ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1 - როცა ტრიბუნაზე 300 კაცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "მიხეილ მესხზე" "ლოკომოტივს" ესტუმრა. დასაწყისში მასპინძლები დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ. უკვე მე-2 წუთზე ვაკო თევდორაძის წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა მათი პრეტენზია დაუსაბუთებლად მიიჩნია და თამაშის გაგრძელება ბრძანა.

მალე მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე მეკარე ლაზარე კუპატაძემ და მცველმა გიორგი გეთიაშვილმა შეუთანხმებლად ითამაშეს. ორივეს ლუის მედინამ დაასწრო, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა და "ლოკომოტივი" გადარჩა.

ორიოდე წუთში ისევ მედინამ შეუტია და ნიკა დიასამიძე მოძებნა, ვინც საჯარიმოსთან მცველს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

"ლოკომოტივი" უფრო იღბლიანი გამოდგა, რადგან პირველივე
სახიფათო შეტევა (თან მეტად ეფექტური კომბინაციის ხარჯზე) გოლით დაასრულა. ცენტრში ვაჟა ქორიძეს ბურთი ზვიად ქანთარიამ აართვა, დავით უბილავასთან "სამკუთხედი" გაითამაშა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც დემიკო ჩიხლაძეს გაუთამაშა ბურთი - საბოლოო დარტყმას მცველი კი გადაეფარა, მაგრამ დამატებაზე ჩიხლაძეს ვეღარავინ შეუშალა ხელი - 1:0.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მაგრამ პირველი ტაიმი ისე დასრულდა, მეტოქეებმა მწვავე მომენტები ვეღარ შექმნეს. მეორე ნახევარი გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბათუმელები პენალტს მეორე ტაიმის დასაწყისშიც ითხოვდნენ, როცა საჯარიმოში ანზორ სუხიაშვილის ჩაწოდებული ბურთი მცველს (მათი აზრით) ხელზე მოხვდა - არბიტრი ამ ჯერზეც შეუვალი იყო...

ბათუმელებმა წონასწორობა ჯარიმის გათამაშების შემდეგ აღადგინეს - ბურთი გელა გოგიტიძეს გადააწოდეს, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, კუპატაძემ კი ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა - 1:1.

"ლოკომოტივი" ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა და რამდენჯერმე მწვავედაც შეუტია. 66-ე წუთზე საჯარიმოსთან ქანთარია მცველს გასცდა და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა - შოთა მამინაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და გუნდიც გადაარჩინა.

ქანთარიას თავის გამოჩენა 73-ე წუთზეც შეეძლო, როცა მარჯვენა ფლანგიდან ალექსი ბენაშვილმა ის კარის წინ შენიშნა, მაგრამ... ბურთს ფეხი ცუდად დაუხვედრა და ახლოდან გვარიანად ააცილა მიზანს.

მე-80 წუთზე შეცვლაზე შესული მამია გავაშელიშვილი მცველებში გაძვრა და სახიფათოდ დასცხო, თუმცა მამინაშვილი ამ ეპიზოდში საიმედო იყო.

ასევე მოხდა მატჩის მიწურულს, როცა მახვილი კუთხიდან უკვე შერმადინ ართმელაძის დარტყმას გადაეღობა.
ბათუმელთა მეკარემ მასპინძლებს მოგების იმედი დამატებულ დროში გადაუწურა, როცა ბენაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ გავაშელიშვილს კიდევ ერთხელ გადაეღობა.

მოკლედ, 1:1, რაც ალბათ არც ერთ გუნდს არ აწყობდა. სასურველი შედეგის მიღწევას მეტი მოძრაობა სჭირდება, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ეს იშვიათი ამბავია. თუმცა, როდესაც ტრიბუნაზე 300 მაყურებელიც არ ზის, ძნელია, მოთამაშეს აღმაფრენა მოსთხოვო - ასეთი თამაშებისას ემოცია ვარჯიშის მსგავსია და არა ისეთი, რაზეც ფეხბურთელები ოცნებობენ. ემოციის გარეშე კი ფეხბურთი მკვდარია.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
27.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ჩიხლაძე (18), 1:1 გოგიტიძე (62)
ლოკომოტივი: კუპატაძე - ბენაშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი - ჩიხლაძე (24. ქიქავა), სულთანიშვილი - კიკნაძე (65. ართმელაძე), გ. დიასამიძე (69. გავაშელიშვილი), უბილავა - ქანთარია.
სათადარიგოები: ლ. შეროზია, თექთურმანიძე, გაბაძე, ღაღანიძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
დინამო (ბთ): მამინაშვილი - ქორიძე, მახარაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი -გოგიტიძე, ვარშანიძე - ნ. დიასამიძე (62. აბუსელიძე), ფონიავა, თევდორაძე (72. მაქაცარია) - ლუის მედინა (87. გ. კაშია).
სათადარიგოები: ალავიძე, კვანტალიანი, ქათამაძე, ქუთელია
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ხიდეშელი (19), დიასამიძე (48), ვარშანიძე (68), უბილავა (60), ბენაშვილი (86), ჩიტეიშვილი (88), სულთანიშვილი (90+2)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო აბა რა 300-ზე მეტი ქომაგი რო არ მოვიდა მაგის ბრალია თურმე, და პირიქით როა რეალობაში სახრახნისის მიხმარებით შეიყვანო იქნებ თავში
giga
14:27 30-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული