"ვეტერინარებმა" "აფშერონი" დაჯაბნეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და ამჯერად გამარჯვებას მიაღწია. გერმანულ "ჰალეშერთან" 0:2-ის შემდეგ "ვეტერინარებმა" აზერბაიჯანის პირველი ლიგის ლიდერ "აფშერონს" 2:1 სძლიეს. სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, ამ გუნდის შესახებ ერთ საინტერესო ამბავსაც გამცნობთ - "აფშერონმა" აზერბაიჯანის თასზე ამბიციურ "სიმურგს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თამაში მერაბ კოჭლაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმა აზერბაიჯანელთა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ჯანელიძემ იყოჩაღა.

ანგარიში 30-ე წუთზე გათანაბრდა - აფშერონელებმა ფლანგიდან ჯარიმა
მოაწოდეს და დასწრებაზეც ივარგეს. პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი სხვა აღარაფერი მომხდარა, შესვენების შემდეგ კი "ვიტ ჯორჯია" უფრო გააქტიურდა და გამარჯვების გოლის გასატანად თავი არ დაუზოგავს.

ქართველთა მონდომებამ შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო. მათგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა, შეცვლაზე შესულმა მიხეილ როსტიაშვილმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მცველებს თავგზა აუბნია და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. როსტიაშვილს, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის "ტორპედოში" იჯარით გაატარა, გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა "აფშერონის" კარის დარაჯმა მოიგერია.

კოჭლაშვილმა აზერბაიჯანელებს ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა: მიქაბერიძე (46. ძაძამია) - ხურცილავა (57. გიორგი გურეშიძე), ადამაძე (46. გოგიაშვილი), კასრაძე, ღანიაშვილი (46. ჭანკვეტაძე) - ვასაძე, მაისაშვილი - ბეჭვაია, ჯანელიძე, ზაქრაძე (46. კორიფაძე) - ჩიმაკაძე (46. როსტიაშვილი).

მორიგ საკონტროლო შეხვედრას "ვიტ ჯორჯია" 1 თებერვალს ავსტრიული "ადმირას" წინააღმდეგ ჩაატარებს. ცნობისათვის, ეს კლუბი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული