ლადო ბურდული: პირველად თქვენთან ვამბობ ამას - არის ინვესტორი!

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა აქტიური განხილვის ფაზაშია. ამასთან დაკავშირებით, "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა ბოლნისის "სიონის" გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს:

- როგორ შეაფასებდით ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ამდენი ხანია, ველოდით?
- ჩემთვის, პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტული მხარე. როგორც პროგრამის პრეზენტაციისას შევიტყვეთ, ყველა კლუბს თითოეულ ქულაზე ექნება ბონუსური ტიპის წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის თითოეული შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ჩაივლის. სპორტული პრინციპი ბოლომდე იქნება დაცული და არ შეიძლება, ეს არ გვახარებდეს. სწორედ ამიტომ გავამახვილე პირველად ყურადღება ამ
მომენტზე.

რაც შეეხება 10-გუნდიან ჩემპიონატს, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, როგორ გაამართლებს ის...

მაგრამ ახლა ისევ ბონუსების სისტემაზე გეტყვით. კარგია, რომ მივედით აქამდე. საქართველოს ჩემპიონატი არ იქნება პირველი, სადაც ეს სიახლე დაინერგება. თურქეთში არის ასეთი რამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ეს გაამართლებს.

ჩვენში ამ პროგრამას უკვე გამოუჩნდნენ განსაკუთრებით შეურიგებელი სკეპტიკოსები. ამბობენ, ეს რა პროგრამაა, არაფრად ვარგაო... საერთოდ, ჩვენ ხშირად გვჩვევია რაღაცის გაღმერთება ან პირიქით. მოდით, ნუ გადავვარდებით უკიდურესობაში და დაველოდოთ, რა შედეგს მიიღებს ქართული ფეხბურთი ამ პროგრამისგან. ყველაფერი კი კეთდება ერთადერთი მიზნით - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონემ უნდა აიწიოს. ეს არის მთავარი და თუ ეს მოხდება, ვიტყვით, რომ პროგრამამ გაამართლა.

- ფაქტია, ფული სწორად უნდა დაიხარჯოს...
- ძალიან გთხოვთ, პირდაპირ დაწერეთ, რასაც გეტყვით - ამ ფულს სახელმწიფო იძლევა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ეს არ არის არც ლადო ბურდულის და არც ვიღაცის ფული. ამიტომ სულ ბოლო თეთრამდე მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს ეს თანხა და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ვინც ქართულ ფეხბურთში ვართ დასაქმებულნი. ჩვენ სახელმწიფო კლუბი ვართ დღემდე და ხელფასი არ არის დიდი, მაგრამ ფეხბურთელებს ის დროულად ურიგდებათ.

- რას იტყვით ეროვნული ჩემპიონატის სისტემის ცვლილებაზე? ბევრი ამბობს, რომ სამთვიანი პაუზა ნამეტანია და ისევ შემოდგომა-გაზაფხულის ვარიანტი სჯობდა...
- გაზაფხული-შემოდგომის სისტემა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მაშინ, როცა ვლადიკავკაზის "ალანიაში" ვთამაშობდი. იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის შუამდე ვიყავით ანტალიაში, შეკრებაზე. სულ სამი შეკრება გვქონდა ხოლმე...

სისტემა იცვლება და თუ ქართულ გუნდებს ექნებათ იმის საშუალება, რომ, ვთქვათ, თვენახევრის განმავლობაში იყვნენ თურქულ შეკრებაზე, ვინ იტყვის ამაზე უარს? ამას რა აჯობებს? მით უმეტეს, იქ კარგი სპარინგების ჩატარების საშუალება იქნება.

- ეს პროგრამა პირდაპირ გეუბნებათ კლუბების ხელმძღვანელებს - ეძებეთ კერძო ინვესტორი! "სიონში" ამ მხრივ უკეთესობისკენ ხომ არ არის ძვრები?
- პირველად თქვენთან ვამბობ ამას - არის ინვესტორი, რომელიც ჩვენი კლუბითაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან შეიძლება საქმე გავაფუჭოთ. ინტერესი ძალიან სერიოზულია. განზრახული მაქვს, ეს ინვესტორი შევახვედრო ბოლნისის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მერე თავად იციან, რას გადაწყვეტენ, რა მოდელზე მოილაპარაკებენ. მთავარია, რომ კერძო ინვესტორის მხრიდან ჩვენი კლუბის მიმართ არის კონკრეტული ინტერესი.

- ანუ საქმე სერიოზულ კომპანიას ეხება?
- რა თქმა უნდა!

- ესე იგი, არის იმის შანსი, რომ ბიზნესმენების ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამ პროგრამის დამტკიცების შემდეგ?
- ცხადია, ასე იქნება. მე ვიტყოდი, სახელმწიფომ ბიზნესმენებს ოქროს თევზი აჩუქა. ნებისმიერი კარგი, წარმატებული კლუბი ორ მილიონზე და მეტზეც ავა სეზონის განმავლობაში და ეს უკვე ძალიან კარგია. ფეხბურთის განვითარებისთვის ყველანაირ პირობას ქმნის ეს ფონდი.

აქამდეც დავრბოდი კარდაკარ, ერთი დღე არ ვყოფილვარ უქმად, ვაწუხებდი ყველას... იყვნენ და არიან კარგი ადამიანები. ზოგმა ბურთი გვიყიდა, ზოგმა - ფორმა. ეგაა, ახლა უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა ამ ყველაფერს.

- ფაქტია, მომავალი კერძო კლუბებისაა...
- გეთანხმებით, მაგრამ ისიცაა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მუნიციპალური კლუბია... რა თქმა უნდა, კერძო სექტორი უნდა გააქტიურდეს და მჯერა, ეს ასეც იქნება. საქმეს ყველგან კარგად კეთება სჭირდება. 2-მილიონნახევარი გვქონია ბიუჯეტი და ისეთი კლუბისთვის მოგვიგია, რომლის ბიუჯეტიც 5-7 მილიონი დოლარი ყოფილა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის...

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაჯობებთ ისეთი ინვესტორის მიერ დაფინანსებულ კლუბს, რომელიც იმდენ ფულს დებს ამ კლუბში, რამდენიც უნდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენსას ვეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტყუილია, რომ ბაიერნი მუნიციპალური კლუბია. სააქციო საზოგადოებაა და ყოველწლიურად დივიდენდებსაც არიგებს - სახელმწიფო ერთ თეთრს არ უფინანსებს.
kote
01:08 04-03-2016
0
ბურდული და მისნაირები რო იქნებიან მენეჯერები იმიტომაცაა ამ დღეში ქართული ფეხბურთი!
კაკა
00:22 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული