14:37 14-03-2016
საბურთალო-გურია 4:2 - ხარაიშვილი! [VIDEO]
AutoSharing Option
აი, ასეთი წარმატებული დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში მასპინძელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, პაოლო ფრანკო მარტინის, რომლის შეგირდებიც მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეულად მოტივირებულად გამოიყურებოდნენ და მეტოქეც, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვეს.
რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გარჯაც: "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა ამ სეზონში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და უმაღლეს ლიგაში შესრულებულ პირველ ჰეთ თრიკსაც ალალად იმსახურებდა!
პირველი გოლი ხარაიშვილმა ეშმაკურად შესრულებული "სტანდარტულით" შეაგდო (სტუმართა მეკარის პოზიციური შეცდომაც აღსანიშნავია), მერე პენალტი შეასრულა ზუსტად, მესამე კი ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა (ცოტა რიკოშეტიც "მიეხმარა").
თუმცა, ამ სამი გოლის გარდა, ხარაიშვილმა მთელი მატჩი ისე ჩაატარა, როგორც გუნდის ნამდვილ ლიდერს შეშვენის: ინდივიდუალურ ოსტატობასაც ავლენდა 90 წუთის განმავლობაში და წუნს ვერც გუნდურ თამაშში მოუძებნიდა ვინმე.
მოკლედ, გუშინ ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა ამ უდავოდ ნიჭიერ ბიჭს და უკვე იმის თქმაც შეიძლება ხმამაღლა, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია "სეზონის საუკეთესო დებიუტანტობაზე", სწორედ გიორგი ხარაიშვილს!..
ორივე გუნდს უცხოელი სპეციალისტი მოძღვრავდა. "საბურთალოს" შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი იყო, სტუმართა გუნდში კი შვიდმა უცხოელმა მიიღო მონაწილეობა! თუმცა, ერთი-ორის გარდა, ამ უცხოელმა ფეხბურთელებმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვეს.
თუმცა, ის კი უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა "უკრაინულ" გოლებს ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა: "საყრდენმა" დმიტრო ზოზულიამ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარის ახლო კუთხეში, პირდაპირ "ცხრიანს" დაუმიზნა, ხოლო ევგენი მოროზენკომ შეცვლაზე შემოსული პანამელი ტომას როდრიგესის ფლანგური პასის მერე იხეირა.
სხვათა შორის, ამ მომენტში მასპინძლები მოედანზე 10 კაცით იყვნენ: სამივე შეცვლა შესრულებული იყო, ელვინ ტერამ კი ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ამ ეპიზოდზე კი ყურადღებას შემთხვევით არ ვამახვილებთ: ეს იყო "გურიის" პირველი გააზრებული კომბინაცია მთელი მატჩის განმავლობაში და იმასაც შეგახსენებთ, რომ უკვე ...90-ე წუთი იწურებოდა...
"საბურთალომ" გუშინდელ მატჩში იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც მეორე წრის დაწყებიდან ჩატარებულ წინა ... ოთხ შეხვედრაში; თანაც, მასპინძლებს სხვა ეპიზოდებშიც შეეძლოთ გოლის გატანა: ანდრო სოფრომაძის სახიფათო "თავური" რობერტ იმერლიშვილმა მშვენიერი რეაქციით მოიგერია, გურამ გოშთელიანს და რატი ცაცკრიალაშვილს მიზანმა ოდნავ უმტყუნათ, გიორგი ხორხელმა კი ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა ხორხელმა მანამდე მოასწრო გოლის გატანა: ნოდარ იაშვილის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ზუსტი თავური დარტყმით გადაგზავნა კარში.
აი, ასეთი უხვგოლიანი გამოდგა გუშინდელი მატჩი, რომელიც მასპინძელთათვის, სავარაუდოდ, კრიზისის დაძლევის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ, აი, "გურიის" თამაშში კი აშკარად შეინიშნებოდა, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემა ჰქონდათ; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "გურიის" მოთამაშეებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა უჭირდათ, თანაც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
13.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო მოედანი)
საბურთალო-გურია 4:2
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (45), 2:0 ხარაიშვილი (49-პენ), 3:0 ხარაიშვილი (66), 3:1 ზოზულია (64), 4:1 ხორხელი (78. იაშვილის პასით), 4:2 მოროზენკო (90. როდრიგესის პასით)
საბურთალო (4-1-3-2): გოშაძე - ნ. იაშვილი, თოთაძე, მამუჩაშვილი, ნადარაია (69. ხორხელი) - ტერა - სოფრომაძე, ცაცკრიალაშვილი, ხარაიშვილი - ფანცულაია (83. გვარაძე), გოშთელიანი (77. კოხრეიძე).
სათადარიგოები: რუხაძე, ლაკვეხელიანი, ქოჩორაშვილი, ქურდაძე
მწვრთნელი: პაოლო ფრანკო მარტინი
გურია (4-2-3-1): იმერლიშვილი - ლ. ნოზაძე, ჩადუნელი, ბენეტი, ზ. გელაშვილი - ზოზულია, კვეკვესკირი - გამყრელიძე (79. კახელიშვილი), მოროზენკო, ალავერდაშვილი (87. როდრიგესი) - ჟუნიორი (72. შტანდერი).
სათადარიგოები: კილაძე, იოვანოვიჩი
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
გაფრთხილება: ზოზულია (20), ხარაიშვილი (35), ნოზაძე (48), ცაცკრიალაშვილი (51), თოთაძე (71)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა
18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი
19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული