მოკლედ, მაისის ბოლომდე მეტ-ნაკლებ სატრანსფერო აქტივობას კიდევ უნდა ველოდოთ; არადა, ზამთრის "სატრანსფერო ბაზარზე" უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ისეთი აქტიურობა გამოიჩინა, ცოტა არ იყოს, გვეეჭვება, კიდევ რომ ვიხილოთ ახალწვეულები.
თუმცა, საპირისპირო შემთხვევაშიც არც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, ისე, როგორც არ უნდა უკვირდეს ვინმეს ის ფაქტ(ებ)ი, როცა ზამთრის პაუზის
სხვა საქმეა, თუ როგორ აისახა შემადგენლობის ეს რადიკალური გადახალისება ამა თუ იმ გუნდის შედეგებზე მეორე წრის სასტარტო ტურებში: ზოგან გაამართლა ასეთმა სატრანსფერო აქტივობამ, ზოგან კი პირიქით მოხდა. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ერთ მართლაც უცნაურ "საფეხბურთო მოვლენაზე" გვინდა ყურადღების გამახვილება.
მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ შარშან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ასევე, წინა აღმასკომის დასტურით, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდები ვალდებულნი უნდა ყოფილიყვნენ თითოეულ ფეხბურთელთან, სულ მცირე, ერთწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ; ანუ ამ დადგენილებით იკრძალებოდა ექვსთვიანი კონტრაქტები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თითქმის ყველა ქართული გუნდი (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) სიამოვნებით უფორმებდა ამ თუ იმ ფეხბურთელს (თანაც, არა მხოლოდ ჩვენებურებს); ჰოდა, ამიტომაც ჩნდებოდნენ ყოველი ექვსი თვის შემდეგ "ნახევარწლიანი გუნდები" და ქართველ ფეხბურთელთა ძალიან დიდი ნაწილიც ასევე ექვსი თვის შემდეგ გუნდიდან-გუნდში მოგზაურობდა.
თანაც, ეს "მოგზაურობა" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში კი არ ხდებოდა: პირველ ლიგაში ლამის სანთლით იყო საძებნელი ისეთი ფეხბურთელები, ერთსა და იმავე გუნდში "გადაბმულად" ერთს ან ორ სეზონს რომ ჩაატარებდა!
...საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას ამ სტრიქონების ავტორისაგან კრიტიკა არ მოჰკლებია, მაგრამ ზემოთ ნახსენები დირექტივის დაკანონებას მივესალმეთ კიდეც და ეს გადაწყვეტილებაც მოვუწონეთ; ანუ გვჯეროდა, რომ აღმასკომის დადგენილებას გვერდს ვერც ერთი ქართული გუნდი ვერ აუვლიდა და ტერმინი "ნახევარწლიანი გუნდები" წარსულს ჩაბარდებოდა.
ჰო, ჩვენც ასეთი მოლოდინი გვქონდა და მოვლენების სხვაგვარად განვითარებას ვერაფრით წარმოვიდგენდით. სამწუხაროდ, მწარედ ვცდებოდით: შარშან ზაფხულს, ამ სეზონის დაწყების წინ ესა თუ ის გუნდი საზოგადოებას საჯაროდ რომ ამცნობდა ამ თუ იმ ფეხბურთელთან, სულ მცირე, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას, სინამდვილეში ეს კონტრაქტი... ნახევარწლიანი ყოფილა!
არადა, ამ ზამთრის სატრანსფერო პაუზამდე "რატომღაც" გვეგონა, რომ 1 წელიწადი ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე 6 თვე; თუმცა ჩვენთან ყველაფრის "გადაკეთება" შეიძლება და ამ მხრივ, არც ქართული საკლუბო ფეხბურთია გამონაკლისი: უმაღლესი ლიგის გუნდების ახალწვეულთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ შარშან ზაფხულს სხვა გუნდებთან გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი; მერე, პირველი წრე რომ მორჩა, ასევე თითქმის ყველამ, "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე" ეს ერთწლიანი კონტრაქტი გაწყვიტა და უკვე ახალ გუნდთან გააფორმა, რაღა თქმა უნდა, "ერთწლიანი" კონტრაქტი!
თუმცა, ეს სეზონი რომ დასრულდება, მერე "აღმოჩნდება", რომ ისევ და ისევ "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე", ეს კონტრაქტი გაწყდება და ფეხბურთელებიც "თავისუფალი აგენტის" სტატუსით უკვე ახალ წრეზე წავლენ და, სავარაუდოდ, ასე იქნება დაუსრულებლად.
რა თქმა უნდა, რამდენიმე ფეხბურთელთან, შესაძლოა, მართლაც გაწყვეტილიყო ის ერთწლიანი კონტრაქტი, მაგრამ ვინ დაგვაჯერებს, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი ასს (ამ ზამთარს უმაღლეს და პირველ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების გათვალისწინებით) გადააჭარბებდა?
... ყოველთვის მივესალმებოდით იმ ტენდენციას, როცა ჩვენს ჩემპიონატში გარკვეული პაუზის შემდეგ უცხოეთმოვლილი ქართველი ფეხბურთელები ბრუნდებოდნენ; თუნდაც, ალექსანდრე იაშვილისა და ოთარ მარცვალაძის მაგალითზე ვიმსჯელოთ, - ეს ორი გამოცდილი ოსტატი ხომ მიმდინარე სეზონში, უდავოდ, გამორჩეულია;
ისიც დადებით მომენტად მივიჩნიეთ, როცა ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატს სხვადასხვახნიანი პაუზის მერე დაუბრუნდნენ ისეთი ფეხბურთელები, საქართველოს ნაკრების წევრებად თუ კანდიდატებად რომ მოიაზრებიან: ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკა გელაშვილი (სამივე - თბილისის "დინამო"), გიორგი ფოფხაძე, ბაჩანა ცხადაძე (ორივე - "ლოკომოტივი"), როინ კვასხვაძე ("ტორპედო"); მაგრამ, აი, იმას კი ვერაფრით ვეგუებით, როცა უმაღლეს ლიგაში ლამის ყოველ მეორე კლუბს "ექვსთვიანი გუნდის" სტატუსს ვანიჭებთ.
ჰოდა, მერე ნურც ის გაგვიკვირდება, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის დონე წლიდან წლამდე რომ ეცემა და აღარაფერს ვამბობთ ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების გამოსვლაზე, იმ ევროტურნირებზე, ქართული გუნდებისათვის პირველ-მეორე საკვალიფიკაციო ეტაპით რომ მთავრდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"