაც (ამ ტურში ორივემ დუბლი შეასრულა).
ასევე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ორი ფეხბურთელი, ზედიზედ მეორე ტურში რომ გაიტანეს გოლი: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური და "საბურთალოს" 18 წლის შემტევი გურამ გოშთელიანი.
გოლები ახალი გუნდის მაისურით...
პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა: თბილისის "დინამოს" 28 წლის ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ, "გურიის" 26 წლის ნახევარმცველმა ნიკა მაისურაძემ (დუბლის შესრულებაც შეეძლო), "ტორპედოს" 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ ("საფირმო ცაციათი", ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით), "მერანის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი პაჭკორიამ, "სამტრედიის" 20 წლის ცენტრფორვარდმა დავით ჯიქიამ, თბილისის "დინამოს" 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ (ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე ლამაზი გოლი რომ შეაგდო). ცალკე უნდა აღვნიშნოთ "შუქურას" 19 წლის ახალწვეული თენგიზ წიქარიძე, რომელმაც სულაც დუბლი შეასრულა!
სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები...
ეს პროცესი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება და უმაღლეს ლიგაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტის აღნიშვნა მოგვიწევს; ასე იყო მეორე ტურშიც, როცა რამდენიმე ახალგაზრდამ პირველი მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში: 19 წლის ზურაბ ჯაფიაშვილმა, 19 წლის ოთარ კობახიძემ (ორივე - "სიონი"), 20 წლის ლევან ნონიკაშვილმა ("დილა"), 20 წლის ვასილ გოგოლიძემ ("მერანი), 19 წლის ლაზარე კუპატაძემ, 18 წლის დემურ ჩიხლაძემ, 17 წლის გიორგი კიკნაძემ (ყველა - "ლოკომოტივი"), 16 წლის გიორგი კოხრეიძემ ("საბურთალო").
ასევე პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში "დილას" 20 წლის ლეგიონერმა, 20 წლის ფორვარდმა ისლამ მაშუკოვმა (რუსეთი).
ახლა კი სადებიუტო გოლებზე ვთქვათ: "საპოვნელას" 24 წლის ნახევარმცველმა სანდრო შუღლაძემ, "სამტრედიის" 20 წლის ფორვარდმა დავით ჯიქიამ, "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ და თბილისის "დინამოს" 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ უმაღლეს ლიგაში პირველად გამოიჩინეს თავი.
თუმცა ამ "კატეგორიაში" მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი: "შუქურას" ახალწვეული, 19 წლის ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე "გურიასთან" შეხვედრაში სადებიუტო გოლს არ "დასჯერდა" და სულაც დუბლი შეასრულა.
არანაკლებ გამორჩეული დღე ჰქონდა "მერანის" ახალწვეულს, ვასილ გოგოლიძეს: უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შესულმა გოლის გატანაც მოახერხა!
პენალტები, სამსაჯო თემა და სხვა...
განვლილ ტურში, წინას მსგავსად, რამდენიმე მატჩში დაინიშნა პენალტი და ერთის გარდა, ყველა შემთხვევა გოლით დასრულდა; 11-მეტრიანები ზუსტად შეასრულეს: "სიონის" 30 წლის ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ (ბოლნისელთა გუნდის მაისურით ოთხწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი), თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის მათე ცინცაძემ, "ზუგდიდის" 20 წლის შემტევმა გურამ სამუშიამ და "საპოვნელას" 23 წლის ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ (უმაღლეს ლიგას გოლით ორწლიანი პაუზის მერე რომ დაუბრუნდა). აი, ზემოთ ნახსენები ის ერთი შემთხვევა კი იმით დასრულდა, რომ "საპოვნელას" 23 წლის მეკარემ, ალექსანდრე გიორგაძემ "სამტრედიის" მთავარ მეგოლეს, ირაკლი სიხარულიძეს პენალტი აუღო და ამ უკანასკნელს ჰეთ-თრიკის შესრულების საშუალება არ მისცა...
სეზონი "წესიერად" ჯერ არ დაწყებულა და ისევე, როგორც პირველ ტურში, არბიტრების მიმართ უკმაყოფილება ამჯერადაც რამდენიმე მატჩში (გნებავთ, მატჩის დასრულების შემდეგ) იყო; უკმაყოფილების საბაბი კი, უფრო ხშირ შემთხვევაში, დანიშნული თუ არდანიშნული პენალტები იყო...
ისევ დაბრუნებულებზე...
პირველი ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით ამ სეზონის "ხმაურიან დაბრუნებულებზე" და ეს თემა ამჯერადაც აქტუალური იყო; კვლავაც გოლით გამოირჩა "დილას" 31 წლის ახალწვეული ოთარ მარცვალაძე და კვლავაც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა თბილისის "დინამოს" 37 წლის კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა!"ლოკომოტივთან" მატჩში "იაშკას" გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ: თანაგუნდელების თითქმის ყველა შეტევას იწყებდა, ასევე, თანაგუნდელების მიმართულებით ოსტატურ და მწვავე გადაცემებს არ იშურებდა და, საერთოდაც, უზომოდ მოტივირებული ჩანდა!
მეორე ტურში ამ სეზონის კიდევ ერთი ხმაურიანი დაბრუნება შედგა: მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" 10-წლიანი პაუზის მერე გიორგი ნერგაძე დაბრუნდა!
ქართველმა გულშემატკივარმა ნიჭიერი ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე სწორედ "ტორპედოდან" გაიცნო, რასაც შემდგომ თბილისის "დინამოში" გატარებული მართლაც დანავსილი პერიოდი (ქრონიკული ტრავმების გამო) მოჰყვა; 2010 წლიდან კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც;
და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე გიორგი ნერგაძე კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა...
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2
უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო
30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"