11:40 02-11-2015
დინამო (თბ)-ჩიხურა 2:0 - მშვიდი 3 ქულა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და რეალურად, მოგება საეჭვოდ არ გაუხდიათ, იმიტომ, რომ ანგარიში უკვე მე-12 წუთზე გაიხსნა. ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ მეკარე დავით კუპატაძე თავისივე მცველს შეეჯახა და ბურთი ვერ შეიმაგრა. ამით იქვე მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გაიტანა - 1:0.
ამ ყველაფერს საჩხერელთა უიღბლობაც დაემატა. მე-16 წუთზე ომარ კურტანიძე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. იმავე წუთზე კი, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ: გიორგი ქვილითაია, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თორნიკე გრიგალაშვილმა მოცელა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯისგან წითელი ბარათი სამართლიანად დაიმსახურა.
უმცირესობაში მყოფმა "ჩიხურამ" ერთი ხანობა გაიბრძოლა. ჯერ შორეული დარტყმით ბედი დენის დობროვოლსკიმ სცადა. ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსი კი სტუმრებს 24-ე წუთზე მიეცათ, როცა ლაშა ჩიკვაიძის ჯარიმის შემდეგ ბურთი ალექსანდრე იაშვილს მოხვდა ხელზე და არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ თორნიკე მუმლაძის დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.
საიმედოდ თამაშობდა მისი კოლეგა კუპატაძეც, რომელმაც "დინამოს" არაერთი სახიფათო შეტევა მოიგერია. ასე იყო კიტეიშვილის, ჯაბა ჯიღაურის, გიორგი თევზაძისა (ორჯერ) და იაშვილის დარტყმების შემდეგ - საჩხერელთა მეკარემ ორჯერ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
მეორე ტაიმში "ჩიხურა" აშკარად ნირწამხდარი ჩანდა. რეალურად, თბილისელებიც გრძნობდნენ, რომ მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდათ. კვლავ აქტიური იყო კიტეიშვილი, რომელმაც 49-ე წუთზე კარში ბურთი თავით გადაგზავნა.
სახიფათოდ უტევდნენ ქვილითაია და საბა ლობჟანიძე. "ჩიხურამ" კი მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი 73-ე წუთზე შექმნა, როცა დობროვოლსკის თავური დინამოელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
მატჩის საბოლოო წერტილი ისევ კიტეიშვილმა დასვა: 18 წლის ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და სანამ მცველი ხელს შეუშლიდა, კარისკენ ლამაზად "მოჭრა", დუბლი ჩაიწერა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.
"დინამომ" გორის "დილას" მოულოდნელი მარცხით ისარგებლა, კონკურენტს გადაასწრო და ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ფაქტია, გია გეგუჩაძის ხელში გუნდი უფრო დამაჯერებელი გახდა, მისი მეტოქეები კი, სამწუხაროდ, პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
01.11. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (12), 2:0 კიტეიშვილი (87)
გამოუყენებელი პენალტი: მუმლაძე (24)
დინამო: ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე - პარუნაშვილი, ცინცაძე - ჯიღაური (46. არაბული), ა. იაშვილი (61. ს. ლობჟანიძე), კიტეიშვილი - ქვილითაია (83. ჯანელიძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გ. გურული, ვოლკოვი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა: კუპატაძე - თორ. გრიგალაშვილი, კაშია, განუგრავა, მეგრელიშვილი - დობროვოლსკი, ჩიკვაიძე - კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (61. ჭანკოტაძე), კურტანიძე (16. სარდალიშვილი) - მუმლაძე (67. ბ. დეკანოიძე).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ივანიშვილი, ჯოხაძე, კაკაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: იაშვილი (23), განუგრავა (45)
გაძევება: თორნიკე გრიგალაშვილი (16)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.
მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი
7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა
8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული