ბოლო დღეების განმავლობაში "ლელომ" "დინამოსთან" დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველს. ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველ ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი თურქული "ქარშიაქადან".
გარდა ამისა, საინტერესოა თბილისელთა სხვა სატრანსფერო გეგმები და ისიც, თუ რომელ გუნდებს შეხვდება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თურქულ შეკრებაზე.
"ლელო" თბილისის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა. პირველი კითხვა მოსამზადებელ გეგმებს შეეხო:
ამ დროისთვის, კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება სამ პოტენციურ მეტოქესთან და როცა ეს საკითხი გადაწყდება, აუცილებლად გაიგებთ... აქვე უნდა ვთქვა, რომ ძირითადი გუნდის პარალელურად, თურქულ შეკრებას გაივლის "დინამოს" დუბლშემადგენლობაც. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია", - ამბობს ხუციშვილი.
რაც შეეხება "დინამოს" სატრანსფერო გეგმებს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდის პირველი შენაძენი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი იქნება:
"ამისულაშვილთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ - ტრანსფერი ოფიციალურად რომ დადასტურდება და ფეხბურთელსაც წარვადგენთ, მხოლოდ ამის მერე ვიტყვით, რომ თემა დახურულია...
ამ დროისთვის, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები და ამ მოლაპარაკებების შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ", - ესეც ხუციშვილის სიტყვებია.
ამბობენ, რომ "დინამოს" სამიზნეში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე. მისი ამბები ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის - უჩას უთანხმოება მოუვიდა "ომონიას" ახალ მთავარ მწვრთნელთან. ის ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია და მხოლოდ ფორმის შენარჩუნების მიზნით ვარჯიშობს თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად.
ცხადია, ხუციშვილს ლობჟანიძეზეც ვკითხეთ:
"უჩა ლობჟანიძე გამორჩეული ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. ამასთან, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. წლებია, სტაბილურად თამაშობს უცხოეთში და ესეც, თავისთავად, ბევრზე მეტყველებს... მაგრამ ჯერ კონკრეტულად არ შემიძლია რაიმეს თქმა".
"დინამოს" დირექტორს ლუგანსკის "ზორიას" სერბი შემტევი ნახევარმცველის, 34 წლის ზელიკო ლუბენოვიჩის თაობაზეც ვკითხეთ. ამბობენ, "დინამოს" ეს ფეხბურთელიც აინტერესებსო. ხუციშვილი კი გვეუბნება:
"ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას...
ბოლოს, თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, მთელ საქართველოს, ყველა დინამოელს და ჩვენი გუნდის ქომაგებს მივულოცო ახალი წელი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"