ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" და ქუთაისის მერიამ კლუბში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

გამოცემამ ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მერიას, რომლის ბალანსზეც იმყოფება საფეხბურთო კლუბი და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც კლუბში დასაქმებული ადამიანების ვინაობას, მათ სამუშაო ადგილებსა და თანამდებობრივ სარგოს ეხებოდა.

ქუთაისელი გულშემატკივრისგან ხშირად ისმის, რომ კლუბში ნებისმიერ პოზიციაზე ქალაქის მერის და მისი მოადგილის სამეგობროა დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი სწორედ საზოგადოების ეს მაღალი ინტერესი გახდა.

"დანართის სახით გეგზავნებათ შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედოს" საშტატო ნუსხა დამტკიცებული საშტატო ერთეულებისა და თანამდებობრივი სარგოს
მითითებით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (გარდა აღმასრულებელი დირექტორისა) დასაქმებულ პირთა ვინაობის ამსახველი ინფორმაცია.

აქვე, დირექტორის პოზიციას იკავებდა დავით ფრუიძე, ხოლო ივლისიდან დღემდე, კლუბის აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ჩაკვეტაძე", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 42-ე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ქუთაისის მერიამ და კლუბმა არ მოგვაწოდეს, მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

"ყველას აქვს უფლება იცოდეს:
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე, სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომლებშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე, საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე, მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ, გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;
ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს".

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რაც კლუბის შემთხვევაში არ მომხდარა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი ინფორმაციის გასაიდუმლოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტს სცნობს: პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება.

ქუთაისის მერიის და კლუბის მხრიდან ამ ინფორმაციაზე უარის თქმა კანონით დასაბუთებული არ ყოფილა, ამიტომ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიასა და ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილს გუნდში საკუთარი ახლობლები, მეგობრები და კლასელები ჰყავთ დასაქმებული, ეს პასუხი კიდევ უფრო აღრმავებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურა ჩაკვეტაძე და მისი მოადგილე შალვა (დევი) ასათიანი მურღულიასა და მიქიაშვილის ახლო მეგობრები არიან. ვიცე-მერი მიქიაშვილი კი ასათიანის მეჯვარეა.

"ტორპედოს" საიტის ადმინისტრატორი და პრესსამსახურის წარმომადგენელი შიო აფრიდონიძე მურღულიამ და მიქიაშვილმა გამოუგზავნეს კლუბს.

ქუთაისის მერმა კლუბში კიდევ ორი "ახალი" კადრი, პაპუნა მელაძე (სელექციონერი) და კახა აბზიანიძე (გუნდის უფროსი) დაამატა, რომლებიც "ტორპედოში" ათი წლის წინაც მუშაობდნენ. კახა აბზიანიძე შოთა მურღულიას მეუღლის ახლობელია. ინფორმაციისთვის, ათი წლის წინ, როდესაც "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, გუნდში ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჩაკვეტაძე, მელაძე და აბზიანიძე ერთად მუშაობდნენ.

ახლა, 9 ტურის შემდეგ, იმერულ გუნდს 9 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება...

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

მაგდა კლდიაშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 38 /
იმედია ამ წერილით მივხები ვინ ვარ. და იმედი მაქვს შენტან საკონტაქტოსაც გამოვნახავ. მე არც ტორპედოს ვეხები ამ ეტაპზე და არც მის დღევანდელ პოლიტიკას, შენ უნდა დაასაბუთო "აუცილებლად" შენი სიტყვები რომ გოგა პაპიაშვილს გინდაც 1 ლარი აქვს შეჭმული ტორპედოს ან ვისოლის ფული. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ნუ ცოდავთ იმას რაც არ იცით ეს მცირე მეგობრული დარიგება. საცოდაობაა და გულის ამრევი თქვენი კომენტარი რომელშიც თვითონ არ იცით რა დაწერეთ
ალექსანდრე - ს
14:21 04-11-2015
0
კლასიკური შეკვეთილი სტატიაა, ოღონდ ძალიან უნიჭოდ შესრულებული. დიდი ამბები გასკდა ვითომ)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული