ბესიკ შეროზიამ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის მიწურულს შეწყვიტა, მაგრამ კლუბთან კავშირი არ გაუწყვეტია. სეზონის პირველი ნახევარი ფოთელებმა ზაზა ინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაამთავრეს და ზამთრის შეკრებაზეც გუნდს დღემდე იგი უძღვება.
ამის მიუხედავად, შეროზიას ძველ თანამდებობაზე დაბრუნება გამორიცხული მაინც არ არის. დღეისთვის იგი შინ, ზუგდიდშია, მაგრამ ხვალ ფოთში ჩასვლასა და კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს, რაც ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი კვლავ შეროზია იქნება.
"დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ამ შემოთავაზებას
დავთანხმდები. ყველამ კარგად იცის, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ერთი წამითაც არ მინდოდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ მაიძულა - დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ახლა კი მეუბნებიან, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. თუ მართლა ასე მოხდა, უბედნიერესი კაცი ვიქნები და გუნდისთვის ენერგიას არ დავიშურებ. ფოთს ფეხბურთის საუკუნოვანი ტრადიციები აქვს და სირცხვილი იქნება, ამ ქალაქს უმაღლეს ლიგაში ღირსეული წარმომადგენელი არ ჰყავდეს", - გვითხრა შეროზიამ.
ხვალ არა მხოლოდ მისი დაბრუნების საკითხი, სხვა საინტერესო სიახლეებიც გაირკვევა - თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, იმის მიუხედავად, რომ სეზონის განახლებამდე მცირე დროა დარჩენილი, "კოლხეთი" შინ შეკრებასაც გაივლის და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდება.
ბოლო საკონტროლო მატჩი ფოთელებმა ერევნის "ულისთან" ჩაატარეს და 2:2 ითამაშეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"