"ბიჭები სახლებშიც ვერ მიდიან, გზის ფული არ აქვთ" - რა ხდება ფოთის "კოლხეთში"

AutoSharing Option
30 ნოემბერს ფოთის მერიასთან საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. ამას წინათ, კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე "ლელოს" ფოთელთა სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია ესაუბრა.

ცხადია, ამ პერიოდში სიტუაცია არ გამოსწორებულა. "კოლხეთი" კვლავაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კლუბის სატკივარზე "კოლხეთის" მოთამაშე გიორგი ლემონჯავა გველაპარაკა:

- სანამ სეზონი დაიწყებოდა, ძალიან დიდი გაჭირვება იყო და დამაიმედებელიც
არაფერი ჩანდა. ფეხბურთელები სხვა გუნდებში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ხელფასების პრობლემა არ შეგვექმნებოდა...

არადა, ბოლო ხელფასი აგვისტოში ავიღეთ. მას მერე ერთი თეთრი არ აგვიღია. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა, თუმცა აგერ, ნოემბრის ბოლოა და საიმედო კვლავ არაფერი ჩანს.

გვეუბნებოდნენ, რომ ბანკიდან სესხი უნდა აეღოთ, დავალიანება რომ გაესტუმრებინათ. ჩვენ კი ამის გვჯეროდა, ვარჯიშებსა და თამაშებში გულსა და სულს ვდებდით, გაჭირვების მიუხედავად, ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა ერთად ვიდექით და ყველაფრის მიუხედავად, საქმეს კარგად ვაკეთებდით...

Sportall.Ge
ფოტოზე: ბურთით გიორგი ლემონჯავა
- დავალიანების გასტუმრების იმედი გადაგეწურათ?
- სესხის ამბავი 25 ნოემბერს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ სესხი არ გამოდის და ლოდინი ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოგვიწევს. პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ, ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს...

5 თვის განმავლობაში მოთამაშეს ხელფასს რომ არ მისცემ, მერე მას რა უნდა მოსთხოვო?! ჩამოსული ბიჭები სახლებში ვერ მიდიან, რადგან გზის ფული არ აქვთ. ალბათ, ახალ წელსაც ნახევარი გუნდი ფოთში, ბაზაზე დარჩება, სახლში საკუთარი ოფლით მოპოვებულ ფულს კი ვერ წაიღებენ...

საპორტო ქალაქში, რომელიც ქვეყნის საზღვაო კარიბჭეა, ამ მწირ თანხასაც რომ ვერ მოიძიებენ, წარმოგიდგენიათ, რა კატასტროფაა?!

- კონკრეტულად რა მოთხოვნები წამოაყენეთ?
- ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ცოტანი არ ვართ და რომ ფოთისთვის ფეხბურთი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ თუ არ ვიქნებით, უამრავი პერსპექტიული მოთამაშე დაიკარგება და ქვეყანა ფეხბურთის ამ სოლიდურ კერასაც დაკარგავს.

- მერიისგან აქციას რა გამოხმაურება მოჰყვა?
- მერი არ მოვიდა, დაკავებულიაო და მის ნაცვლად მერიის პრესსამსახურის უფროსი გამოცხადდა. 90 ათას ლარს დავრიცხავთ, ხელფასები რომ გავისტუმროთო. მაგრამ ჩვენ ორი თვის დავალიანების გასტუმრებას ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშებზე აღარ გავალთ, თუმცა კი ვივარჯიშებთ.

ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციას სარჩელით მივმართავთ და ვალის გასტუმრებას სპორტული არბიტრაჟის გზით მოვითხოვთ... ისე, სავარჯიშო მინდორიც არ გვაქვს და დახმარებას რაგბის კავშირს ვთხოვთ, რათა ხელოვნურ საფარზე გვავარჯიშონ. აი, ასეა ჩვენი საქმე... ბაზაზე ბიჭებს ტელევიზორი არ ჰქონდათ და ერთ-ერთი შეხვედრის მერე ქალაქის მერმა თავისი ტელევიზორი გვათხოვა...

სათქმელადაც კი არ არის ადვილი, რაც აქ ხდება. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა იხილოთ და მიხვდებით, რა ცოდვაც ტრიალებს... დუბლები თამაშზე ვერ მიდიოდნენ და სამგზავრო მიკროავტობუსი ფეხბურთელის მშობელმა მოიყვანა. ასეთი გარემო ფეხბურთის თამაშის სურვილს გვიკლავს...

- მერია დაფინანსებაზე თავს რატომ იკავებს?
- ფეხბურთი ფუფუნების საგანია და არ შეგვიძლია თქვენთვის ამხელა თანხების გამოყოფაო...

- ...და იქნებ მართლებიც არიან? იქნებ არ აქვთ ფული?
- ...და თქვენ გჯერათ, რომ ამხელა ქალაქში ერთი გუნდის შესანახი ფული არ მოინახა? რა, "ჩელსის" ბიუჯეტს ვითხოვთ? ლაპარაკია სულ რაღაც 800-900 ათას ლარზე, "კოლხეთმა" ნორმალურად რომ იარსებოს... მოკლედ, მოვითხოვთ, რომ კუთვნილი ხელფასები დაგვირიგონ. ახალ წელს მშივრები ვერ შევხვდებით. ან რა ვუთხრათ ოჯახებს? რომ მთელი წელი ტყუილად ვიწვალეთ და ვიშრომეთო?!

- ამ ვითარებაში, გასაკვირიც კია, მოედანზე ერთ ტაიმს მაინც რომ ძლებთ...
- ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე ძალიან მოქმედებს. საერთოდ არავინ გვაქცევს ყურადღებას. სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დახმარებას დაგვპირდნენ, გვერდში დაგიდგებით, ასე არ შეიძლებაო... ჯერჯერობით, ვერ გვეხმარებიან, მაგრამ იმედია, ისინი მაინც გააკეთებენ ყველაფერს, უძველესი ქართული გუნდი რომ არ დაიშალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
rogor heidzleba samegrelos erti dzlieri gundi mainc ar kavdes umagles ligahi,mitumetes fots, es mteli saqartvelos sircxvilia.
QAQUCA.
09:29 03-12-2015
0
სამარცხვინოა აბა რა არის ფოთი რომ გუნდს ვერ ინახავს. გაიტანეთ ფოთის მერი და მიაყოლეთ საკრებულოს თავმჯდომარე.
ქალაქშიც იგრძნობა როგორი უვარგისი მმართველები ყავს ფოთს. სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი არაფრის მაქნისი მერი და თვითმმართველობაა ფოთში. მარტო ტენდერებზე და "ატკატებზე" ფიქრობენ. სამართალი არაა, თორემ ნახევარი დასაჭერია მანდ.
ფეხბურთელებს კიდევ ჩემგან, ერთ-ერთი პატრიოტი და ფეხბურთის გულშემატკივრისგან უდიდესი თანაგრძნობა და პატივისცემა.
აბა ერთი თქვენ ვერ აიღოთ 5 თვე ხელფასი რა დღეში ჩაიგდებთ თავს, საკუთარ ოჯახს გაყიდით.. ეს იმათთვის, ვინც აქ არასწორი სიტყვით გამოდიან ხოლმე კომენტარებში.
გენაცვალეთ ბიჭებო!
georgiano
02:43 03-12-2015
0

სიახლეები პოპულარული