"ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ისეთი საინტერესო პუნქტებია ჩადებული, დარწმუნებული ვარ, ბიზნესი ფეხბურთით დაინტერესდება. კონკრეტულად კი იმას ვგულისხმობ, რომ კლუბს სპონსორისგან მოზიდული თანხები სტიმულირების ფონდიდან აუნაზღაურდება.
არ გამოვრიცხავ, რომ უცხოეთშიც გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ჩვენს კლუბებში ფულის დაბანდებით დაინტერესდებიან.
მთავარი ისაა, რომ კლუბებს სტაბილურობის განცდა გაუჩნდებათ და ხანგრძლივი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება შეეძლებათ. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი იმას გამოიწვევს, რომ ქართულ
იმითიც დავინტერესდით, თუ რა ნაკლს ხედავს "ლოკომოტივის" პრეზიდენტი სახელმწიფო პროგრამაში:
"თავიდან, კითხვები მქონდა დუბლების ჩემპიონატზე. როგორც ვიცი, მათ მეორე ლიგაში ათამაშებენ. ამ გუნდის წევრებს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება უნდა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, მარტო მეორე ლიგაში ისინი ვერ გაიზრდებიან.
მთელ ამ პროგრამაში ეს ერთი შენიშვნა მაქვს. ჩემპიონატის ფორმატის გაზაფხული-შემოდგომით შეცვლა კი მისაღებად მიმაჩნია. უპირველესად, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი გუნდების ევროთასებისთვის უკეთ მოემზადებიან".
თოფურია ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პერიოდში ჩემპიონატის გაშუქება აუცილებელი გახდება:
"ახლა სწორედ იმის დროა, ეროვნული ჩემპიონატი კარგ პროდუქტად გადაიქცეს და შესაბამისადაც შევფუთოთ. მჯერა, გარდამავალი სეზონიდან ეს შესაძლებელი გახდება.
ადრე ამას მედიაკომპანია "კოლხიდას" სატელევიზიო პროდუქტით ვცდილობდით და მსგავსი პროექტი ახლაც უნდა განხორციელდეს. თუ ფეხბურთის ფედერაცია საჭიროდ ჩათვლის, "კოლხიდას" აღვადგენთ. ტენდერი თუ ჩატარდება, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან ქართულ ფეხბურთს სატელევიზიო ეთერი ჰაერივით ესაჭიროება, ჩვენ კი ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება გაგვაჩნია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მამუკა კვარაცხელია