საბურთალო-დილა 1:3 - დევნა გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც საინტერესო მატჩი გამოდგა: სავსე ტრიბუნებით, დინამიკური თუ დასამახსოვრებელი მომენტებით, მოვლენათა ხშირი ცვლითა და, რაც მთავარია, გოლებით!

იმის მიუხედავად, რომ ფიფას არბიტრმა ლაშა სილაგავამ 7 ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთიც გააძევა, გუშინდელი მატჩი უხეში ნამდვილად არ ყოფილა. კი ბატონო, ბევრი იყო ორთაბრძოლა თუ ხისტი თამაში, მაგრამ საფეხბურთო ემოცია სიბინძურეში ნამდვილად არ გადაზრდილა.

რაც შეეხება სტუმართა კაპიტნის გაძევებას, ალექსანდრე კვახაძემ ოთხწუთიან ინტერვალში ორჯერ დაარღვია თამაშის წესი და სტუმართა (ფეხბურთელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების) ემოციური პროტესტის მიუხედავად, არბიტრმა, ჩვენი აზრით, ორივე შემთხვევაში
ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, საკვანძო ფეხბურთელის გამოკლებისა და, საერთოდ, უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, "დილამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ამის მიზეზი მეტოქესთან შედარებით გამოცდილ ფეხბურთელთა სიმრავლეც და ცალკეულ მოთამაშეთა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობაც იყო.

ცალკე თემაა ახალგაზრდა სპეციალისტების სამწვრთნელო დუელიც - გიორგი ჭიაბრიშვილმაც და უჩა სოსიაშვილმაც მთელი მატჩის განმავლობაში არაერთხელ შეცვალეს ტაქტიკური სქემა.

მოკლედ, ორმხრივი საკადრო პრობლემების მიუხედავად, ვიხილეთ მშვენიერი თამაში, რომელიც თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და გარდამავალი უპირატესობითაც მიმდინარეობდა. სწრაფი გოლის გატანასთან ახლოს სტუმრები იყვნენ: გოგიტა გოგუამ ჩინებული პასით გარღვევაზე გიორგი ერისთავი გაიყვანა, მაგრამ "დილას" ახალგაზრდა შემტევის სახიფათო გამჭოლ გადაცემას პარტნიორთაგან არავინ გამოეხმაურა.

საპასუხო "ჩხვლეტა" მასპინძლების იყო: "სტანდარტულის" შემდეგ ცოტნე ნადარაია ახლო მანძილიდან, ოღონდ რთული მდგომარეობიდან ურტყამდა, მაგრამ მიხეილ მუჯრიშვილმა ამ ეპიზოდშიც და, საერთოდ, მთელი მატჩის განმავლობაში უშეცდომოდ ითამაშა.

მერე იყო კვახაძის გაძევების ეპიზოდი და პირველი ტაიმის მართლაც "გიჟური" ბოლო წუთები! ჯერ იყო და, ნიკა საბანაძემ 100-პროცენტიანი მომენტით ვერ ისარგებლა - მეურვეს ბურთი "მოპარა", მეკარეც ოსტატურად ჩამოიშორა და ფაქტობრივად, დაუცველი კარიც უნდა აეღო, მაგრამ... გიორგი ნავალოვსკიმ იყოჩაღა და სუსტად დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამაგიეროდ, ორიოდ წუთში "დილას" ახალგაზრდა ლეგიონერმა ისლამ მაშუკოვმა მშვენივრად ისარგებლა მეკარესთან პირისპირ დარჩენით და ანგარიში გახსნა. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ასისტენტზეც - გუგა ფალავანდიშვილის მართლაც დიდოსტატური პასი არანაკლებ შექებას იმსახურებს.

გოგუა, ნავალოვსკი, ფალავანდიშვილი - ეს სამი ფეხბურთელი გუშინდელ შეხვედრაში ჩინებულად გამოიყურებოდა და თითოეულმა მათგანმა ლომის წილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში.

თუმცა, სჯობს ისევ იმ დრამატულ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, რომელიც ძალიან დიდი შანსი იყო, ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ "საბურთალომ" კიდევ ერთი 100-პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა - გიორგი ხარაიშვილის "სტანდარტულის" შემდეგ გაგი მარგველაშვილი თავით ორიოდე მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ მუჯრიშვილმა პოზიცია ამჯერადაც სწორად შეარჩია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ "დილას" ტაქტიკამ (სწრაფი კონტრშეტევები) გაამართლა: გოგუამ კიდევ ერთი ორთაბრძოლა მოიგო, შეტევა ახალგაზრდა ლევან ნონიკაშვილმა გააგრძელა და ბოლოს ნავალოვსკიმ დაარტყა სახიფათო, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.

აი, მომდევნო კონტრშეტევა კი უკვე შედეგიანი აღმოჩნდა და, ალბათ, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა - ნავალოვსკიმ ზღაპრული სოლო-რეიდი განახორციელა და მის უზუსტეს გამჭოლ პასს გოგუას გოლიც მოჰყვა.

მასპინძლები მაინც არ ეპუებოდნენ მარცხს, მაგრამ სტუმრები თამაშს უნარიანად აკონტროლებდნენ და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს: გოგუამ და ნავალოვსკიმ ამჯერად როლები გაცვალეს და საბურთალოელ უკანახაზელთა მორიგი შეცდომის შედეგად საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელმა გიორგი ნავალოვსკიმ მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი შეაგდო.

"საბურთალო" მაინც მთელი ძალებით მიდიოდა წინ და კიდევ ერთი უიღბლობაც ვნახეთ: გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო, მაგრამ მუჯრიშვილმა ჩინებული რეაქციით ურთულესი ბურთი მოიგერია. თითქმის ორთვიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან მაინც შეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ამ გოლს ბევრი არაფერი შეუცვლია: "დილა" კვლავაც აგრძელებს თბილისის "დინამოს" დევნას.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
29.11. თბილისი. "ბენდელა". 2 000 მაყურებელი
საბურთალო-დილა 1:3
გოლები: 0:1 მაშუკოვი (45. ფალავანდიშვილის პასით), 0:2 გოგუა (55. ნავალოვსკის პასით), 0:3 ნავალოვსკი (71), 1:3 დვალი (75)
საბურთალო (4-1-4-1): ქურდაძე - სოფრომაძე, მარგველაშვილი (85. ჩოგაძე), თოთაძე, ნადარაია - ალთუნაშვილი (54. დვალი) - ჩაბრაძე, ხარაიშვილი, გოშთელიანი, ბიძინაშვილი (65. კოხრეიძე) - საბანაძე.
სათადარიგოები: ბულუხაძე, რუხაძე, ბაკურაძე, სანიკიძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დილა (4-4-2): მუჯრიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი - თ. ღონღაძე, ფალავანდიშვილი, გოგუა, ნონიკაშვილი (85. მოდებაძე) - ერისთავი (46. თომაშვილი), მაშუკოვი (68. გვალია).
სათადარიგოები: ლომიძე, ახალკაცი, მარცვალაძე, შევჩენკო
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: მარგველაშვილი (28), კვახაძე (30), კვახაძე (34), ხურცილავა (34), ხარაიშვილი (66), გოგუა (74), ჩაბრაძე (84)
გაძევება: კვახაძე (34)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gogua navalovski da falavandishvili dilas gamokvetili liderebi arian. Samive imsaxurebs nakrebis dziritadshi tamashs. Erti tavit magla dganan zaqartvelos chempionatshi yvela metoqeze
qartveli
18:56 30-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული