ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები დავალიანებას ითხოვენ და ვარჯიშზე უარს ამბობენ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთის" ადმინისტრაციამ და ფეხბურთელებმა მერიის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ მათ 5 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ. გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, რამდენიმე დღეა ისინი დაპირებებს უშედეგოდ იღებენ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემა არ მოუგვარებია.

აქციის შემდეგ მონაწილეებს ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ ფეხბურთელებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მთავრობა მათ 1 თვის ანაზღაურების დაფარვას დაჰპირდა, რაზეც გუნდის წევრები და ადმინისტრაცია უარზე არიან.
მათ სურთ, რომ 2 თვის ანაზღაურება მაინც მიიღონ.

ფეხბურთელები ამბობენ, რომ ხვალიდან ვარჯიშებს არ გააგრძელებენ და გუნდი დაშლის პირასაა მისული.

ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ 90 000 ლარის მობილიზება შეუძლია, რაც მხოლოდ ერთი თვის სახელფასო ფონდის დაფარვას ჰყოფნის. ფოთის მუნიციპალიტეტი დანარჩენი თანხის დაფარვას მომავალი წლის ბიუჯეტში გეგმავს.

დაიშლება თუ არა გუნდი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული