შეროზია ისევ მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
შაბათს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ საკონტროლო მატჩში ფოთის "კოლხეთს" ზაზა ინიაშვილმა უხელმძღვანელა, მომდევნო შეხვედრას კი გუნდი ისევ ბესიკ შეროზიას თავკაცობით ჩაატარებს. ''ლელოს" მკითხველმა იცის, რომ გამოცდილი სპეციალისტი ''კოლხეთის" ხელმძღვანელობასთან აპირებდა შეხვედრას და ამის შემდეგ მიიღებდა დაბრუნება-არდაბრუნების გადაწყვეტილებას. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის მმართველებმა შეროზია მთავარ მწვრთნელად დაბრუნებაზე დაიყოლიეს და სეზონის მეორე ნახევრისთვის ''კოლხეთს" კვლავაც იგი მოამზადებს.

''კლუბის ფინანსური მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, მაგრამ ''კოლხეთს" ცოტა უკეთესობა მაინც შეეტყო და რაკი სეზონის ჩამთავრების პერსპექტივა გაჩნდა, საკუთარ თავს გუნდის მიტოვების უფლება არ მივეცი. ბევრს
ვერ ვახერხებთ, მაგრამ მწირი ბიუჯეტი მაინც გვექნება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვიღონებთ. ზაზა ინიაშვილმა კი ჩემ არყოფნაში ''კოლხეთისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა, რისთვისაც მადლობას ვუხდი", - გვითხრა შეროზიამ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ 10-დღიანი შეკრებისთვის საჭირო თანხაც გამოყო და ''კოლხეთი" სეზონის განახლებამდე ფოთში მოემზადება.

''კოლხეთში" მხოლოდ შეროზია არ მიბრუნებულა. გუნდს შეუერთდა გამოცდილი მცველი მიხეილ მახვილაძე, რომელიც გუნდს სეზონის პირველ ნახევარში კაპიტნობდა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ წასულთან – ერთ-ერთი მათგანი ასევე გამოცდილი უკანახაზელი ალექსანდრე ინწკირველია, რომელიც, ალბათ, დღეისთვის გადაწყვეტს, უღირს თუ არა დაბრუნება, მეორის ვინაობა კი ჯერ ვერ დავადგინეთ.

''კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე სხვა ფეხბურთელებითაც აპირებს გაძლიერებას, რამდენიმე ახალწვეულის ვინაობა ცოტა ხნის წინ გაირკვა – ესენი არიან ''სამტრედიას" ყოფილი წევრები, მეკარე ლაშა ძაგანია და თავდამსხმელი გიგა კვერენჩხილაძე, ასევე ახალგაზრდა კიპერი ვახტანგ ლობჟანიძე და ნახევარმცველი ბორის გელაჭეიშვილი.

სინჯებზეა თემურ ფურთუხია, რომელსაც უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბში უთამაშია.

შეროზია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამხანაგური მატჩის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, 5 ან 6 თებერვალს კი ''კოლხეთი" ''გაგრას" ან ''ბათუმს" შეხვდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული