რვა უპასუხო გოლი გურულთა კარში

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიამ" მორიგი საკონტროლო მატჩი გუშინ ჩაატარა. ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ქვედა ლიგის ბინადარ ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდა და იმის მიუხედავად, რომ აშკარა ფავორიტი იყო, მეტოქეს მაინც მოსალოდნელზე დიდი უპირატესობით სძლია - ”ბაიამ" ”გურია" 8:0 გაანადგურა.

ქომეთიანმა ამჯერადაც ორი შემადგენლობა ათამაშა, გამონაკლისი მხოლოდ ვეტერანი როინ ონიანი იყო, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. პირველი ტაიმი ზუგდიდელებმა 4:0 მოიგეს, ქობალიამ ჰეთთრიქი შეასრულა, ერთიც ეხვაიამ გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში ლანჩხუთელთა კარი ჩანგელიამ, შონიამ, მალიჩავამ და ონიანმა დალაშქრეს.

”ბაია" პირველ ტაიმში: სომხიშვილი - სვირავა, აქუბარდია, რ. ონიანი,
გამრეკლიძე - რიგვავა, შ. ლომია, სიხარულია, წურწუმია - ეხვაია, ქობალია.
მეორე ტაიმში: მაქაცარია - გ. ქირია, აფაქიძე, მამულია, რ. ონიანი - გუჯეჯიანი, კუხალაშვილი, ნ. შონია, ვართაგავა - მალიჩავა, ჩანგელია.

სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა დანილომ ”ბაიას" მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა და გუნდი უკვე დატოვა, გამრეკლიძესა და კუხალაშვილზე დაკვირვებას კი ზუგდიდელთა სამწვრთნელო შტაბი კვლავ განაგრძობს. ხვალ ან ზეგ ”ბაია" წალენჯიხის ”სქურს" ან ხობის ”კოლხეთს" ეთამაშება, ბოლო სპარინგს კი 6 თებერვალს გორის ”დილას" წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული