ამის წაკითხვა ქართველ მსაჯებს გაახარებს

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობა ბოლო დროს სისტემატურად ინტერესდება უმაღლესი ლიგის კლუბების ბედით. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ ისინი კლუბების პრობლემების მოგვარების გზებს ეძებენ და ხელისუფალნი და საფეხბურთო ოჯახის წევრები ამ თემას ალბათ კიდევ მიუბრუნდებიან.

თავიდან ვიფიქრეთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრა სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამჯერად მთავარი თემა მსაჯთა კორპუსი ყოფილა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა უძღვებოდა, "სამთავრობო აუდიენციას" კი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რვა კლუბის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ზოგ კლუბს პრეზიდენტი წარმოადგენდა, ზოგსაც - მმართველი
რგოლის სხვა წევრები.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ კანცელარიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც უნდა მისულიყო, მაგრამ შეხვედრამ მის გარეშე ჩაიარა. იქ არც ფედერაციის სხვა წარმომადგენელი მისულა და არც სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელობა. რაც შეეხება პრემიერ გილაურს, იგი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება და შეხვედრას ამიტომ აკლდა.

ამ წერილის წაკითხვა მსაჯებს გაახარებს. ლეჟავამ თქვა, რომ მსაჯთა ანაზღაურების ახალი სისტემა ძალაში ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთანავე შევა. შეგახსენებთ, მათ მატერიალურ წახალისებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და გასახარი იქნება, თუ მსაჯებს მცირე ხელფასი სოლიდურად გაეზრდებათ. რიცხვების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ უმაღლესი ლიგის ერთი მატჩის მომსახურებისთვის არბიტრმა დაახლოებით 1 000 ლარი უნდა მიიღოს, თანამსაჯებმა კი - 600.

კლუბების წარმომადგენლებს კანცელარიაში, უპირველესად, სწორედ ამ სიახლის სათქმელად უხმეს, თუმცა მათ სხვა საკითხებზეც ესაუბრნენ. ლეჟავამ იმედი გამოთქვა, რომ ანაზღაურების გაზრდა მსაჯობის დონეს აამაღლებს და მათი დაცულობისადმი მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. უმაღლესი ლიგის ბინადრებს მსაჯების საჯარო კრიტიკისგან თავის შეკავება და სტადიონზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სთხოვეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული