როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
დღეს ს.კ "ტორპედოსთან" შრომით ხელშეკრულებას ხელი როინ კვასხვაძემ მოაწერა. 26 წლის მეკარე ოფიციალურად ტორპედოელი გახდა.

როინ კვასხვაძეს კარგად იცნობენ ქუთაისელი და, ზოგადად, ქართველი ქომაგები. იგი დიდი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია. მისი ბაბუა - უფროსი როინი და მამა - გიორგი საბჭოურ ხანაში "ტორპედოს" კარს დარაჯობდნენ, მისი ძმა - ნიკა მოქმედი ფეხბურთელია და, მოგეხსენებათ, დროგამოშვებით თამაშობდა "ტორპედოში".

როინ კვასხვაძე მამის - გიორგის მიერ დაარსებული სკოლა "მემორიალის" აღზრდილია. 2006-2013 წლებში "ზესტაფონის" მოთამაშე გახლდათ
და ამ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ თასს დაეუფლა და სხვა ტიტულებიც მოიპოვა.

"ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ, 2013-2014 წლების სეზონის მე-2 ნახევარი , მან "ტორპედოში" გაატარა (14 მატჩში მიიღო მონაწილეობა), საიდანაც კვიპროსზე გაემგზავრა და ჯერ "ოთელოსში", ხოლო შემდეგ "პაფოსში" გამოდიოდა.

როინ კვასხვაძეს 3 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მანამდე მას სისტემატურად იწვევდნენ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში.

როინ კვასხვაძე: "ტორპედოს" ხელმძღვანელობა კვიპროსიდან წამოსვლისთანავე შემეხმიანა. არ დავმალავ, ძალიან გამიხარდა. ქუთაისელი ვარ და "ტორპედოში" თამაში ჩემთვის საამაყოა. ვიცი, რომ გუნდში სასიკეთო ძვრებია, კლუბის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს "ტორპედოს" კრიზისიდან გამოყვანა სურს და სამომავლოდ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას ისახავს მიზნად. მინდა ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად".

ზურაბ ჩაკვეტაძე (ს.კ "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი): " როინ კვასხვაძე მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ბოლო დროს გუნდში მოვიყვანეთ. ამით სატრანსფერო ფანჯარა დავხურეთ. ვფიქრობთ, როინი მაქსიმე ქვილითაიასთან, ვანო წილოსანთან, ვახტანგ კვარაცხელიასთან და ბექა ტუღუშთან ერთად "ტორპედოსთვის" დიდი ძალაა, რომელიც გუნდს უახლოესი და შორსმიმავალი გეგმების განხორციელებაში დაეხმარება.

კლუბის ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს შემუშავებული აქვს სტრატეგია და მიზანმიმართულად ვმუშაობთ მის განსახორციელებლად. იცვლება თამაშის ფილოსოფია, თუმცა ამ თემაზე დეტალურად მთავარ მწვრთნელთან ერთად მოგვიწევს საუბარი. დაიწყო დუბლიორებიდან მთავარ გუნდში ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების დაწინაურების პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ გამოცდილი პარტნიორების გვერდით ისინი ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. კარს გავუღებთ ქუთაისში აღზრდილ ან დაოსტატებულ , მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ახლა სხვა კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს, რაღა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მართლაც რომ დროა "ტორპედომ" მისთვის შეუფერებელ ყოფას დააღწიოს თავი და კუთვნილი ადგილი დაიკავოს ქართულ ფეხბურთში. ეს ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია. დასახულ მიზანს სწორი მიდგომით, დაუღალავი შრომით, ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ. ქალაქის ხელმძღვანელობისგან დიდი ყურადღება და მხარდაჭერა გვაქვს სტრატეგიული მიზნის განხორციელებაში."

ს.კ "ტორპედოს" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი შენაძენია,ჯერ მწვრთნელი მოვიდა ახალი ეხლა ფეხბურთელები,ესეიგი ფიქრობენ საქმეზე...
luka
23:07 17-01-2016
0
ქართულ ფეხბურთში როდემდე უნდა იტრიალოს სატრანსფერო კარუსელმა..მოიყვანეთ ვინმე მაგარი ლეგიონერი და გუნდი გუნდს დაამსგავსეთ
ucxoplaneteli
18:48 17-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული