უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურს შეიძლებოდა ზამთრის ჩემპიონი გამოერკვია, თუმცა ასე არ მოხდა. თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ" წყვილად მოიგეს.

მომდევნო ტურში საკმარისია, "დინამომ" ქულა აიღოს ქობულეთში, რომ "დილას" შედეგის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს დაიბევებს...

მასპინძელთა დომინაციით
ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატის XIV ტური ძალიან შედეგიანი იყო. სულ 22 გოლი გავიდა. ამაზე დიდი შედეგიანობაც გვინახავს და ნაკლებიც.

ერთი კი აშკარაა: მთელი ტური მასპინძელთა დომინაციით წარიმართა - 8 შეხვედრიდან 7(!) მოიგეს. ერთი მატჩიც ("კოლხეთი"-"ზუგდიდი") ფრედ
დასრულდა და იმ შეხვედრაშიც მასპინძლებს თავისუფლად შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება - თამაშის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანეს...

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ტურის წყვილებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მასპინძლები ფავორიტებად შეგვერაცხა. მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო სამი წყვილი: "დინამო" თბ-"სიონი", "ჩიხურა"-"შუქურა" და "კოლხეთი"-"ზუგდიდი".

"დინამომ" და "ჩიხურამ" მოიგეს, მეგრული დერბი კი ფრედ დასრულდა. არადა, უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო და, როგორც ვთქვით, არ უნდა გაგვკვირვებოდა, სტუმრები ამ ტურში საერთოდ უქულოდ რომ დარჩენილიყვნენ.

სერიები
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასასრულს უახლოვდება და არ შეიძლება, რამდენიმე საინტერესო სერიაზე არ გავამახვილოთ ქომაგთა ყურადღება.

თუ საქართველოს თასის გათამაშებასაც ჩავთვლით, თბილისის "დინამომ" ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. ამის ფონზე კოშმარული სერიები აქვს ლანჩხუთის "გურიას" - ზედიზედ 5 მარცხი (4 - ჩემპიონატში) და ამდენივე წაგებაა თერჯოლის "საპოვნელას" პასივში.

არ შეიძლება, კიდევ ერთ დასამახსოვრებელ სერიაზე არ ვთქვათ. ესაა კახა კაჭარავას გაწვრთნილი "ცხინვალის" ხუთმატჩიანი წაუგებელი სვლა. ცხინვალელთა შესანიშნავი ასპარეზობა ნათლად ისახება მათ სატურნირო მდგომარეობაზეც.

ჰეთ-თრიკები
ერთი საინტერესო შედარება გავაკეთოთ. საქართველოს წინა ჩემპიონატში სულ 4 ჰეთ-თრიკი შესრულდა. შეგვიძლია იმ ფეხბურთელების ვინაობაც დავასახელოთ, ამ მიღწევით რომ გამოიჩინეს თავი - გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი ჩირგაძე (ორივე - "დინამო" თბ), ნიკა კვეკვესკირი ("დილა") და ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი").

ახლა კი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 14 ტურია გასული და უკვე 6 ჰეთთრიკოსანი გვყავს - გიორგი ბერიაშვილი ("დინამო" ბთ), ოთარ მარცვალაძე ("დილა"), დიმიტრი ტატანაშვილი ("სიონი"), რომელთაც XIV ტურის შემდეგ შეემატნენ - გიორგი ქვილითაია ("დინამო" თბ), ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი") და ირაკლი სიხარულიძე ("სამტრედია").

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 21 წლის კაჭარავა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მან უკვე გააუმჯობესა წინა სეზონის შედეგი - 25 მატჩში გატანილი 12 გოლი. მიმდინარე პირველობაზე მან 14 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი(!) გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

შედეგიანად დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი "სამტრედიის" 25 წლის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემაც. მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას ვეღარ გაჰქონდა გოლები და აი, ჰეთ-თრიკით შეგვახსენა თავი.

ასევე პაუზა (17 ოქტომბრის შემდეგ) ჰქონდა ბათუმის "დინამოს" ფორვარდ გიორგი ბერიაშვილს. გოლის გემო გაიხსენა ოთარ მარცვალაძემაც, ვინც ბოლო მატჩებში ტრავმის გამო ინტენსიურად ვერ თამაშობდა.

გოლი შეაგდო "ტორპედოს" ნიჭიერმა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემაც. არადა, ამ ახალგაზრდა (22 წლის) შემტევს 14 აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა აღებული მოწინააღმდეგის კარი.

ტური არ გავა...
პრაქტიკულად, ტური არ გავა, დუბლი არ შესრულდეს. ამ ტურში უნდა გამოვარჩიოთ თბილისის "დინამოს" მცველის, 27 წლის გიორგი გურულის მიერ შესრულებული დუბლი ბოლნისის "სიონის" კარში.

ამავე ტურში ვიხილეთ ორი გამოუყენებელი 11-მეტრიანი. "ჩიხურას" შემტევმა თორნიკე მუმლაძემ "შუქურასთან" შეხვედრაში ვერ აქცია გოლად უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი, მეგრულ დერბიში კი "კოლხეთის" კაპიტანმა ოთარ გოგონაიამ "ზუგდიდს" ვერ გაუტანა.

ამ ორ შემთხვევაში შესანიშნავად ითამაშეს "შუქურასა" და "ზუგდიდის" მეკარეებმა - 24 წლის აზამათ ჯიოევმა და 33 წლის ზურაბ მამალაძემ.

სადებიუტო გოლი, სადებიუტო მატჩები
უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი მიითვალა ლანჩხუთის "გურიის" 21 წლის შემტევმა ნიკა წერეთელმა.

უმაღლეს ლიგაში პირველი შეხვედრები ჩაატარეს 18 წლის სოლომონ გუჯაბიძემ ("გურია), 17 წლის თორნიკე მუზაშვილმა ("საბურთალო), 18 წლის კენიელმა ლეგიონერმა ტერა ლუჰენმა ("საბურთალო") და 23 წლის ავთანდილ ბრაჭულმა ("შუქურა").

თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ და გოლები გაიტანეს გიორგი ბერიაშვილმა, ოთარ კვერნაძემ, საბა ლობჟანიძემ ("დინამო" თბ), გიორგი ვასაძემ ("სიონი") და ოთარ მარცვალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭეიშვილსაც სადებიუტო თამაში ქონდა სამტრედიას შემადგელნობაში
გიო
12:53 09-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული