უმაღლესი ლიგა. აგვისტოს ლაურეატები: იაშვილი და გეგუჩაძე!

AutoSharing Option
"ლელო" და "ლიდერბეთი" აგრძელებენ ტრადიციას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესოთა გამოვლენას გულისხმობს.

დღეს აგვისტოს შევაჯამებთ და გამოვარჩევთ ორ ნომინაციას - გასული თვის რჩეულებს შორის თბილისის "დინამოს" ორი წარმომადგენელი, ალექსანდრე იაშვილი (საუკეთესო ფეხბურთელი) და გია გეგუჩაძე (საუკეთესო მწვრთნელი) დავასახელეთ...

Sportall.Ge

37 წლის ალექსანდრე იაშვილის დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. ნიშანდობლივია, რომ ღვაწლმოსილმა ვეტერანმა მიმდინარე სეზონში ოთხივე შეხვედრა (ჩემპიონატის სამი და სუპერთასის ერთი მატჩი) უმაღლეს დონეზე ჩაატარა. საქართველოს პირველობაზე იაშვილის ანგარიშზე 2 გოლია, თუმცა მხოლოდ გოლებით ყველაფერს ვერ ახსნი და ამ გოლებში
ვერც ყველაფერს ჩაატევ.

პრაქტიკულად, ვერ ვიხსენებთ მიმდინარე სეზონში "დინამოს" მიერ გათამაშებულ არათუ საგოლე, არამედ მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელ კომბინაციას, რომელშიც იაშვილს მონაწილეობა არ მიეღო.

ის მინდორზე ნამდვილი მწვრთნელივითაა "დინამოს" მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, არ გვგონია, ამაში გია გეგუჩაძე არ დაგვეთანხმოს - იაშვილი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დამრიგებელს საქმეს უადვილებს.

იაშვილმა "დინამოს" მაისურით უკვე მოასწრო პირველი ტიტულის - სუპერთასის მოგება (25 აგვისტოს გორის "დილა" 1:0 დაამარცხა). რაკი ეს მატჩი გავიხსენეთ, ვერც იმას დავივიწყებთ, რომ პირველი ქართული სუპერთასის პირველი გოლის ავტორიც სწორედ ჩვენი რჩეული გახლავთ...

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში წასვლამდე, მანამ, სანამ შესანიშნავ კარიერას გაიკეთებდა, იაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მართლაც რომ არნახული შედეგიანობით თამაშობდა - მან "დინამოს" შემადგენლობაში ჩატარებულ 89 შეხვედრაში 84(!) გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანობა, პროცენტული შეფარდების მიხედვით, არცერთ ჩვენებურ ფეხბურთელს არ ჰქონია.

ახლა უკვე იაშვილის ქართულ მონაგარში (იგულისხმება მხოლოდ ჩემპიონატი) 88 გოლია. აგერ, ახალი მოტივაციაც - მას ძალიან ცოტა აკლია ქართულ "ასიანთა კლუბში" შესვლამდე და ვფიქრობთ, აღარც ეს დრო არის შორს.

* * *
ჩვენს ლაურეატთა შორის კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა - "სამტრედიის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და ბათუმის "დინამოს" შემტევი გიორგი ბერიაშვილი. მეორე ადგილი ბერიაშვილს ვარგუნეთ, მესამე კი - სიხარულიძეს.

ამ უკანასკნელს აქამდე არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია. ახლა მას შესანიშნავი სეზონი აქვს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 25 წლის ფეხბურთელმა პირველ და მეორე ტურში დუბლი შეასრულა და საქართველოს თასზეც გამოიჩინა თავი.

მიმდინარე სეზონში ასევე ძალზე სტაბილური და პროდუქტიულია ბერიაშვილი. 28 წლის ფეხბურთელი უკვე მეორე სეზონია, ბათუმის "დინამოში" თამაშობს. მიმდინარე გათამაშებაში მან უკვე 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი - ჰეთ თრიკია.

არ შეიძლება, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი არ გამოვყოთ. თუნდაც დინამოელი მათე ცინცაძე, მისი თანაგუნდელი ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ახლახან ნაკრებში რომ უხმო კახა ცხადაძემ; გორელები - გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე. ამ დუეტის დაბრუნება ჩვენს შეჭირვებულ ეროვნულ ჩემპიონატს გვარიანად უნდა წაადგეს.

* * *
საუკეთესო მწვრთნელად გია გეგუჩაძე დავასახელეთ. 50 წლის სპეციალისტმა უმოკლეს ვადაში დაატყო ხელი თბილისის "დინამოს".

რატომღაც გვგონია - გეგუჩაძეს ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდა, არც "გაბალასთან" წარუმატებლობა იქნებოდა...

ახლა კი "დინამო" სულ სხვაა, ვიდრე თუნდაც იმავე აზერბაიჯანულ კლუბთან მატჩებისას. თბილისური გრანდი კომბინაციურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრად აგორავებს ბურთს და თვალსასეირო რამეებსაც აჩვენებს.

გეგუჩაძემ აგვისტოში მოიგო საქართველოს სუპერთასი და შეიქნა მესამე ქართველი მწვრთნელი, ვინც თავის კოლექციაში ყველა ქართულ ტიტულს მოუყარა თავი. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თბილისელებმა სატიტულო მატჩი საამსეზონოდ მთავარ კონკურენტს, მოქმედ ჩემპიონ გორის "დილას" მოუგეს.

მეორე ადგილზე კი გია ცეცაძე გავიდა. მან "სამტრედიაში" ძირითადად იმ ფეხბურთელებს მოუყარა თავი, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში კარგად რომ ირჯებოდნენ.

ახალგაზრდა მწვრთნელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ "სამტრედია", თბილისის "დინამოსთან" ერთად, უდანაკარგოდ ლიდერობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. იმერთაგან ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა...

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედიასათან რომ წააგო დინამომ რატომ არაფერს წერთ.
dato
09:37 08-09-2015
0
რა გველესიანი ღადაობთ ხო? :)
დინამო
14:31 07-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული