"ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ანატოლი პისკოვეცის გუნდს ორი შემადგენლობა დაუპირისპირა. ბუნებრივია, ორი შემადგენლობით ითამაშა "გაგრამაც". პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, მეორე კი "ბაიამ" 2:0 მოიგო. რიგვავამ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, მეორე ბურთი კი 57-ეზე ეხვაიამ გაიტანა. მატჩმა წვიმის თანხლებით ჩაიარა, რამაც თამაშის ხარისხს დაღი დაასვა.
პირველი მატჩი
მეორე მატჩი: სომხიშვილი - სვირავა (კუკავა), აქუბარდია, რ. ონიანი, თ. აკობია - რიგვავა, ვართაგავა, წურწუმია, სიხარულია - ეხვაია, ქობალია.
როგორც ქომეთიანმა გვითხრა, კლუბის ფინანსურ საკითხებში ახალი არაფერია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას კვლავაც ელიან.
ზუგდიდელებს განსაკუთრებული საკადრო სიახლეები არ აქვთ. დუბლშემადგენლობიდან სამწვრთნელო შტაბმა ბერიშვილი და აკობია დაიმატა, გურამ სამუშია კი "ბაიას" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებიდან დაუბრუნდა. ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი სწრაფად პროგრესირებს და, წესით, ჩემპიონატის მატჩებში "ბაიას" შემადგენლობაში ხშირად უნდა ვიხილოთ.
რაც შეეხება სინჯებზე მყოფ ორ თბილისელ ახალგაზრდას, მარცხენა მცველის, ილია გამრეკლიძის "ბაიაში" დარჩენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მარჯვენა ნახევარმცველ გიორგი კუხალაშვილს კი მწვრთნელები კიდევ დააკვირდებიან.
სეზონის განახლებამდე "ბაია" კიდევ ერთ ტესტმატჩს ჩაატარებს - 6 თებერვალს გორის "დილას" უმასპინძლებს. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპს ზუგდიდელები 13 თებერვალს, ბოლნისის "სიონთან" საშინაო მატჩით დაიწყებენ. "ბაია" დღეისთვის მეხუთე ადგილზეა.
რაც შეეხება "გაგრას", იგი მორიგ საკონტროლო მატჩს ასევე 6 თებერვალს გამართავს. მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "გაგრაში" სინჯებზე მყოფი სამი ნიგერიელიდან ორს გუნდში დარჩენის კარგი შანსი აქვს.