”ზესტაფონმა” ივარჯიშა და მეტოქეებიც გაარკვია

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ესპანურ ესტეპონაშია და პირველი ვარჯიშებიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი ყოველდღიურად ორ წვრთნას ჩაატარებს, გამონაკლისი მხოლოდ ის დღეები იქნება, როცა ფეროელები მატჩებს გამართავენ.

გეგუჩაძის განკარგულებაში მყოფი 24-ივე ფეხბურთელი ვარჯიშობს, მაგრამ გიორგი ხიდეშელი ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ზესტაფონელთა ცენტრალურ მცველს მიკროტრავმა აქვს და მწყობრში მალე ჩადგება.

ესპანურ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ლიდერები პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ ჩაატარებენ. მათი მოწინააღმდეგე ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასული და ჯგუფში ”იუვენტუსის" ჩამტოვებელი პოზნანის ”ლეხი" იქნება. ისიც გეხსომებათ, სეზონის სტარტზე პოლონელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან თერთმეტმეტრიანების სერიით ქართველებით
სავსე ბაქოს ”ინტერი" რომ გამოთიშეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევროასპარეზისგან განსხვავებით, სახელოვანი ხოსე მარია ბაკეროს გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში ვერ ყოჩაღობს და ამჟამად მხოლოდ მე-10 ადგილზეა.

”ზესტაფონმა" ვარჯიში ესტეპონას სპორტკომპლექსშიც მოასწრო და მარბელას საფეხბურთო ცენტრის გაზონიც მოსინჯა. სწორედ იქ გაიმართება ”მარბელას თასის" გათამაშება, სადაც ქართველებიც იასპარეზებენ. უკვე გაირკვა ”ზესტაფონის" მეტოქე ამ ტურნირის მეოთხედფინალში. გეგუჩაძის შეგირდები 2 თებერვალს ურთიერთობას პრაღის ”სპარტასთან" გაარკვევენ. ”სპარტა" ჩეხეთის პირველობაზე მეორე საფეხურზეა, გუნდს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი იოჟეფ ხოვანეცი წვრთნის.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული