გელა სანაია "კოლხეთის" მზადყოფნით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
12 თებერვალს ფოთის "კოლხეთი 1913"-მა ურეკში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გელა სანაიას გუნდს საქართველოში მოსამზადებლად ჩამოსული უკრაინის პირველი ლიგის გუნდი, ჩერნოგოვის "დესნა" დაუპირისპირდა.

ანგარიში უკრაინელთა შემტევმა ნახევარმცველმა ევგენი ბოვტრუკმა გახსნა. მალე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ფოთელების თავდამსხმელი თორნიკე თუხარელი შეკამათებისთვის გააძევა - მაგრამ შეცვლის უფლებით.

ფოთელებმა წონასწორობა მხოლოდ მეორე ტაიმში აღადგინეს. თავი დათა სიჭინავამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

ამხანაგური მატჩი
კოლხეთი 1913-დესნა 1:1
გოლები: 0:1 ბოვტრუკი (32); 1:1 სიჭინავა (64).
კოლხეთი 1913: ძაგანია, თევზაძე, შალიკაშვილი, კილასონია, თ.
კაკულია, ლ. კაკულია, ჩაკვეტაძე, გიგაური, სიჭინავა, თუხარელი, ტუღუში.
შეცვლაზე: სეფიაშვილი, ჟიშკარიანი, მესხი, ლემონჯავა, გუგუშვილი, ნიქაბაძე, გოგონაია, გურეშიძე.
გაძევება: თუხარელი (37)

* * *
ფოთელების მთავარი მწვრთნელი ამ სპარინგით კმაყოფილი დარჩა:

"ძალიან კარგ და ორგანიზებულ გუნდს შევხვდით. ვიცი, რომ ფინანსურად არ უჭირთ და მომავალი სეზონისთვის უკრაინის პრემიერლიგაში გადასვლას ფიქრობენ. ისინი ძალიან სწორად მოძრაობდნენ და ბევრს დარბოდნენ, რაც უკრაინელებისთვის დამახასიათებელია. ასეთ გუნდთან სპარინგი ჩვენი ნაკლის გამოსავლენად ჰაერივით გვჭირდებოდა. მოკლედ, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი სპარინგი გამოგვივიდა".

სანაიას მოსამზადებელი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ:

"ხვალ ლანჩხუთის გურიას" შევხვდებით და ამით საკონტროლო მატჩების სერიას დავასრულებთ. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ მზადებით კმაყოფილი ვარ, რადგან რეალურად, ფეხბურთელები სრულყოფილად, ორჯერადად ვერ დავტვირთეთ. სასტუმროში შესვლაც შეუძლებელი აღმოჩნდა და ადგილობრივი მოთამაშეები სახლიდან დადიოდნენ.

რაგბის სტადიონზე დღეში ერთხელ რომ გვიშვებდნენ, ამისთვისაც მადლობა ეთქმით. მეტი კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

მეორე ფაქტორიცაა: თურქეთში გუნდებს გაცილებით უკეთეს და ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრები უწევთ და მოსამზადებლადაც ბევრად კომფორტული გარემოა. რას ვიზამთ, ასეთია ქართული ფეხბურთის დღევანდელობა და მას ვერსად გავექცევით".

"ლელო" უკვე წერდა, რომ ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მოედნის მწყობრში მოსაყვანად სამუშაოები დაწყებულია. ლანჩხუთში საშინაო მატჩებს ფოთის "კოლხეთი 1913" მართავდა, მაგრამ "გურიის" ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ასეთი დატვირთვები მინდვრის საფარს მნიშვნელოვნად აზიანებს და სტადიონზე მხოლოდ "გურია" ითამაშებსო. ამიტომაც დღემდე უცნობია, "კოლხეთი 1913" მეორე წრის საშინაო შეხვედრებს სად გამართავს:

"რაგბის სტადიონზე შესვლა გვსურდა, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცით, მეტოქეებს სად ვუმასპინძლებთ. ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა".

სანაია სახელმწიფო პროგრამაზეც გველაპარაკა:

"მე ერთიანი ფონდისა და თანაბარი დაფინანსების იდეა ძალიან მომწონს. მესმის იმ გუნდების, რომლებიც ამბობენ - მეტი ბიუჯეტი მაქვს და ნაკლებ საბაზისო დაფინანსებას რატომ უნდა დავთანხმდეო, მაგრამ მე ასე მგონია - სახელმწიფო პროგრამა ისევ მათი დაცვისთვის შემუშავდა.

წარმოიდგინეთ, გუნდს აფინანსებენ იმიტომ, რომ გამგებელს ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ის ფეხბურთის მოძულე პირმა რომ შეცვალოს, გუნდი ხომ მოკვდება? ერთიანი ფონდით კი გუნდების მინიმალური დაფინანსება ხუთი წლით იქნება გარანტირებული. ამ პროგრამის მთელი ეშხი კი სწორედ ისაა, რომ ფეხბურთი, ამიერიდან, გამგებლების ხუშტურებზე აღარ იქნება დამოკიდებული და გუნდები სტაბილურად დაფინანსდებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული