"პირველად თქვენ გეუბნებით, "დილაში" სიტუაცია იდეალურ არ არის..."

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩვენი პირველობის მასშტაბებით დიდი მატჩია - მოქმედი ჩემპიონი "დილა" თასის მფლობელ თბილისის "დინამოს" მიიღებს. დიდი ალბათობით, გორელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი თამაშს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. ის "ჩიხურასთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში 89-ე წუთზე გააძევეს...

სოსიაშვილმა ისიც გვითხრა, რომ "დილაში" ფინანსურად იდეალური სიტუაცია არ არის. "დილას" მწვრთნელი სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც გველაპარაკა...

"ივანწმინდაში გამართული მატჩის დროს არბიტრმა 89-ე წუთზე გამაძევა. მსაჯებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მე მათი გა
დაწყვეტილებები გავაპროტესტე...

სიტუაცია იყო ასეთი - მთავარი მსაჯი არ მოსულა ჩემთან და არ უთქვამს, ასეთი რამ თუ განმეორდება, გაგაგდებო. მაგრამ ვერ უარვყოფ - მოვიდა მეოთხე მსაჯი და გამაფრთხილა. ეს გასაგებია, მაგრამ არბიტრი უნდა მოსულიყო, მე ასე მგონია. კი, მეოთხე მსაჯიც ამ ბრიგადის წევრია, მაგრამ არბიტრის სიტყვას მაინც სხვა წონა აქვს...

მერე დავურეკე არბიტრ ირაკლი კვირიკაშვილს. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეჭვი არ მეპარება მის პატიოსნებაში. ვუთხარი - შენს გვერდით ვარ, არ ინერვიულო, მაგრამ როცა სხვა დროს მოხვდები ასეთ სიტუაციაში, მიდი მწვრთნელთან და თავად გააფრთხილე-მეთქი...

კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩემგან არ ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო მხოლოდ ერთადერთხელ - მას შემდეგ, რაც გამაძევეს. დავჯექი ტრიბუნაზე და გავიაზრე, რომ 89-ე წუთზე მოხდა ეს ყველაფერი. და ცუდია, რომ მაინცდამაინც "დინამოსთან" თამაშის წინ...

ადრეც მქონდა ასეთი შემთხვევა. მაშინ გავაპროტესტე მსაჯის გადაწყვეტილება და არბიტრი ლაშა სილაგავა, ვისაც წონა აქვს ქართულ ფეხბურთში, თვითონ მოვიდა და გამაფრთხილა. ასე უნდა მოქცეულიყო კვირიკაშვილიც...

ასეთი პროტესტები, რომლებიც შეიცავენ სუფთა საფეხბურთო ელემენტებს, ვგულისხმობ ჯარიმებსა თუ სხვა ეპიზოდებზე უკმაყოფილების გამოთქმას, ყველა თამაშში ხდება. მასპინძელი მხარეც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მაგრამ, ალბათ, ჩათვალეს, რომ მე უფრო ემოციური ვიყავი...

მოკლედ, დიდი ალბათობით, "დინამოსთან" შეხვედრაში ტრიბუნიდან მომიწევს გუნდის გაძღოლა. ძალიან არ მინდა, ასე მოხდეს. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და ვნახოთ, რა იქნება. მე ადრე უკვე მქონდა ასეთი შემთხვევა და უკეთეს ვარიანტში ერთი თამაშის გამოტოვება მომიწევს, ალბათ, უარეს შემთხვევაში - სამის...

მაგრამ, რასაც ახლა გეტყვით, ამის თაობაზე არსად მისაუბრია, პირველად თქვენ გეუბნებით. "დილაში" ფინანსური სიტუაცია იდეალური არ არის. ჩვენ გვქონდა ფეხბურთელების ორი თვის დავალიანება. ავიღეთ სესხი და გავისტუმრეთ ერთი თვის ხელფასი, მაგრამ დარჩა ერთი თვის ანაზღაურება, პლუს - პრემიალური თანხა...

დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. აქვე, ვდებ პირობას, რომ თუ მომავალ სეზონში "დილას" მიეცა ევროთასებზე თამაშის საშუალება ამ შემადგენლობით, ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება...

ამ რთულ მომენტში ყველანი შეკრულები და კონსოლიდირებულები ვართ. კლუბის ხელმძღვანელობასთან, გორის მერიასა და გუბერნიასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ "დილას" უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეს. ფეხბურთელებიც ბოლომდე გვიდგანან გვერდში, არანაირი პროტესტის გრძნობა!..

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები კარს მოგვადგა. ვიცი, ჩვენს ფეხბურთში ბევრი პრობლემაა. მინდა, ორ მათგანზე გავამახვილო ყურადღება. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ უმაღლეს ლიგაში დაწესდება მინიმალური სახელფასო ზღვარი. ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ მე მინიმალურ ორიენტირად დავასახელებდი 1 500 ლარს. დღეს ჩვენ უმაღლეს ლიგაში გვყავს 800-ლარიანი ფეხბურთელები. ასე ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა...

არის კიდევ ერთი საკითხი. ალბათ შესაძლებელია, რომ ერთ სისტემაში მოექცეს ჩვენს სტადიონებზე განათების დამონტაჟების საკითხი. ჩვენ საღამოს ვითამაშეთ ქუთაისში და უნდა გითხრათ, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი - ბევრი ხალხი, განათება... ფეხბურთელი სხვანაირად თამაშობს, როცა 1000 კაცი უყურებს და სულ სხვაა, როცა 10 ათასი კაცი ადევნებს თვალს.

ხომ გასვლას ვთამაშობდით და, სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ თამაში დასრულებულიყო...

"დინამოსთან" განათებაზე რომ ვთამაშობდეთ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გორი, რა დღეში ხართ ხალხო. სიმპატიური გუნდი კი გყავთ მაგრამ ერთად-ერთი მაგარი გორში სტალინი იყო და ისიც დიდი ხანია იმ ქვეყნად არის :)
grisha
21:21 24-09-2015
0
ვანო რათქმაუნდა მოუგებს ეჭვი გეპარება მაგაში?დინამოს ახლანდელი გუნდი გოგუასთან და მარცვალაძესთან ვერასდროს მივა.აი ესენი რო ყავდეს დინამოს მაშინ ხმას არ ამოვიღებ რადგან დინამო მიყვარს მაგრამ ესეთი არა.აბა მითხარი რომელია ფეხბურთელი ჭანტურიშვილი თუ ტვილდიანი?ან რომელი?
giorgi basiladze
20:52 24-09-2015
0

სიახლეები პოპულარული