ორივე გუნდის მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართა და ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობით არც ქართველებს უთამაშიათ და არც პოლონელებს. გია გეგუჩაძემ და ხოსე მარია ბაკერომ წამყვან ფეხბურთელთა ნაწილი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვეს, რითაც ახალგაზრდებსაც
დებიუტში გეგუჩაძის ფეხბურთელები უფრო აქტიურობდნენ და ძირითადში გამწესებულ სამ ფორვარდს, რატი წინამძღვრიშვილს, გოგა ფიფიასა და ჯაბა დვალს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობებიც მიეცათ, მაგრამ "ლეხის" მეკარე კშიშტოფ კოტოროვსკი უშეცდომოდ მოქმედებდა. დაწინაურება მაინც "ზესტაფონმა" შეძლო. თორნიკე გორგიაშვილმა ბრწყინვალე გადაცემით წინამძღვრიშვილი მეტოქის კარის დარაჯთან პირისპირ გაიყვანა.
რატიმ კოტოროვსკიც უსაქმოდ დატოვა და მის დასახმარებლად ჩასულ მცველებსაც გაუმკლავდა - 1:0. ჩვენებურების სიხარულმა ორიოდე წუთს გასტანა. "ლეხის" სერბმა ლეგიონერმა ვოიო უბიპარიპმა ანგარიში თავურით გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისი პოლონელთა კარნახით წარიმართა და "ზესტაფონის" კარში 61-ე წუთზე დანიშნული პენალტიც ლოგიკური იყო. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან "ლეხის" ლატვიელი ბომბარდირი, ევროპის ლიგის ორ მატჩში ტურინის "იუვენტუსისთვის" ოთხი გოლის გამტანი არტიომს რუდნევსი მივიდა და ზურაბ მამალაძეს ვერ აჯობა - "ზესტაფონის" მეკარემ მისი დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
ამ ეპიზოდის შემდეგ "ზესტაფონი" გამოცოცხლდა, მაგრამ გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღო. რუდნევსი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა, მისი პასით კი ქართველთა კარი ტომაშ მიკოლაიჩაკმა დალაშქრა.
"ზესტაფონმა" მეტოქის კარზე გადამწყვეტი შტურმი მიიტანა. 89-ე წუთზე ალექსი ბენაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ახალგაზრდა ნიკოლოზ ჩიხლაძემ მიზანს ოდნავ ააცილა, თუმცა გეგუჩაძის ბიჭებმა საწადელს მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მიაღწიეს. ისევ ბენაშვილმა შეასრულა გონივრული გადაცემა და ირაკლი ძარიამ მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2 თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაერთვება. მეოთხედფინალში მისი მეტოქე პრაღის "სპარტა" იქნება.
ხორვატი გორან გრუიცა უკვე "ზესტაფონის" ფეხბურთელად შეგვიძლია მივიჩნიოთ, აი, მეორე ლეგიონერი კი გეგუჩაძეს ჯერჯერობით არ დაუმატებია. "ზესტაფონის" შემადგენლობაში ვინისიუშს შენიშნავდით. 20 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც აქამდე "კრუზეიროში" ირიცხებოდა, "ზესტაფონის" თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ მისმა დონემ არ დააკმაყოფილა და მე-14 წუთზევე შეცვალა. ასე რომ, ვინისიუშის ზესტაფონური კარიერა ვერ შედგება, ვნახოთ, კიდევ რომელიმე უცხოელს ხომ არ გასინჯავს იმერელთა სამწვრთნელო შტაბი ესპანეთში.
ზესტაფონი-ლეხი 2:2
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე), ალადაშვილი (46. ბენაშვილი), ვინისიუში (14. მ. კობახიძე), გრუიცა (46. გ. ონიანი), ელიავა (58. წინამძღვრიშვილი), დაუშვილი (30. გორგიაშვილი), ბაბუნაშვილი (46. ძარია), ჭანკოტაძე (46. აფციაური), ფიფია (46. გრიგალაშვილი), დვალი (46. ს. ლომია), წინამძღვრიშვილი (46. ჩიხლაძე).
ლეხი: კოტოროვსკი, გოლა (46. განჩარჩიკი), ბანდროვსკი (46. ჯურჯევიჩი), ვილკი (46. კრივეცი), კიელბი (46. ზაპოტოკა), უბიპარიპი (46. რუდნევსი), შტილიჩი (46. შლუსარსკი), ბოსაცკი (46. ვოლაკევიჩი), კიკუტი (46. ინიაცი), ენრიკესი (46. მიკოლაიჩაკი), კამინსკი (46. მოჟდჟენი).
გოლები: 1:0 წინამძღვრიშვილი (33), 1:1 უბიპარიპი (35), 1:2 მიკოლაიჩაკი (76), 2:2 ძარია (90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.
მიმოხილვა